კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხის სკოლა-ინტერნატი – კადრები შიგნიდან

8 ოქტომბერი, 2007

მაღალი ცემენტის ღობე და დიდი რკინის ჭიშკარი. ზუსტად ისეთი, როგორიც ბავშვობაში კუდიანი დედაბრის კოშკის ჭიშკრად წარმოგვედგინა: შავი და წვეტებიანი. თუმცა განსხვავებას მისი გაღებისთანავე იგრძნობ. დიდი ჭიშკრის იქით 42 ბავშვი ცხოვრობს თავისი გატაცებებით, პატარა სიხარულებითა და უცნაური ისტორიებით.

,,72 წლის წინ როცა აქ ჯერ კიდევ ობოლ ბავშვთა თავშესაფარი იყო ჭიშკართან ვიღასაც თვეების დაუტოვებივარ. ბავშვის ტირილის ხმაზე აღმზრდელები გარეთ გამოსულან და ჩვრებში გახვეული ჩვილის დანახვაზე გაკვირვება ვერ დაუფარავთ. მიპატრონეს, სახელიც დამარქვეს გვარი კი ძიძამ ჩემმა გამზრდელმა მომცა. აქ გავიზარდე. მშობლები არ მომიძებნია, კარგები, რომ ყოფილიყვნენ ასე არ მომექცეოდნენ. 1954 წელს კი როცა თავშესაფარი სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა სიმღერისა და ფიზკულტურის მასწავლებლად დავრჩი. აქაურობის მიტოვება აზრადაც არ მომსვლია", - ყვება თავის ისტორიას როზა აბისოღომონიანი.

დათოს დედა მეათე შვილზე იყო ფეხმძიმედ, როცა ბავშვის მოცილების არასამედიცინო ხერხს მიმართა, სისხლი მოეწამლა და გარდაიცვალა. ახლა დათო ახალციხის საჯარო სკოლაში ცხოვრობს თავის და ძმებთან და ბიძაშვილებთან ერთად.

ადიგენის რაიონის სოფელ ზანავის მკვიდრი ძმები მარკოიძეების ოჯახებიდან სკოლაში შვიდი ბავშვი ცხოვრობს. ბიძაშვილები აქაურ გარემოს მიჩვეულები არიან, უყვართ სკოლაში ყოფნა და სახლში წასვლაზე არც ფიქრობენ.

,,აქ კარგია, საჭმელიც გვაქვს", - მეუბნება დათო.

მარკოიძეების ორივე ოჯახს სოფელში საცხოვრებელი სახლი არ აქვთ და  ძროხების სადგომში ცხოვრობენ, ამიტომაც ბავშვებისათვის სკოლის გარემო ბევრად უფრო მისაღები და მოსაწონია.

ქ. ახალციხის საჯარო სკოლა ანუ გონება და უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვისაა განკუთვნილი.

აქ ბავშვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩადიან: ახალციხე, ადიგენი,  ახალქალაქი, ქარელი, თბილისი.

სკოლებისათვის დამახასიათებელი ჟრიამული ეზოდან არ ისმის, თუმცა როცა ეზოში შევდივარ ბავშვები გარს მეხვევიან  და ახლოს მოსვლას ცდილობენ. მასწ - ასე მომმართავს რატომღაც ყველა მათგანი. უცხო მათთვის მასწ - არის, ახლობლებს და შინაურებს კი სახელებით მიმართავენ, უბრალოდ და თბილად. 
 
ყველაზე მეტად სურათების გადაღება მოეწონათ, სასადილო ოთახში კუთხეში მდგარ ხელოვნურ ყვავილთან ყველა მთგანმა სათითაოდ მთხოვა ფოტოს გადაღება. ზოგმა რამდენჯერაც კი ოღონდ ისევ ყვავილთან სხვა პოზაში.  
,,მასწ ახლა მე გადამიღე! - ,,მასწ მე!" მე! - მესმის ყოველი მხრიდან.
ბავშვებს ოთხჯერადი კვება აქვთ, სამზარეულოში გოგონებიცა და ვაჟებიც საქმიანობენ. მაგიდებს ერთად ალაგებენ, პატარა ფანჯრიდან მზარეულს პლასტმასის ჭიქებსაც და თეფშებს თანამიმდევრობით აწოდებენ.

სილაღე აკლიათ და ნორმალური გარემოს მიუხედავად, დათრგუნულები ჩანან. თავიან ოჯახების გაჭირვებაზე ისინი არ საუბრობენ, უფრო სწორად ამის გახსენებაც არ უნდათ, თუმცა სიხარულით მიყვებიან რა გასართობები აქვთ სკოლაში.

,,ბურთები გვაქვს, სათამაშოები, ველოსიპედები ევამ მოგვიტანა", - მეუბნება დათო.

ბავშვებისთვის შინაური და ახლობელი ევა  - ევა ბერგერია ავსტრიის კონსული საქართველოში, რომელიც სკოლის ხშირი სტუმარია.  

ბავშვებს სხვა საყვარელი სტუმარიც ჰყავთ მამა იოსები, რომელიც მათთან კვირაში ერთხელ დადის.

ეზოს მარცხენა მხარეს დიდ ქვაბში ხილის ჯემი იხარშება. ქლიავი მასწავლებლებმა იყიდეს და ზამთარში ბავშვებს ჩაიზე პურთან ერთად ჯემი ექნებათ.   
 
ბავშვების უმრავლესობა ხატავს, გასულ წელს მათი ნამუშევრების გამოფენაც ყოფილა სასტუმრო მეტეხში.

,,მე და ანგელოზები"  - ამ თემაზე შექმნილმა ნახატებმა დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა, შვიდი ნახატი სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებმა შეიძინეს", - გვითხრა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი კრაველიძემ.

გაშინაურებული ბავშვები უკვე თავიანთ სურვილებს მიმხელენ.

,,მე ექიმი მინდა გამოვიდე”, - ამბობს თეონა აბუთიძე.

,,მე მასწავლებელი გავხდები”, - მხარზე მექაჩება და თავისკენ მახედებს ნანა მიქელაძე.

,,პოლიციელი გამოვალ”, - ჩურჩულით მეუბნება დათო მარკოიძე.

ყველასგან განსხვავებულს,  სხარტ ოთარ მაზმიშვილს კი ამერიკაში წასვლა უნდა.


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები