კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულიერად დაავადებული უსახლკაროდ დატოვეს

8 ოქტომბერი, 2007

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ელიტარული სახლი უახლოეს მომავალში შესაძლოა განხეთქილების საგნად იქცეს. ბინას, რომელსაც "ცენტრ-პოინტის" შვილობილი კომპანია "სპექტრი 7" აშენებს, სულიერად დაავადებული დავით თელიას სახლი ემსხვერპლა. შესაბამისად, ქუჩაში აღმოჩნდა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა თელია, რომელიც დახმარებას თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს.

გასულ კვირას დავით თელიამ დახმარებისთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ოფისს მიმართა. თელიამ განაცხადა, რომ მისთვის არავის უკითხავს, სახლი ისე დაუნგრიეს და მშენებლობა წამოიწყეს, რომ მისი ბედი დღეს მხოლოდ "თანასწორობის ინსტიტუტს" და მეზობლებს აღელვებს, რომლებიც უსამართლობასთან ჯერჯერობით ვერაფერს გახდნენ.

"თამარ მეფის #72-ში მშენებლობის წამოწყების უფლება არავის ჰქონდა, რადგან აქ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც სახლი უკანონოდ დაუნგრიეს. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დაბრუნებულ თელიას სახლი დანგრეული დახვდა. არადა, სახლი საჯარო რეესტრით ამ კაცის სახელზე ირიცხება. ჩვენ ამ სახლის მშენებლობის კანონიერების გასარკვევად ყველა ინსტანციას მივმართეთ. ფაქტია, თელიას საკუთრების უფლება ფეხქვეშ გაითელა", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ქუთაისში გოჩა ბაძგარაძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით მშენებარე ბინის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ერთადერთი მემკვიდრე დავით თელიაა. თუმცა, დღეს იგი არავის ახსოვს. "სპექტრი 7"-ის დირექტორის მალხაზ ყიფშიძის განმარტებით, თელია მისთვის უცნობი გვარია და პირველად ესმის.

"ჩვენ ამ დღეებში "სპექტრი 7"-ის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანთ სასამართლოში. ადვოკატმა მასალები მოკვლევისთვის უკვე გადასცა პროკურატურას. თელიას ინტერესებს სასამართლოში მისი მეურვე-მეგობარი გოჩა ჭიღვარია დაიცავს. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და დავამტკიცებთ, რომ არავის აქვს თუნდაც მარტოხელა, სულიერად დაავადებული ადამიანის ქონების ხელყოფის უფლება", - აცხადებს გოჩა ბაძგარაძე.

როგორც ირკვევა, ელიტარული სახლის მშენებლობით, დავით თელიას გარდა, თამარ მეფის პარალელური ქუჩის მცხოვრებლებიც ზარალდებიან. შანიძის აღმართის მოსახლეობა აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილზე მიწა ცოცავს და წვიმიან ამინდში მათი სახლები წყლით ივსება. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, მიწა მოწყდეს და უბედურება დატრიალდეს.

მშენებლობის ორგანიზატორი ფირმის წინააღმდეგ სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ ერთ კვირაში მიიღებს. ამასობაში, ალბათ, სათქმელი პროკურატურასაც დაუგროვდება და არაერთი აქამდე უცნობი დეტალი საბოლოოდ გამჟღავნდება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები