08:56, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტის წევრი კარდენახიშვილი, შესაძლოა, დააკავონ

09.10.2007
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იოსებ კარდენახიშვილი შესაძლოა დააკავონ. გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის ბრალდებულმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის ყოფილმა გამგებელმა გაიოზ ჯაფარიძემ, ის თანამზრახველად დაასახელა. გურჯაანის მოსახლეობა კარდენახიშვილს აგურის ქარხნის ქონების უკანონო გაყიდვაშიც სდებს ბრალს. ამ თემებზე მომუშავე ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი კი დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, კარდენახიშვილის დავალებით, ის მოტყუებით ჩასვეს მანქანაში და დეპუტატმა, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად სასაფლაოს ტერიტორიაზე საქმე გაურჩია.

ჯაფარიძე კახეთის საოლქო პროკურატურამ სარწყავი სისტემის უკანონო დემონტაჟის ბრალდებით ორჯერ დააკავა. პირველად ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადა. თანხის გადახდამდე ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, სასამართლოს დარბაზში საჯაროდ დაიმუქრა, თუ გირაოს არ გადაუხდიდნენ, ყველას დაასმენდა. სამართალდამცავებმა ჯაფარიძე მეორედ გასულ წელს დააკავეს.

ვარდების რევოლუციამდე ის და კარდენახიშვილი ერთი სოფლის საკრებულოს წევრები იყვნენ. დიდი ოდენობით მილები კანონმდებლობის უხეში დარღვევით სწორედ საკრებულოს წევრთა თანხმობით არის გაყიდული. სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაყიდვას სოფლის საკრებულო მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც კარდენახიშვილი პარლამენტის წევრი გახდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით. მანამდე კარდენახიშვილი, ამავე ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა გურჯაანის რაიონში და პარალელურად გურჯაანის სამშობიარო სახლში ექიმ-გინეკოლოგად მუშაობდა.

ჩვენ დავუკავშირდით კახეთის საოლქო პროკურატურას, სადაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. პროკურატურაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ არ არის გამორიცხული ბრალდებულ გაიოზ ჯაფარიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. მოქმედი კანონმდებლობით კი საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი, ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის, მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ჩვენების მიცემაა.

კარდენახიშვილის სახელს უკავშირებენ რაიონული სამშობიაროდან ბავშვების გაყიდვის ფაქტებსაც. მასთან დაპირისპირებული თანაპარტიელები არ მალავენ, რომ კარდენახიშვილს გადეპუტატებამ მოუსწრო, თორემ მისი დაკავება გარდაუვალი იყო. ბავშვების გაყიდვის საქმე საბოლოოდ ჩაიფარცხა.

გურჯაანის მოსახლეობა საქართველოს პარლამენტის წევრს აგურის ქარხნის ქონების უკანონო გაყიდვასა და კორუფციაშიც ადანაშაულებს.

ამ საქმის ისტორია ასეთია: 2004 წლის 17 იანვარს გურჯაანის მოსახლეობამ რკინიგზის სადგურზე 35 ვაგონი ტვირთი დააკავა, რომელიც ეკუთვნოდა აზერბაიჯანელ ბიზნესმენსა და მის წარმომადგენელს საქართველოში ლევან ჩიკვაიძეს. ვაგონებში განთავსებული იყო ჩეხური წარმოების აგურის ქარხნის საწარმოო ხაზი და სხვა ჯერ კიდევ შეფუთული დანადგარები.

როგორც თელავის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში განმარტავენ, შპს "გურჯაანის აგურის ქარხნის" მიერ ტვირთი 57 ათას ლარად გაიყიდა, იმ მიზეზით რომ საწარმოს, რომელიც გაკოტრების პირას იყო, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 80 ათასი ლარი დავალიანება გადაეხადა. ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტის მიხედვით, ტვირთის საწყისი ფასი 1987 წელს, მისი საქართველოში შემოტანისას 3 მილიონი მანეთი იყო, 2001 წელს კი მისმა საბალანსო ღირებულებამ 220 ათასი ლარი შეადგინა. ტვირთის დაკავებას და მოსახლეობის წინააღმდეგობას მაშინ იმდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა, რომ გურჯაანში არა მარტო ლევან ჩიკვაიძე, არამედ მისი აზერბაიჯანელი პარტნიორიც ჩამოვიდა. ტვირთის მფლობელები მოსალაპარაკებლად რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელობას ესტუმრნენ. აზერბაიჯანელმა ბასიხოვ ფეხრედინ ელიდა ოღლიმ რაიონის იმდროინდელი საკრებულოს სპიკერს ზაზა კობიაშვილს თავი აწ გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას ახლობლად გააცნო და მოლაპარაკებაც შედგა, რომელშიც მონაწილეობას სოსო კარდენახიშვილი და ქ. გურჯაანის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე სირბილაშვილიც იღებდნენ. შეთანხმების მიხედვით, ფეხრედინ ელიდა ოღლიმ, შეძენილი ქონების უკვე გადახდილ თანხას, ზემოთხსენებული დავალიანების სრულად დასაფარად 23 ათასი ლარიც დაამატა. მყიდველმა ვაგონების მოცდენისთვის, ჯარიმის სახით რამდენიმე ათასი ლარი რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციასაც გადაუხადა და გურჯაანელებს ექვს თვეში ახალი აგურის ქარხნის ამოქმედებას დაპირდა, რის გარანტადაც ხალხს კარდენახიშვილი, კობიაშვილი და სირბილაშვილი დაუდგნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები საწყის ეტაპზე ტვირთის გატანის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ.

