კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის „მოხეტიალე“ ნაგავსაყრელის ბედი კვლავ გაურკვეველია

4 ოქტომბერი, 2007

ქობულეთის მკვიდრს, ნაგავსაყრელის მისამართს თუ შეეკითხები, მინიმუმ ორ მისამართს მაინც გეტყვის. ნაგავსაყრელი აქ, ყოველწლიურად, ზოგჯერ კი ყოველთვიურადაც კი იცვლის მისამართს.

„მოხეტიალე“ ნაგავსაყრელის 25 წლიანი ისტორია კი ყოფილი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება.
რუსთაველის ქუჩის სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებიდან, ისპანის დასახლებისკენ მიმავალ გზას ადგილობრივ მეგზურთან ერთად გავუყევით. მან ვინაობის დაფარვა გვთხოვა: „მრცხვენია ჩემზე რომ წაიკითხავენ, გაჭირვებული კაცი ვარ. აი, დღეს რა ვივაჭრე“ და კილოგრამამდე ხახვსა და შაქარს მაჩვენებს, რომელიც ერთ ხელში უჭირავს, მეორეთი კი ჯართი მოაქვს, ახლოხანს ნანგრევებში რომ იპოვა - „შევაგროვებ და შემდეგ ვაბარებ, ცოტა ფულს ამით ვშოულობ“.

ვიწრო გზას მტვერი ასდის. მეგზურს უხარია, რომ გზას „უკეთებენ“. გაკეთებაში კი იმას გულისმობს, რომ დაჭაობებულ ადგილს ქვიანი მასალით ავსებენ. „ჭაობიანი რომაა ადგილი, ხშირად იწევს ქვემოთ“, მიხსნის ის.

ასი მეტრი ძლივს გვქონდა გავლილი, გზის ნაპირთან ახლოს დაყრილი ნაგვის გროვა გამოჩნდა. თანამგზავრი ამბობს, რომ ეს ნაგავი, რამდენიმე თვის წინ დაყარეს აქ, „ცოტა ზემოთ კი მთავარი ნაგავსაყრელია“. იქ კი გზის გაგრძელება მარტოს გვიხდება. კაცმა ეზოს გადაგრეხილი მავთულებისგან შეკრული ჭიშკარი გახსნა და ეზოში შესულს, უკმაყოფილო ცოლის მოთხოვნები დახვდა, ხმა უკვე გზად გვეესმოდა, ,,რატომ არ იყიდეო’’.

კიდევ სულ ათიოდე სახლი და ნაგავსაყრელიც გამოჩნდა. სუნი კი თანდათან უფრო გამძაფრდა...
ნაგავი, ერთსართულიანი შენობის ეზოში ყრია.  ნაგავში მდგომი ძროხა ცელოფნის პარკს შეექცევა. ეზოში ოც წლამდე გოგო, სვეტა ფუსფუსებს.. გაცნობის შემდეგ, შინ ყავაზე მიგვიპატიჟა. თუმცა, სიტუაციაში რაიმეს დალევა დიდი რისკია.

შარშან, ამავე ნაგავსაყრელზე, 14 წლის ვოვას  ჯართის შეგროვებისას ხელყუმბარა აუფეთქდა და დაიღუპა. აღმოჩნდა, რომ სწორედ, მის ოჯახში აღმოვჩნდით.

„ჩემი შვილის სიცოცხლე აქ დასრულდა... მაგრამ მაინც ამ ნაგავსაყრელით ვირჩენდით თავს. ახლა შემოსავლის წყარო დავკარგე, რა ვქნა? ნაგავში ხან ბოთლებს და ხან სპილენძს ვპოულობდი და ბედს არ ვუჩიოდი. აგვისტოდან ნაგავსაყრელი ნატანებში გადაიტანეს და ჩემი ქმარი იქ მიდის საშოვნელად. აი, სულ ესაა ჩემი უბედური ისტორია“, ჩივის  ძაძებში შემოსილი ლელა ბერიძე.

„აი, იმ ცხემლის ხეებთან, იქეთ რომ მოსჩანს,“ დაახლოებით ასი მეტრის იქით უთითებს ბერიძე, „იქ იყრებოდა პირველად ნაგავი. მერე თანდათან მოაჩოჩეს, მოაჩოჩეს და აგერ, სახლთან დამიყარეს. წელს აგვისტოში, აქ რომ ამერიკულ-ქართული სამხედრო ბაზა შეიქმნა, თავდაცვის მინისტრი მოდისო და სილა-ხრეში შემოიტანეს და ნაგავი ცოტათი  ,,დამარხეს“.

ბერიძეს ნაგავსაყრელზე მეტად უსახლკარობა უქმნის პრობლემას: „სახლი დასუფთავების კანტორას ეკუთვნოდა. მე, როგორც უპატრონო, დავრჩი ამ სახლში, შემდეგ ‘’რაიკომს’’ ექვემდებარებოდა. ახლა კი მითხრეს ნახე ვინმე ნათესავი და მასთან წადიო. ჩვენ კი წასასვლელი არსად გვაქვს...6 ოქტომბერს სვეტაც სუფსაში თხოვდება და ქმართან ერთად ‘ბინას“ ქუჩაში მოვძებნით...“

ნაგავსაყრელის ისტორია სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ეზოში გრძელდება. მისამართი რუსთაველის ქუჩა, #138-ია.
ადგილობრივების თქმით, ნაგვით დატვირთული მანქანა ხშირად უნახავთ სამსახურის ეზოში შესული. როგორც მოგვიანებით გაიგეს, შენობის უკანა მხარეს მინდორში ყრიდნენ ნაგავს. „ქობულეთს ბუზი არ ახსოვს, წელს კი ბუზის საკლავისთვსი ხელი არ გამიშვია... ფანჯარას ხომ ვერ ვხსნიდი, ტურისტებიც გაწამდნენ. ნაგავს მათივე სამსახურის უკან აგროვებდნენ და შემდეგ უნდა წავიგოთ ბათუმშიო“, ამიხსნეს იქვე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმა.
სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში არ უარყოფენ ფაქტს, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ „ნაგავი ბათუმში უნდა ჩაგვეტანა. ნახევარ მანქანას ხომ არ გავაგზავნიდით... ახლა ნატანებში მიგვაქვს“.

სხვადასხვა დროს, რამდენიმე კვირით, საყოფაცხოვრებო ნარჩენები თავისუფლების ქუჩის ბოლოშიც იყრებოდა. ანტისანიტარიისგან შეწუხებულმა მოსახლეობამ ამის გამო  აქციაც გამართა, რის შემდეგაც ნაგვის დაყრა იქ შეწყდა და სოფელ გვარაში, ქობულეთის ერთ-ერთ ახლო სოფელში, გაგრძელდა. თუმცა, „მოხეტიალე“ ნაგავსაყრელი არც იქ დაუჩერებიათ დიდხანს და კვლავ ისპანის დასახლებისკენ გადაიტანეს.

„მოხეტიალე“ ნაგავსაყრელის საბოლოო მისამართი ნატანებშიც არაა. თუ რამდენ ხანს „დაიდო ბინა“ ნაგავსაყრელმა იქ, ამას ქობულეთის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებშიც ვერ პასუხობენ. 

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები