კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქრუაშვილი - მსხვერპლი თუ დამნაშავე

1 ოქტომბერი, 2007

25_agv_vin_mfarvelobs.gif27 სექტემბრის საღამოს დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლითაა ბრალდებული. პროკურატურა მას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში, თანხების გათეთრებაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს. ოქრუაშვილთან ერთად დაკავებულნი არიან  მისი დაცვის წევრები და მძღოლი. ოქრუაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ 29 სექტემბერს განიხილავს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, ოქრუაშვილი ბრალდებებს უარყოფს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. 

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „იმედში“ გაკეთებული სკანდალური განცხადებები. მან უმძიმესი ბრალდებები წაუყენა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს.

28 სექტემბერი, დილის საათები

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირადად დაკითხონ.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გენერალურ პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელთა სპეციალური ჯგუფიც იძიებს.

ამ დროისთვის თბილისში, სანაპიროს #10-ში მდებარე, ოქრუაშვილის პარტიის ოფისი სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული და  დალუქულია. წუხელ იქ ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკა ჩატარდა, აგრეთვე, ოქრუაშვილის ბინასა და მისი მშობლების, ტყვიავში მდებარე სახლში, საიდანაც, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, ყოველგვარი აღწერის გარეშე, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. თავად ადვოკატს კი ჩხრეკაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილების ტყვიავის ბინიდან 12 თოფია ამოღებული.

ადვოკატმა ეკა ბესელიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. მოდულის შენობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა. ბესელიამ ოქრუაშვილს, მისივე თხოვნით, ლოცვანი და მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები შეუტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს პრეტენზიები აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რადგან მას დაკავებისას უფლებები არ გააცნეს. ბესელიას ინფორმაციით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თავს ნორმალურად და მხნედ გრძნობს.

როგორც ბესელიამ საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსს“ განუცხადა, ოქრუაშვილმა მას ქართველი ერისადმი მიმართვა გამოატანა. მიმართვაში ოქრუაშვილი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს ხმა აიმაღლოს ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ.

ადვოკატის აზრით, ირაკლი ოქრუაშვილის უსაფრთხოების  გარანტიები არ არსებობს, რადგან „ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

28 სექტემბერი, დილის საათები

პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას აშშ-დან ეხმაურება და პოლიტიკურად აფასებს:
„არ აქვს მნიშვნელობა, ემთხვევა თუ არა ჩემი პოზიციები ოქრუაშვილისას, არის თუ არა ის დამნაშავე... რაც  მოხდა, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა დაიწყო, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია! ვეცდები აშშ-ში ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად გამოვიყენო, ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე მთავარი თემა სწორედ ეს ფაქტი იქნება”, - აცხადებს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, იურისტი ანა დოლიძე, პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას აპირებენ.

28 სექტემბერი: 11:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი იმართება. მმართველი პარტიის წევრები ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ მას რადიკალური განცხადებების წყალობით პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტიების მიღება არ გამოუვიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოქრუაშვილის დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონი ყველასთვის ერთია:
„მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და განცხადებებისა, თუ პიროვნება თანამდებობას ბოროტად გამოიყენებს და ფულს მოიპარავს, კანონის უზენაესობა ყველაზე გავრცელდება“, - აცხადებს ბოკერია.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის დაპატიმრება მის მიერ გაკეთებულმა რადიკალურმა განცხადებებმა კი არ გამოიწვია, არამედ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა „აბსურდული ბრალდებები“ ხელისუფლებას სწორედ დაპატიმრების შიშით წაუყენა.

ბოკერიამ „ისტერიკული“ უწოდა ოპოზიციის რეაქციას ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა განსაკუთრებით „ხელმოცარული პოლიტიკოსები გააღიზიანა“.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის მხარდამჭერების „ისტერიკას“ ისიც ადასტურებს, რომ ოპონენტების გუშინდელ გამოსვლებში რამდენჯერმე გაისმა სიტყვა „დამხობა“:
„ღმერთი არავის გაუწყრეს და ძალისმიერი მეთოდებისკენ ხელი არ წაუცდეს. სახელმწიფოს პასუხი ძალზე მკაცრი და ადეკვატური იქნება“, - აცხადებს ბოკერია.

პარლამენტის ვიცეს-პიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი სამართალდამცავ ორგანოებს მოსთხოვა, შეისწავლონ ოქრუაშვილისა და მისი თანამოაზრეების ბრალდებები და დაადგინონ, აქვთ თუ არა მათ საკუთარი ბრალდებების დამადასტურებელი მასალები.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის დავით კირკიტაძის აზრით კი, „ქვეყანაში არანაირი ცეცხლი არ ანთია და ვინც ამ ცეცხლის დანთებას შეეცდება, ხელისუფლება ადეკვატურ პასუხს გასცემს“.

28 სექტემბერი, 14:00

ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამეტის შენობის წინ, რომელსაც პოლიტიკური ოპოზიცია მართავს და ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა 27 სექტემბრის ღამეს ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ აქციას არ უერთდება საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია „ახალი მემარჯვენეები“. როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „“ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ისინი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დაგეგმილ, ოპოზიციის საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

გამყრელიძე ავანტიურისტებად მიიჩნევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოქრუაშვილს  და აცხადებს, რომ მსგავს აქციებში მონაწილეობა ქვეყანას ცუდად შემოუბრუნდება, რადგან „ბოკერიასა და ოქრუაშვილს შორის განსხვავება არ არის“.

„1991 წელს გამსახურდია საკუთარმა უახლოესმა გარემოცვამ დაამხო, 2003 წელს საკუთარმა გარემოცვამ შევარდნაძე ჩამოაგდო. ამ გადატრიალების შემდეგ უკეთესი რეჟიმი მივიღეთ? დღეს უკვე ისმის მოწოდებები სააკაშვილის რეჟიმის ჩამოგდებაზე, სააკაშვილ-ბოკერიას ჩანაცვლებას ოქრუაშვილ-ქარელ-ნიკოლეიშვილით,  აზრი არა აქვს“, - აცხადებს გამყრელიძე.

„მემარჯვენეების“ ლიდერის თქმით, ისინი არ აჰყვებიან ავანტიურისტებს და შეეცდებიან, არჩევნების გზით შეცვალონ არსებული ხელისუფლება.

პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები, „ხალხის პარტიის“, რესპუბლიკური პარტიის, ლეიბორისტული პარტიის, „ქართული დასის“, „საქართველოს გზის“, პარტია „მამულიშვილისა“  და პარტია „თავისუფლების“, „ჩვენ თვითონისა“  და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ლიდერები და წარმომადგენლები იმყოფებიან.

28 სექტემბერი: 15:00

„ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, სასამართლომ კორუფციაში ბრალდებული, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლა“, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ავრცელებს. მისი თქმით, ქიტოშვილმა თავად გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი და მისი ჩვენებების საფუძველზე ოქრუაშვილს გამოძალვის მუხლი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების მუხლით შეეცვალა.
გვარამიას განმარტებით, ყოფილ დეპუტატ ჯემალ სვანიძის ჩვენებებმა ქიტოშვილის ჩვენებები დაადასტურა.

გვარამიამ ისიც აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დაპატიმრებისას ირაკლი ოქრუაშვილს საკუთარი უფლებები არ გააცნეს. მისი განმარტებით, ოქრუაშვილის ოფისში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსცესების თავიდან ასაცილებლად, ოქრუაშვილს საკუთარი უფლებები შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში გააცნეს.

რუსული მედია ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტი რუსული მედიის წამყვანი თემა გახდა.

ოქრუაშვილის დაკავების თემას ვრცელ სიუჟეტებს უძღვნიან რუსეთის წამყვანი ტელეკომპანიები: „НТВ“, „РТР“, „ОРТ“ და „РЕН ТВ“.

რუსული ტელეკომპანიების მიმომხილველების აზრით, საქართველოში ახალი წინასარევოლუციო სიტუაცია შეიქმნა.

საქართველოში „მოსალოდნელი რევოლუციის“ თემას უფრო ფართოდ მიმოიხილავენ რუსული ბეჭდვითი ორგანოები. „ობშაია გაზეტას“ მტკიცებით, საქართველოში ხელისუფლებისთვის კლანები იბრძვიან და სააკაშვილმა ოქრუაშვილს „ციხეში გამოკეტვა“ დაასწრო.

„იზვესტიას“ მტკიცებით, დაპატიმრება, პირველ რიგში ოქრუაშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს და შესაძლოა „საქართველო კვლავ სამოქალაქო ომის ცეცხლში გაეხვიოს „.

რადიო „მაიაკის“  მიმომხილველები პირდაპირ აცხადებენ, რომ ოქრუაშვილმა საკუთარი განცხადებებით, რუსეთის ხელისუფლებას ბევრი კოზირი მისცა.

რადიო „ეხო მოსკვის“, ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მსხვილმაშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამის თავიდან აცილებისთვის ყველანაირი ბერკეტი გააჩნია.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა გაერკვია ჰყავს თუ არა საქართველოს ე.წ. პოლიტპატიმრები:

პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი: დღეს საქართველოს პოლიტპატიმრებიც ჰყავს და სინდისის პატიმარიც, ეს ირაკლი ბათიაშვილია. ის ხომ სწორედ საკუთარი მოსაზრებების გამო დააპატიმრეს. დანარჩენ შემთხვევაში კი არსებობენ პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანები, რომლებსაც საქმე მოსამართლეებმა შეუკერეს. დაახლოებით ორი წლის წინ შალვა რამიშვილი სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი ტელე-წამყვანი იყო, ხელისუფლებას არ აწყობდა მისი აქტიურობა და სწორედ გააბეს იმ პროვოკაციაში, რომელსაც სამწუხაროდ, წამოეგო. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მართალია მისი დაკავების მოტივად სულ სხვა მიზეზები დასახელდა და ის ბრალდებები წაუყენეს, რაც სავსებით შესაძლებელია, რომ მან მართლაც ჩაიდინა, მაგრამ რაკიღა ის პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დააკავეს, ის უკვე აშკარად პოლიტიკური პატიმრის კატეგორიაში გადის. აშკარაა, რომ ოქრუაშვილი ჩუმად რომ ყოფილიყო და ხმა არ ამოეღო, მას არც დააპატიმრებდნენ.

ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის": მართალია ჩვენი ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ საქართველოს პოლიტ-პატიმრებიც ჰყავს და სინდისის პატიმრებიც. მას შემდეგ რაც ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, სწორედ მას შემდეგ გადაწყდა მისი დაკავებაც. თუმცა, ოქრუაშვილის დაპატიმრება ჯერ კიდევ მაშინ იგეგმებოდა, როდესაც მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა. მართალია, ის სრულიად სხვა მოტივაციით დააკავეს, მაგრამ მთავარი მიზეზი მისი დაკავებისა, სწორედ მისი განცხადებები იყო. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენს ხელისუფლებას ოქრუაშვილის კორუმპირებულობა არ გახსენებია, ის როგორც გმირი და როგორც დამსახურებული მინისტრი ისე გააცილეს ამერიკაში სასწავლებლად, მაგრამ როგორც კი ოქრუაშვილი ალაპარაკდა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მაშინვე დააკავეს. 

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: საზოგადოებაში უკვე საკმაოდ დიდი დავაა დაწყებული იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარი. ხელისუფლება თვლის, რომ ოქრუაშვილი კრიმინალური დანაშაულისათვის დაიჭირეს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება და ის პოლიტპატიმარია. საბოლოო დასკვნისათვის ძიების შედეგებია საჭირო. მიხეილ მაჭავარიანმა იმ ბრალდებების გადამოწმება მოითხოვა, რა ბრალდებებიც ოქრუაშვილმა „იმედის“ ეთერში გამოთქვა, თუკი აღნიშნული ბრალდებები დადასტურდა, მაშინ ის სწორედ მოწმის დამალვისა და პოლიტიკური კონკურენტის თავიდან მოშორების მიზეზით არის დაკავებული. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია და კამათი ნამდვილად არ აღიქმება, როგორც მართალი ადამიანის ბრძოლა უსამართლობასთან. ეს უფრო ერთიდაიგივე პოლიტიკური ორიენტაციისა და ეთიკის მქონე ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებად შეიძლება მოვიაზროთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 27 სექტემბერს განვითარებული მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ ხელისუფლების ქმედება უფრო და უფრო უკონტროლო ხდება. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ათი ადამიანის დაპატიმრება, ჟურნალისტებისთვის კამერის ჩამორთმევა და მათთვის საჯარო ინფორმაციის გავრცელებაში ხელის შეშლა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არადემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყნებისთვის მიუღებელია. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ  დღემდე არავინ იცის, სად და რა პირობებში იმყოფებიან 27 სექტემბერს დაკავებული პირები.

,,ადამინის უფლებათა ცენრტის“ თვალსაზრისით ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება და მისთვის ბრალდებების წაყენება სახელმწიფოს მხრიდან არის არა  კრიმინალის დასჯის მცდელობა, არამედ პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალებისა და სხვა ოპოზიციური პარტიების დაშინების სურვილი. ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო წინასაარჩევნო რეპრესიების პირველი ნაბიჯი და უნდა ველოდოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება უფრო და უფრო დაიძაბება. 

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები