კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

40 თეთრიანი მარილი უკვე ლარი ღირს – ხალხს შიმშილის ეშინია

9 ოქტომბერი, 2007

მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში სურსათზე სამომხმარებლო ფასები 6, 0 პროცენტით გაიზარდა. დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა შიმშილის ტოლფასია.

ფქვილსა და პურზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტით ხსნიან. თუმცა პურის გარდა, რამდენჯერმე გაიზარდა არაერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები პროდუქტის ფასიც. 2007 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაძვირდა ნიორი-25,9, ბადრიჯანი-17,6, კიტრი-11,5, სიმინდის ფქვილი-7,3, წიწიბურა-7,3, მანანის ბურღული - 8, 7 პროცენტით. სექტემბრის ბოლო კვირას კი მარილის ღირებულება, რომელიც 40 თეთრს შეადგენდა, 2, 5-ჯერ გაიზარდა და ერთი ლარი გახდა.

"ერთ კოლოფ მარილში ლარის გადახდა თუ მომიწევდა როგორ ვიფიქრებდი. მარტო მარილი კი არა, ყველაფერი გაძვირდა. ორლარნახევრიანი ზეთი სამ ლარნახევარი გახდა", - ამბობს ფასების ზრდით შეწუხებული თამარ ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთში მარილის ძირითადი იმპორტიორი შპს "ოცნების"  ხელმძღვანელი პავლე საანიშვილია. იგი ფასის მომატებას უკრაინის არჩევნებს უკავშირებს, საიდანაც მარილის იმპორტირება ხდება: `უკრაინის საპარლამენტო არჩვნების გამო მარილის შემოტანა დროებით შეფერხდა როგორც ქვეყნის, ასევე სამცხე-ჯავახეთის ბაზარზე. ფასებმაც სწორედ ამიტომ მოიმატა".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დასკვნით, პროდუქციაზე ფასების გაზრდა მომხმარებლის მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია. მოსახლეობის განცხადებით კი, სწორედ გაზრდილმა ფასებმა განაპირობა ერთსა და იმავე პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა.

,,როცა უსახსრობის გამო პურისა და მაკარონის გარდა სხვას ვერაფერს ყიდულობ, იძულებული ხარ ამ ცომეულს დასჯერდე. არ გაიზარდოს პროდუქტებზე ფასი   და მოთხოვნა ყველაფერზე გვექნება. დღეს ძეხვს შევჭამ, ხვალ არაჟანს და ვიცხოვრებთ ნორმალურად”, - მიაჩნია ელისო კურტანიძეს.   

ეკონომისტი რეზო ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის უმთავრესი მიზეზი მოსავლის დაბალი მაჩვენებელია.

"ფასების ზრდა რამდენიმე კომპონენტით არის გამოწვეული. მომხმარებლის მოთხოვნა იგივე რჩება, მაგრამ ფასის გაზრდას პროდუქციის დეფიციტი იწვევს".

ბერიძეების ოთხსულიან ოჯახში მხოლოდ უფროსი ქალიშვილი ნანა მუშაობს, მისი ხელფასი 70 ლარია. ოჯახს ნორმალური კვებისთვის თვეში სულ მცირე 200 ლარი მაინც სჭირდება. გაჭირვებით ნანას ხელფასითაც თავი როგორღაც გააქვთ, თუმცა რა იქნება მომავალში, ვერ საუბრობენ.

,,დღეში მარტო ორი პური რომ ვიყიდოთ თვეში 30 ლარი გვჭირდება, ამის გარდა შაქარი, ცხიმი და მაკარონი ხომ მაინც გინდა. ერთი თვის განმავლობაში პროდუქტს მაღაზიაში `ნისიად~ ვიღებ და მერე ვიხდი. ფასების მომატების შემდეგ ალბათ, მარტო პურზე გადასვლა მოგვიწევს”, - ამბობს ნანა.

ნანას ოთხი წლის შვილისთვის გაუგებარია რატომ არ ყიდულობს დედა სხვა ნუგბარს მაღაზიაში და მაინც და მაინც კვერცხსა და მაკარონს ეტანება. 

,,გიორგისთან ერთად მაღაზიაში აღარ შევდივარ, გული მიწუხს ბავშვი შოკოლადებისკენ რომ იწევა და გაკვირვებული მეუბნება ეგ არ იყიდო ეს მიყიდეო”, - ამბობს დაღონებული ნანა. 

პენსიონერ ანო გრეგორიანის თქმით, ფასების გაზრდასთან ერთად მოსახლეობის შემოსავალიც უნდა იზრდებოდეს: "ხალხი არსებობისათვის საჭირო მინიმუმის შეძენასაც ვეღარ ახერხებს. მაღაზიაში შესულს ყოველ დღე გაზრდილი ფასები გვხვდება. პენსიები და ხელფასები კი იგივე რჩება".


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები