კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განუკითხაობა ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონში

9 ოქტომბერი, 2007

განათლების სამინისტროს ბავშვთა სახლში არსებული დარღვევები არ ადარდებს

იცოდა, რომ სერტიფიცირებული იყო სპეციალობაში "შინაგანი სნეულებანი", მაგრამ ერთი წლის განმავლობაში უკანონოდ მკურნალობდა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ექთანისთვისაც ცნობილი იყო, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ბავშვებისთვის წამლები არ უნდა მიეცა, თუმცა მაინც აძლევდა. ამ ყველაფრის შესახებ იცოდა ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლის დირექტორმაც, მაგრამ რეაგირებას არ ახდენდა.

დარღვევა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ნახეს, რომლებიც სკოლა-პანსიონების მონიტორინგს ახორციელებენ.

"დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა თერაპევტი და არა პედიატრი. ასევე ექიმის არ ყოფნის დროს, მისი დანიშნულების გარეშე სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს წამლებს აძლევდა ექთანი. აღნიშნული ჩავთვალეთ დარღვევად და მივმართეთ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა შეესწავლათ სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონში დაფიქსირებული სამედიცინო საქმიანობის დარღვევის ფაქტები"- განაცხადა ჩვენთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მერიკო მაღლაფერიძემ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სკოლა-პანსიონის ექიმი ლელა მაჭარაშვილი სერტიფიცირებულია სპეციალობაში  `შინაგანი სნეულებანი~ და უკანონო საქმიანობას ეწევა პედიატრიის პროფილით.

ამ  ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც შედგა და სიღნაღის სასამართლოს გადაეცა. ასევე სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს წინაშე დაისვა დაწესებულების ექიმის პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმს 1000 ლარის ოდენობით .ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დაეკისრა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ სკოლა-პანსიონში ასევე დააფიქსირა ექთანის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების გაცემის ფაქტებიც, რის შედეგადაც ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონის დირექტორს, ექთანის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაევალა.

"ექთანს, რუსუდან ვარდიაშვილს ჩვენ გამოვუცხადეთ საყვედური. რაც შეეხება ექიმს, რადგან ის სასამართლომ დააჯარიმა, საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ, საყვედური მისთვისაც მიგვეცა"- აღნიშნავს ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონის დირექტორი თემურ ბალარჯიშვილი.

- ბატონო თემურ, ანუ მომხდარის მიუხედავად ექიმიც და ექთანიც სკოლა – პანსიონში ისევ მუშაობენ?

- დიახ, ექთანი აგრძელებს მუშაობას. ექიმი ლელა მაჭარაშვილი კი დეკრეტულ შვებულებაშია.

- თქვენთვის ცნობილი იყო, რომ მაჭარაშვილს პედიატრიული პროფილით მუშაობის უფლება არ ჰქონდა?

- ამის შესახებ ვიცოდი. სამსახურში მიღებისას მან წარმოგვიდგინა შესაბამისი დოკუმენტები. მე არ მქონდა ინფორმაცია, რომ ექიმი სპეციალობით მაინც და მაინც პედიატრი უნდა ყოფილიყო.

- ბატონო თემურ, ისიც იცოდით, რომ ექიმის არ ყოფნის დროს, ექთანი აძლევდა ბავშვებს წამლებს?

- ზოგჯერ. მაშ, ბავშვს რომ თავის ან მუცლის ტკივილი ჰქონდა, ტკივილგამაყუჩებელი არ მიეცა? ყურადღება არ მიგვექცია?

- კი მაგრამ, ხომ შეიძლება ამას ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ემოქმედა?

- მსგავსი არაფერი ყოფილა.

სკოლა-პანსიონის ექიმის ლელა მაჭარაშვილის ინფორმაციით, მისთვის სამსახურში მიღებისას, დირექტორს პედიატრიული პროფილით მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოუთხოვია. "როცა მუშაობას ვიწყებდი სკოლა-პანსიონის ექიმად, დირექტორს არ უთქვამს, რომ პედიატრად მუშაობის ნებართვა წარმედგინა. მან მითხრა, რომ სჭირდებოდა ექიმი. პანსიონში დაახლოებით ერთი წელია რაც ვმუშაობ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ექიმის დანიშნულების გარეშე ექთანის მიერ ბავშვებისთვის მიცემულ წამლებს, შესაძლოა თუ არა რომ გაეუარესებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აღნიშნულს, შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა ბავშვებზე"- აცხადებს ექიმი მაჭარაშვილი.

იურისტები ამ ფაქტს აფასებენ როგორც სკოლა-პანსიონის დირექტორის მხრიდან სამსახურებრივი გუგრილობის ფაქტს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

მიუხედავად ამისა, სკოლა-პანსიონის დირექტორის საქმიანობით არც განათლების სამინისტრო და არც სამართალდამცავები არ დაინტერესებულან, არადა სახალხო დამცველის აპარატიდან განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონში არსებული დარღვევების შესახებ დეტალურად ეცნობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონის დირექტორს თემურ ბალარჯიშვილს მისი შვილი მფარველობს, რომელიც შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები