20:43, Monday, 25.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მხედრიონის მიერ გადამწვარი სახლების პატრონები კომპენსაციას დღემდე ელოდებიან

10.10.2007
რა სიაში აღმოჩნდა ზუგდიდელი პარლამენტარი გრიგოლ ქობალია და რატომ გახდა იგი დაზარალებული

1992-1993 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ზუგდიდის რაიონის სოფლების: დარჩელის, ახალკახათის, ხურჩისა და ცაიშის მოსახლეობა საკომპენსაციო თანხის თანაბარპროპორციულად განაწილებას ითხოვს. დაზარალებული 113 ოჯახი დღეს შიშობს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოს მხრიდან ვერ მიიღებს.

მოსახლეობას შიშის განცდას სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ის ფორმულირებაც უძლიერებს, სადაც საკომპენსაციო თანხის ადრესატის ვინაობა რეალურად გაურკვეველია. დაზარალებული ადამიანები 14 წლის მანძილზე ერთი ინსტანციიდან მეორეში უშედეგოდ ცდილობდნენ სიმართლის დადგენას. სოფელ დარჩელის მოსახლეობა სამეგრელო-ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურაში მოპოვებული მასალების გასაჩივრებას გეგმავს.

"მხედრიონის" მიერ გადამწვარი და დანგრეული, გაძარცვული და აოხრებული სახლები ზუგდიდის რაიონის სოფლებში დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 14 წლის წინ. 1993 წლის 16 ნოემბერს "მხედრიონის" შეიარაღებულმა ფორმირებამ სოფელ დარჩელში მხოლოდ ერთ ღამეს 27 საცხოვრებელი სახლი ერთბაშად გადაწვა და გადაბუგა. ყუმბარმტყორცნის ნაკვალევი ამ სახლებს დღესაც ამჩნევია.

ბოჩო კირცხაია: "ყველაფერი ჩვენი შრომით ავაშენეთ, მე და ჩემი მეუღლე ჩაის ვკრეფდით... "მხედრიონმა" კი სახლკარი გადაგვიწვა. 1993 წლის 16 ნოემბერს ჩემი სახლის წინ ზვიადისტებმა ორი მხედრიონელი მოკლეს... დოდო გუგეშაშვილი წინ მოუძღოდა... ნარკოტიკებით იყვნენ გაჟღენთილები. სახლი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი "ბე-ტე-ერ-ებით" მოადგნენ, ყუმბარმტყორცნები დაუშინეს. 10 წლის განმავლობაში საკომპენსაციო თანხას ეტაპობრივად მიხდიდნენ. ეს თანხები სახლის გადახურვისა და შეკეთებისათვის საკმარისი არ იყო. მთავრობამ კი ფული ერთბაშად ვერ თუ არ მოგვცა. ნაკუწ-ნაკუწ აღებული თანხა კი ოჯახში ავადმყოფობის ხარჯებს მოხმარდა. კიბოთი დაავადებული შვილი მყავს, მეუღლე გარდამეცვალა... ცოტა ხნის წინ სოფელ რუხში პრეზიდენტის დაცვის წევრს საგანგებო წერილი გადავეცი. იგი შემპირდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადასცემდა. პრეზიდენტთან ახლოს მე არავინ მიმიშვა."

ზურაბ ჯიქია: "მხედრიონმა" ჩემი სახლი ცეცხლს მისცა, მანქანა წამართვა, ბიბლიოთეკა დამიწვა და გამძარცვა. ხელისუფლებამ დაზარალებულად ერთ-ერთი პირველი მე მაღიარა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ `მხედრიონის~ შეიარაღებული ფორმირების წინააღმდეგ გამართულ სასამართლოზე მოწმედ დავჭირდით. ჩვენ მაშინ "მხედრიონის" ბანდას დავუმტკიცეთ, რომ ისინი მეომრები კი არა მოროდიორები, ქურდები და ბანდიტები იყვნენ. სწორედ მას მერე აიღო სახელმწიფომ ვალდებულება ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გამოეყო."

1994 წლიდან სახელმწიფომ დაზარალებულ ოჯახებად ზუგდიდის რაიონში 113 ოჯახი მართლაც სცნო და ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა, აქედან 1 128 629 ლარი დამწვარი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა. 1995 წლიდან ხელისუფლებამ საკომპენსაციო თანხის გაცემა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სხვადასხვა ფორმულირებები გაჩნდა. დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხები ზოგჯერ ერთდროული დახმარების სახით, ზოგჯერ კი როგორც დანგრეული სახლების აღდგენისათვის გამოყოფილი კომპენსაციით გაიცემოდა. სხვა დანარჩენი 2005 წელს ბიუჯეტის შესახებ კანონში "საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურაბლად გამოყოფილი თანხით" შეიცვალა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 129 800 ლარი ჩაირიცხა. ვალერი კუკავას განმარტებით სოფელ დარჩელის მოსახლეობა თანხის გაცემას მხოლოდ სახლდამწვარ ოჯახებზე ითხოვდა, რაიონის გამგეობა კი კომპენსაციის განაწილებას ყველა დაზარალებულ ოჯახზე მოითხოვდა. "34 სახლდამწვარი ოჯახი კომპენსაციის მიღებას დაჟინებით ვითხოვდით. მაშინ რაიონის გამგეობა ჩვენს თხოვნას მხარს არ უჭერდა, დაზარალებულ ოჯახებზე თანხის გაცემას თანაბრად გეგმავდა. ახლა კი პირიქით ხდება... ეჭვი გვაქვს, რომ საკომპენსაციო თანხა არასწორად განაწილდა. გამგეობის მუნიციპალიტეტში დღეს უკვე აღიარებენ, რომ 2005 წელს შეცდომა დაუშვეს და სახლდამწვარი ოჯახების ნაცვლად თანხები იმ მოსახლეობასაც გადაუნაწილეს, ვისაც ქონებრივი ზიანი მიადგა. ამ გადაწყვეტილების შესრულებას კი 12 000 ლარის არამიზნობრივი გახარჯვა მოჰყვა. საინტერესოა ამ რაოდენობის თანხის მოძიებას ადგილობრივი ხელისუფლება როგორ შეძლებს?!"

ზაირა კილასონია: "მთავრობამ ბარიერი ხელოვნურად შექმნა - სახლდამწვარი და ქონებრივად დაზარალებული ოჯახები გაგვაცალკევა. ყველა რაიონში თანხები ზარალის მიხედვით განაწილდა, ზუგდიდში კი ყველაფერი უცნაურად უნდა მოხდეს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კომპენსაციის მიღებას საპროტესტო აქციების გამართვითა და გზების ჩაკეტვით ვაღწევდით, ბრძოლა გვიხდებოდა. ახლა კი წინააღმდეგობასაც აზრი არა აქვს... ხელისუფლება მორალური ზიანის კი არა ქონებრივი ზარალის ანაზღაურებას არ გვაძლევს..."

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის #315 განკარგულებით დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 309 800 ლარი გამოეყო. ადგილობრივი ხელისუფლება კი ბიუჯეტში ჩარიცხული საკომპენსაციო თანხის განაწილებას აქამდე ვერ ახერხებს. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დარეჯან გაბედავას თქმით, ამჯერად თანხები იმ ადამიანებზე გაიცემა, ვისაც სახლი ჰქონდა დამწვარი, დანგრეული და დაზიანებული. "სხვა ქონებრივ ზიანზე საუბარი არ არის. იუსტიციის სამინისტროდან ექსპერტიზის დასკვნა უკვე მივიღეთ. იქ აშკარად წერია, რომ ზარალის ოდენობა, რომელიც სახელმწიფომ აღიარა 1 130 600 ლარია. ეს თანხა მხოლოდ სახლების ზარალზეა გამოყოფილი. ბოლო 309 800 ლარით კი სახელმწიფომ თანხის გაცემა დაასრულა. ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციით მივმართოთ რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ ამჯერად მხოლოდ სახლები გადაიხუროს. ამ ეტაპზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს სახლების პრობლემა. სამინისტროდან კონკრეტული მითითება არ არის, მაგრამ ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ ეს დარჩენილი ბოლო თანხებია. მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბუღალტრო ექსპერტიზა იმიტომაც მოიწვია, რომ ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილის ორაზროვნება გაგვერკვია. მათ კარგად იციან, თუ რა რაოდენობის ზარალი ჰქონდა სახელმწიფოს აღიარებული. ჩვენ ისევ ვთხოვთ ფინანსთა სამინისტროს, რომ ქონებრივი ზარალის ანაზღაურება მოახდინოს.”

ზუგდიდის რაიონის სოფლების დაზარალებულმა მოსახლეობამ მას შემდეგ, რაც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 309 800 ლარით სრულად იქნა ანაზღაურებული გამოვლენილი ზარალის ოდენობა, პროტესტის ნიშნად მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან აქცია გამართა. იმავე დღეს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში საგანგებო შეხვედრაც გაიმართა, სადაც ერთმანეთს გამგებლის მოადგილეები და სპეციალური კომისიის შემადგენლობაში მყოფი დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლები შეხვდნენ. საკმაოდ ხმაურიანი კამათის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სუსანა ჯიქია: ,,ყოველწლიურად სხვადასხვა ინსტანციაში 5 წერილს მაინც ვაგზავნით, პასუხები კი ყოველთვის ბუნდოვანია. გვატყუებენ, როგორც ჩანს სახელმწიფოს ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად დარჩენილი თანხის, 1 219 000 ლარის შეტყაპუნება სურს.”

ცოტა ხნის წინ ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი, ე.წ. დამატებითი სია გაჩნდა. დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებს გამგეობის წევრებმა ორგვერდიანი თაბახის ფურცელი სულ ცხვირწინ უტრიალეს, მაგრამ არ აჩვენეს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლობამ ფინანსთა სამინისტროში 2006 წლის 20 აპრილს გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილისა და დამატებითი სიის მოპოვება არაოფიციალურად შეძლო. საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლექსო ალექსიშვილს ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე ქობალია წერილში თხოვს დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურების მიზნით ასიგნების გამოყოფისას გაითვალისწინოს დამატებით სიაში შეყვანილი მოქალაქეთა ზარალის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა, რომელიც 360 564 ლარს შეადგენს.

ამავე წერილის მიხედვით "კომისიამ განიხილა ზარალის ანაზღაურების თაობაზე რაიონის გამგეობაში შემოსული განცხადებები იმ მოქალაქეებისა, რომლებიც დაფიქსირებული არიან დაზარალებულად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 14 ნოემბრის განაჩენით, ასევე შესაბამისი თვითმმართველობის მიერ (გააჩნიათ ზარალის საექსპერტო შეფასების დოკუმენტი), მაგრამ ადრე არ იყვნენ შეყვანილი სიებში".

ზუგდიდში ცნობილი კარდიოლოგისათვის, გურამ კვარაცხელიასათვის, 35 კაციან დამატებით სიაში მისი შეყვანა მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან დაზარალებულად ცნობის შესახებ თხოვნით ხელისუფლებისათვის არასოდეს მიუმართავს: ""მხედრიონის" შეიარაღებული ფორმირება თავს დაგვესხა და "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა წაგვართვა. გამოსასყიდიც გადავიხადეთ, მაგრამ მოგვატყუეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ გატაცებული მანქანა ქალაქ ოდესაში აღმოვაჩინეთ და საკუთარი სახსრებით ჩამოვიყვანეთ. ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ჩვენ არანაირი განცხადებით არ მიგვიმართავს. ის, რომ სიაში ვართ და 5 282 ლარი გვერგება, პირველად გვესმის", - ამბობს გურამ კვარაცხელია.

დამატებით სიაში არსებობა მოულოდნელი იყო უკვე გარდაცვლილი ზინობია აბსანძის ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც სოფელ დარჩელში ცხოვრობენ. სიაში მათ მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობა საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება - 23 755 ლარი. როგორც ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის განცხადებით არც მათ მიუმართავთ.

დამატებითი სიის ჩამონათვალში ზუგდიდელი პარლამენტარი გრიგოლ ქობალიაც აღმოჩნდა, რომლის მიმართ საკომპენსაციო თანხის ოდენობა 38 241 ლარს შეადგენს. როგორც გაირკვა, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ სიაში შეყვანის შესახებ საკუთარ მამასაც კი არ აცნობა, ყოველშემთხვევაში გრიგოლ ქობალია თავს დაზარალებულად არ ცნობს და არც დამატებითი სიის შესახებ ფლობს ინფორმაციას.

სოფელ დარჩელის დაზარალებული მოსახლეობისათვის უცნობია დააკმაყოფილა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეკომენდაცია დამატებით სიაში შეყვანილ პირთა ზარალის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას, 309 800 ლარს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამატებით სიაში შეყვანილ პირებზე გადაანაწილებდა. უარეს შემთხვევაში კი,  იმის გათვალისწინებით, რომ სიაში არსებობა ბევრისათვის წარმოუდგენელი იყო, თანხების უკანონო მითვისება მოხდებოდა.

უკანასკნელ დღეებში აშკარა გახდა, რომ საკომპენსაციო თანხების გაცემის საკითხში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" სამეგრელოს ოფისის ჩართვამ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. უკვე გასანაწილებლად გამზადებული თანხების გაცემა შეჩერდა და რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ 2007 წლის 27 სექტემბერს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ჭოლაძეს თხოვნით მიმართა, რომ თანხების სამართლიანად და მიზნობრივად განაწილების მიზნით მოავლინოს სპეციალური კომისია დოკუმენტებში არსებული სადაო საკითხების გასარკვევად და სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად. "თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხები საქ. კონტროლის პალატის სამეგრელო-ზემო-სვანეთისა და გურიის რეგიონალური ბიუროს 2001 წლის 27 აპრილის ბრძანება #05/105 და საქ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის # 151 ბრძანების საფუძველზე შემოწმებულ იქნა 2001 და 2004 წლებში. აღნიშნულ დოკუმენტებში არის გარკვეული შეუსაბამოებები", - ნათქვამია წერილში.


ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC