10:02, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა უჭირთ და რა ულხინთ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს

11.10.2007
სახალხოს სახალხო დამცველის ოფისი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჯერ კიდევ ხშირად ირღვევა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, პირადი ცხოვრების, საკუთრებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები. ხშირია პაციენტთა იძულებითი დასაქმების შემთხვევები. ხოლო საყოფაცხოვრებო პირობები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

საყოფაცხოვრებო პირობები საერთაშორისო სტანდარტებს რომ ვერ აკმაყოფილებს, ამაში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე დღის წინ თავად დარწმუნდა. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული კლინიკის დათვალიერების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რა სახითა და რა სიხშირით ინტერესდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საცხოვრებელი პირობებით.

ამ კითხვას ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა გუშინ, სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე ნაწილობრივ გასცა პასუხი. სახალხო დამცველის ოფისი საზოგადოების წინაში მოხსენებით „ადამიანის უფლებები და ფაიქიატრია“ წარსდგა. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭომ ფინდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს”-ს ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლის I ნახევარში მონიტორინგი ხუთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განახორციელა. ესენია: მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ქ.თბილისის ა.ზურაბაშვილის სახ. ფსიქიატრიული საავადმყოფო, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ბედიანის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო და ბათუმის რესპუბლიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, ჯანმრთელობის სამინისტრო ყოველდღიურად ზრუნავს საქართვლოში არსებული ფსიქიატრიული კლინიკების კეთილდღეობაზე: „უახლოეს მომავალში ფსიქიატრიული დაწესებულებები სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებს შეუერთდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ისედაც შეიქმნას განსაკუთრებული ტიპის ფსიქიატრიული კლინიკები, სადაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები იმკურნალებენ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ქუტირის საავადმყოფო, რომელსაც ჩვენ რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ და ის თავისუფლად დააკმაყოფილებს ევრო-სტანდარტების ტიპის დაწესებულების მოთხოვნებს. აღნიშნული კლინიკა ჰოლანდიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს.“

როგორც პრეზენტაციაზე ადმინისტრაციული სამართლისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ფსიქიური პრობლემები დაახლოებით 72 000 ადამიანს აქვს, ხოლო სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურებისთვის სულ 1145 საწოლია განკუთვნილი.

მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ დღესდღეობით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია პაციენტის სტაციონარული მკურნალობისათვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდა. მოსაგვარებელია ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა სტაციონარიდან გაწერის საკითხი, მკურნალობის პროცესში ისეთი ალტერნატიული მეთოდების ჩართვა, რომელიც პაციენტის უნარ-ჩვევების შენარჩუნებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

მონიტორინგმა გარდა უარყოფითი მხარისა, დადებითი შედეგებიც აჩვენა. კერძოდ: ქ.თბილისის ა.ზურაბაშვილის სახ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები.

სამედიცინო პერსონალის მომსახურებით პაციენტები უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე წინა წლებში. მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ქ.თბილისის ა.ზურაბაშვილის სახ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და ბათუმის რესპუბლიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში დაინერგა ალტერნატიული თერაპიის მეთოდები. გაუმჯობესდა არაფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

პაციენტები მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში. თითქმის ყველა დაწესებულებაში თვალსაჩინო ადგილას არის გაკრული დაწესებულების შინაგანაწესი და პაციენტთა უფლებების შესახებ ინფორმაცია. განყოფილებებში დამონტაჟებულია საჩივრის ყუთები.

რაც შეეხება უარყოფით ტენდენციებს, ყველგან, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, პაციენტებს დაწესებულების საჭიროებისთვის შრომა სამართლიანი ანაზღაურების გარეშე უწევთ. ხშირად ისინი დაბალი მედპერსონალისთვის განკუთვნილ სამუშაოს ასრულებენ. პაციენტთა შრომის გამოყენებას ყველაზე აშკარა და მძიმე სახე ბედიანის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში აქვს. ყველა დაწესებულებაში მოუგვარებელია პაციენტების სოციალური პრობლემები. გაურკვეველია მათ პენსიებთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც არა მხოლოდ საავადმყოფოს პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით მწვავედ დგას მეურვეებთან ურთიერთქმედების პრობლემა. საავადმყოფოებში პაციენტთა კონტინგენტის ნაწილი არ საჭიროებს სტაციონარში აქტიურ მკურნალობას. ამ შემთხვევაში საავადმყოფო მათთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს, რაც ხელს უწყობს პაციენტებში „ჰოსპიტალიზმის” სინდრომის ჩამოყალიბებას და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო უნარების დაკარგვას.

სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება კვლავ დაბალია, რაც მათ უკმაყოფილებას და მოტივაციის არ ქონას იწვევს, რაც გავლენას ახდენს მკურნალობის და მოვლის ხარისხზე.

სპეციალიზებული სტაციონარული მომსახურების ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტში მკურნალობისთვის გამოყოფილი დაფინანსება 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით გაიზარდა. (2006 წელს ერთ პაციენტზე გამოყოფილი დაფინანსება დღეში 8 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს იგი დიფერენცირებული გახდა და დაავადების მწვავე სტატუსის მქონე პაციენტებისთვის 32 ლარი, ქვემწვავე სტატუსის მქონე პაციენტებისთვის 15 ლარი, ხოლო ქრონიკული სტატუსის მქონე პაციენტებისთვის 8 ლარი და 60 თეთრი შეადგინა). თუმცა, გაზრდილი დაფინანსება კვლავ არასაკმარისია პაციენტთათვის ხარისხიანი, თანამედროვე და ეფექტური ფსიქიატრიული მომსახურების მისაწოდებლად.

მონიტორინგის პრეზენტაციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პაციენტთა უფლებების დარღვევებზე, კერძოდ, როგორც მონიტორინგმა აჩვენა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა არაეფექტურია და სამედიცინო პერსონალის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ინფორმაციის მოთხოვნაზე დაბალია პაციენტთა აქტივობაც. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს საკუთარი დიაგნოზის, მკურნალობის, მკურნალობაში ცვლილებებისა და პროგნოზების შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგები ენით არ მიეწოდებათ. ეს სურათი საერთოა ყველა საავადმყოფოსთვის, სადაც მონიტორინგი განხორციელდა.

გარდა ამისა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების პირადი ცხოვრების უფლება შეზღუდულია. პაციენტებისთვის არ არის დამონტაჟებული ტელეფონი, მათ არ აქვთ განმარტოების საშუალება. არ შეუძლიათ აბაზანის გამოყენება სურვილისამებრ. პალატებში არ არის დამონტაჟებული ინდივიდუალური განათება. პაციენტებს არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი უსაფრთხო სათავსოები. ხშირია პაციენტთა შორის ქურდობის ფაქტები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადგილი აქვს „ასისტენტი” პაციენტების წახალისებას. ის პაციენტები, რომლებიც პერსონალს ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში ეხმარებიან, სარგებლობენ სხვადასხვა პრივილეგიებით - ეძლევათ დამატებითი საკვები, თამბაქო, გადაადგილების თავისუფლება და სხვა. ასეთი პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ბედიანის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოსა და ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ზოგიერთ დაწესებულებაში ხშირია პაციენტთა ფიზიკური შეზღუდვის, მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ასევე არის პაციენტთა ხანგრძლივი იზოლირების შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული პაციენტები მიუთითებენ მტკივნეული ინექციებით დასჯის ფაქტებზე. პერსონალის განმარტებით, ინექციები კრიზისულ სიტუაციებში იძულებით მართლაც უკეთდებათ პაციენტებს, მაგრამ მათი თქმით, ეს მკურნალობის შემადგენელი ნაწილია, პაციენტები კი დასჯად იმიტომ აღიქვამენ, რომ მათ ეს ინექციები აგრესიის და ძლიერი აგზნების შემთხვევაში უკეთდებათ.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ პაციენტთა თავისუფალი გადაადგილების უფლება დარღვეულია მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და ბათუმის რესპუბლიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში. პაციენტების ნაწილს (მათ შორის ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს) არ აქვს ეზოში გასვლის საშუალება. ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არ ეძლევათ უფლება, მოინახულონ საკუთარი ნათესავები, ოჯახის წევრები სტაციონარში წლობით მკურნალობის დროსაც. ამ მხრივ გარკვეულ როლს პაციენტის ახლობლების გულგრილობაც თამაშობს. პერსონალის მოსაზრებით, პაციენტთა თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე შეზღუდვები ისევ პაციენტთა სასარგებლოდ წესდება - მათი გარეთ გაშვება საფრთხეს წარმოადგენს თავად პაციენტებისთვის - ცივ ამინდში შეიძლება გაცივდნენ, დაუძლურებული პაციენტები კი შეიძლება დაიკარგონ ან ტრავმა მიიღონ.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჭარბობს მედიკამენტური მკურნალობის მეთოდები. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ბედიანის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები საერთოდ არ არის დანერგილი.

2005-2006 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ფსიქიატრიული საავადმყოფოების ადმინისტრატორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის შესახებ. საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტების დიდ ნაწილს საერთოდ არ მიეცა 2006 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა დარღვევით - პირადობის მოწმობის გარეშე მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა ხარვეზები საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებთან მიმართებაში.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს მიაჩნია, ინვესტიციების განხორციელება არსებული არაეფექტური სისტემის ზედაპირული გაუმჯობესებისთვის ხელს უშლის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მკურნალობის შედეგები, რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სხვადასხვა უწყებების მიმართ შემუშავებული იქნა მთელი რიგი რეკომენდაციები.

პრეზენტაციის ბოლოს სტუმრებმა ერთწუთიანი სოციალური სარეკლამო რგოლი იხილეს, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC