კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ეზოები ავტოფარეხებისაგან თავისუფლდება

2 ოქტომბერი, 2007

ხმაური იყო დღეს ყაზბეგის 3 ნომერში. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ეზოში განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟს ახორციელებს. უკმაყოფილო მოსახლეობამ სახალხო დამცველის ოფისს უკვე მიმართა. მათი  განცხადებით, თუ ამანაც არ უშველათ, მაშინ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის დადგენილება წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, „თბილისის მთავრობა ადგენს, რომ თბილისის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საერთო სარგებლობის მიწებზე, გამწვანების ზოლში, პარკებში, სკვერებში, ტროტუარზე, სათამაშო მოედნებზე უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

„ჩვენ ადამიანები ვართ თუ ცხოველები? მალე ალბათ სახლებიდანაც გამოგვყრიან და ქუჩაში დაგვტოვებენ. მაგათ რა ენაღვლებათ“, - აღშფოთებას ვერ მალავდა უკმაყოფილო მოსახლეობა.

ავტოფარეხების დემონტაჟი მოსახლეობის პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საგანგებო დავალებათა ოპერატიული განყოფილების წარმომადგენელმა გიორგი გაბეჩავამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადა, მოსახლეობას არ გააჩნია არანაირი საბუთი, რომელიც ავტოფარეხების კანონიერებას ადასტურებს: „მათ არც ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არც საკადასტრო რუკა არა აქვთ, ასე რომ ეს ავტოფარეხები უკანონოა და ისინი დემონტაჟს ექვემდებარება“.

მიუხედავად გაბეჩავას განცხადებისა, რომ მოსახლეობას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა არ გააჩნია, იქვე ეზოში მოიძებნა ორი ქალბატონი, რომლებმაც დასახელებული საბუთები წარმოადგინეს:

„არავის უთქვამს ჩემთვის ავტოფარეხი საჯარო რეესტრში გაატარეო, მაგრამ 2005 წელს მიწაც და ავტოფარეხიც საკუთარი სურვილით დავიკანონე. ჩემი და კიდევ 10 ავტოფარეხი კორპუსთან ერთად 1959 წელს აშენდა. ყველა ავტოფარეხი დატანილია ტოპოგრაფიულ რუკაზე. ცოტა ხნის წინ მოვახერხეთ და ავტოფარეხი შევაკეთეთ, რამდენიმე დღის წინ კი გამოგვიცხადეს, ავტოფარეხები უნდა დაინგრესო“, -  აღნიშნავს ნანა ღლონტი.

გაბეჩავა გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს და ქალბატონები დაამშვიდა, ალბათ თქვენს გარაჟებს არ დაანგრევენო. თუმცა, როგორც მათ განაცხადეს, ზედამხედველობის სამსახურის ვაკე-საბურთალოს რაიონის განყოფილების უფროსის ირაკლი კვარაცხელიას თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და შესაძლებელია მათი ავტოფარეხებიც დაინგრეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ე.წ. (თუ ვირტუალურ) ირაკლი კვარაცხელიას ესაუბრა. კომენტარის ჩაწერის შემდეგ, როდესაც ამ პიროვნებას სახელის, გვარისა და თანამდებობის დასახელება ვთხოვეთ, მან სრული სერიოზულობით განგვიცხადა, რომ ის ირაკლი კვარაცხელია იყო. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ირაკლი კვარაცხელია კი არა მისი თანამშრომელი და მეგობარი ყოფილა, „ხუმრობა“ კი ამ არგუმენტით გაამყარა: „თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს კომენტარს ვინ გააკეთებს, ირაკლიც იგივეს გეტყოდათო“.

ავტოფარეხების დემონტაჟთან დაკავშირებით კომენტარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, დავით ავალიანს ვთხოვეთ:

„ავტოფარეხების დემონტაჟი თბილისში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. დედაქალაქის ტერიტორიაზე დაახლოებით 2000-ზე მეტი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, ყველა ავტოფარეხი 1992/93 წლებში გამგეობის გადაწყვეტილებით მოსახლეობას დროებით სარგებლობაში გადაეცა. გამგეობის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ გამგეობის პირველივე მოთხოვნისთანავე ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს. გამგეობის მემკვიდრე ამჟამად თბილისის ზედამხედველობის სამსახურია და დემონტაჟსაც სწორედ ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. იმის მაგივრად, რომ თავად მოსახლეობას გაეწია ხარჯები და საკუთარი სახსრებით განეხორციელებინათ ავტოფარეხების დემონტაჟი, ჩვენ მათ ვეხმარებით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვათავისუფლებთ ტერიტორიას ავტოფარეხებისგან“, - აცხადებს დავით ავალიანი.

როგორც დავით ავალიანი ამბობს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად მიუდგება: „შევისწავლით თითოეული მოსახლის მდგომარეობას და თუ მათ ავტოფარეხი სრული კანონის დაცვით აქვთ მფლობელობაში, მაშინ მათი დემონტაჟი არ განხორციელდება. საერთოდ არ არის მიზანშეწონილი, რომ ეზოში თუნდაც ერთი ავტოფარეხი მაინც დარჩეს, მაგრამ თუკი ის კერძო საკუთრებაა, მას არ შევეხებით. უბრალოდ მოსახლეობამ მათი ფასადების შეკეთებაზე უნდა იზრუნოს“, - აცხადებს ავალიანი.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, ტერიტორიას მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩაუტარდება: „გვერდით ეზოში უკვე მიმდინარეობს მსგავსი სამუშაოები. ასეთივე სამუშაოები ჩატარდება ამ ეზოშიც. ხოლო თუ რა განთავსდება ავტოფარეხების ადგილას, ეს უკვე მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული, - ზოგს სტადიონი სურს, ზოგს სათამაშო მოედანი და სკვერი, ეზო მათი მოთხოვნისამებრ მოეწყობა“, - ამბობს დავით ავალიანი.

მისივე თქმით, იმ მანქანებისათვის, რომელთა ავტოფარეხებიც დაინგრევა, გათვალისწინებული იქნება სპეციალური სადგომი.

მოსახლეობის თქმით კი, მათ ისღა დარჩენიათ ღამეები ფანჯარასთან, მანქანების ყარაულობაში გაათენონ.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი  

ახალი ამბები