კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხში ბრუცელოზი მძვინვარებს

4 ოქტომბერი, 2007

"ვეტერინარული სამსახურის მიერ პრევენციული ზომები დროულად რომ გატარებულიყო, დაავადება ადამიანებზე არ გავრცელდებოდა".

ლაგოდეხში ბრუცელოზი მძვინვარებს. დაავადების შემთხვევები ათამდე სოფელში გამოვლინდა. მძიმე ვირუსული ინფექციით 26 ადამიანია დაავადებული. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ საგანგაშო არაფერია და ეპიდემიას გამორიცხავენ. მოსახლეობა შველას ითხოვს.

ბრუცელოზის მასიური შემთხვევები დაფიქსირდა სოფელ რაჭისუბანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ პირუტყვი დაკლა ან გაყიდა, რამდენიმე ძროხა დაავადებისგან თავად მოკვდა. სოფლის მცხოვრებთა თქმით, დაავადების შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. რძისა და ყველის საკვებად გამოყენებისა და დაავადებულ პირუტყვთან შეხების შედეგად, საქონლიდან დაავადება ადამიანებსაც გადაედოთ.

"რამდენიმე თვის განმავლობაში სახსრების ძლიერი ტკივილები მქონდა და სისუსტეს ვგრძნობდი. მაისში, როდესაც ჩვენს სოფელში ლაგოდეხის ვეტერინარული სამსახურის თანამშრომლები საქონლის შესამოწმებლად მოვიდნენ, ჩვენს კუთვნილ ძროხას ბრუცელოზი დაუდგინდა. ამის შემდეგ დავეჭვდი, რომ შესაძლოა მეც ამით ვიყავი დაავადებული, რადგან ძროხების მოწველა ყოველდღიურად მიწევდა. ექიმს გავესინჯე და ბრუცელოზის ოთხი ჯვარი აღმომაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი განკურნება აღარ მოხდება და ვირუსული ინფექცია სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო",- გვითხრა თინა ლობჟანიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ბრუცელოზის დიაგნოზით მარტო ამ სოფლის 5 მკვიდრი მკურნალობს. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს.

"ხუთი ადამიანი ინფექციური დაავადების მწვავე ფორმით სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობს, მაგრამ სისხლის ანალიზი ყველას არ გაგვიკეთებია. სოფელში არც სპეციალისტები მოსულან ჩვენს შესამოწმებლად. შესაძლოა ბრუცელოზით უფრო მეტი ადამიანიც არის დაავადებული", - ამბობენ რაჭისუბნელები.

რაჭისუბანში 70-მდე ოჯახი ონის რაიონიდან გასული საუკუნის დასაწყისში ჩამოასახლეს. ამჟამად იქ 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის თავის რჩენის ძირითად წყაროს მესაქონლეობა წარმოადგენს, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში ბრუცელოზი მძვინვარებს, აქაურებს 100 სული საქონლიდან მხოლოდ რამდენიმე ძროხაღა შემორჩათ.

"ჩვენი ძირითადი შემოსავალი საქონელი იყო. რძეს ვყიდდით, ყველს, მაწონს და პურის ფულს ამით ვშოულობდით. ახლა რა გვეშველება არ ვიცით. ალბათ შიმშილით დავიხოცებით"- აღნიშნავს რაჭისუბნის მკვიდრი მიშა კაპანაძე.

მოსახლეობა ბრუცელოზის მასობრივად გავრცელებაში ადგილობრივ ვეტსამსახურს ადანაშაულებს. "ბრუცელოზის დაავადება პერიოდულად ჩნდება ხოლმე, მაგრამ გასულ წლებში დაავადებული საქონელი სოფლიდან მაშინვე გაჰყავდათ და სხვა საჭირო ღონისძიებებსაც ატარებდნენ. ...მთელი წელია სოფელში ეს პრობლემაა და სანამ საქონელი სულ არ დაავადდა, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვეტსამსახურის წარმომადგენლებს რამდენჯერაც მივაკითხეთ, იმდენჯერ გვიპასუხეს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს და ვერ დაგეხმარებითო. ამიტომაც დაავადმყოფდა ხალხი ბრუცელოზით"- ამბობს მარიამ კიკნაძე. მისივე თქმით, მოსახლეობამ დაავადებული საქონელი გაყიდა. `სოფელში ლაგოდეხელი და გურჯაანელი ყასბები თვითონ ჩამოდიოდნენ და ჩვენგან ძროხის ხორცს ნახევარ ფასში ყიდულობდნენ. როგორც ვიცით, შემდეგ ამ ხორცს ლაგოდეხის, გურჯაანის და თბილისის ბაზრებში მაღალ ფასში ყიდდნენ"- დასძენენ ადგილობრივები.

გურჯაანის გლეხური ბაზრის ვეტექიმის ინფორმაციით, ბაზრის ლაბორატორიაში საქონლის ხორცის ბრუცელოზზე შემოწმება ვერ ხდება, შესაბამისი აპარატურის არ ქონის გამო. "გამორიცხული არ არის, რომ დაავადებული საქონლის ხორცი რეალიზაციაში ყოფილიყო"- ამბობს სპეციალისტი.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ნუნუ ნოზაძის ცნობით, რაიონში წელს ბრუცელოზის 21 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, ეს რიცხვი საბოლოო არ არის და, შესაძლოა, გაიზარდოს იმ მოქალაქეთა ხარჯზე, რომლებმაც მკურნალობის კურსი არა რაიონში, არამედ თბილისში ან სხვა რაიონების სტაციონარებში გაიარეს. როგორც ნოზაძე ამბობს, რაიონის ვეტერინარული სამსახურის მიერ პრევენციული ზომები დროულად რომ გატარებულიყო, დაავადება ადამიანებზე არ გავრცელდებოდა.

ვეტერინარიის სამსახურის უფროსის ლევან გელაშვილის განცხადებით კი, მისი სამსახური დაავადებასთან ბრძოლაში უძლურია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ვაქცინა და მხოლოდ მოსახლეობასთან სასარგებლო რჩევებით შემოიფარგლება. "მოსახლეობის პანიკა უსაფუძვლოა. საგანგაშო არც ის არის, დაავადებული ხორცი თუ ბაზარში გაიყიდა. დაკლული საქონლის ხორცი როცა ცივდება, ბრუცელოზის ინფექციაც კვდება. დაავადებული ძროხის რძისგან დამზადებული ყველი კი თუ ორმოცი დღე მარილწყალში ინახება, საფრთხე არც აქედან არსებობს"- აცხადებს ლევან გელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბრუცელოზზე დიაგნოსტიკური გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.

ვეტერინარები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ მათ პირუტყვს კვლევის შედეგად ბრუცელოზი დაუდგინდა, აუცილებელია მისი სასწრაფოდ დაკვლა ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით.

დაკლული პირუტყვის ხორცი საკვებად გამოიყენება მხოლოდ თერმული დამუშავების შემდეგ. მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი (აუდუღარი) რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი.

გელა მთივლიშვილი კახეთი

ახალი ამბები