ეჭვი, ტვირთის მყიდველებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებს შორის კორუფციული გარიგების შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც სოსო კარდენახიშვილს ხშირად უპირისპირდებოდნენ, მაშინვე გამოთქვეს. რაიონულ გამგეობას განცხადებით მიმართეს გაკოტრების პირას მყოფი საწარმოს თანამშრომლებმაც, მაგრამ ამაოდ.

ამ თემებზე აქტიურად მუშაობდა ერთ-ერთი რეგიონული გაზეთის კორესპონდენტიც, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების პროცესში კარდენახიშვილმა დააშინა. `ზუსტად აღარ მახსოვს რა რიცხვი იყო. სამსახურიდან შინ ახალი დაბრუნებული ვიყავი, როცა გურჯაანის საკრებულოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი. მან მითხრა, რომ მანქანით სახლში გამომივლიდა. ცოტა ხანში მართლაც დამიძახეს. გარეთ გავედი. მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი, რაზედაც წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან მას კარგად ვიცნობდი. მანქანა დაძრეს და გურჯაანში წამოვედით. ავტომობილში სულ ოთხნი ვიყავით. ქალაქის გარეუბანში გაჩერდნენ. მალევე კარდენახიშვილიც ჩაჯდა მანქანაში, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ არ მომისმინეს. გზა გააგრძელეს და ტყესთან მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე გაჩერდნენ. ტელეფონი არ მქონდა თან, რომ ვინმესთვის დამერეკა. სასაფლაოს ტერიტორიაზე კარდენახიშვილმა საქმის გარჩევა და დაშინება დამიწყო, რაშიც მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. მე მას ვუთხარი, რომ მას სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, რომლითაც ჩემგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა და ყველაფერს იქ გავარკვევდით. კარდენახიშვილი ძალიან აღელვებული იყო. მიყვირა, რომ სარჩელს უკან გაითხოვდა, თუ თავს დავანებებდი. ღამე იყო უკვე, შემეშინდა და ხმა არ გამიცია. მერე თქვეს, რომ მტყუანი მე ვიყავი და უნდა გავჩერებულიყავი. სხვა შემთხვევაში დამემუქრნენ. სახლში მხოლოდ ამის შემდეგ დამაბრუნეს. დეტალებს ვერ ვიხსენებ, რადგან მაშინ ძალიან ვღელავდი" - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ ის რამდენჯერმე კიდევ დააშინეს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასაც.

იოსებ კარდენახიშვილმა მისდამი წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარი მხოლოდ ჯაფარიძის საქმეზე გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უსაფუძვლოს უწოდებს ჭანდრის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ დეპუტატი სარწყავი მილების უკანონოდ გაყიდვაში მისი თანამზრახველი იყო.

როგორც კარდენახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, როდესაც გაიოზ ჯაფარიძე  გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდრის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, იგი საკრებულოს ჩვეულებრივი წევრი იყო. სწორედ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კოროზირებული მილები უნდა გაეყიდათ და ფული ისევ სოფელს მოხმარებოდა. დეპუტატის თქმით, მას ხელი მოწერილი აქვს მხოლოდ ერთ საბუთზე, რომლის მიხედვითაც სოფლის საკრებულომ კოროზირებული მილების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

"გაიოზ ჯაფარიძეს ვისთან და რომელ ბიზნესჯგუფთან ჰქონდა კავშირი და რა თანხებზეა საუბარი, ჩემთვის უცნობია",-აღნიშნა დეპუტატმა.

როგორც კარდენახიშვილი აცხადებს, მილების გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მას ჰქონდა საუბარი ჯაფარიძესთან, რომელსაც სთხოვა, ყველაფერი გადაემოწმებინა, რადგან იურისტი არ იყო და ზოგიერთ საკითხში ვერ ერკვეოდა.


გელა მთივლიშვილი კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC