კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი მელაშვილი სოდ-ს და მოსამართლე ნოზაძეს უჩივლებს

16 ოქტომბერი, 2007

ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი უახლოეს ხანებში სოდ-ის (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) მაღალჩინოსნებს და მოსამართლე მამუკა ნოზაძეს სასამართლოში მოსთხოვს პასუხს. მათ უკვე მიეცათ 48 საათიანი ვადა, რომელშიც  2002 წელს წყნეთიდან გატაცებული მარიამ გოგინაშვილის საქმეში ირაკლი მელაშვილის მონაწილეობისა და ორგანიზატორობის დამამტკიცებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ.

ამ საკითხის ირგვლივ ხმაური არ ატყდებოდა, რომ არა შემთხვევით ირაკლი მელაშვილის ხელში ჩავარდნილი მოსამართლე  ნოზაძის მიერ 2006 წლის 30 ივნისს გამოცემული ბრძანება - სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე, რომელშიც, სხვებთან ერთად, ირაკლი მელაშვილის ტელეფონის ნომერია მითითებული.

"ეს არის პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ოფიციალური მტკიცებულება, თუ როგორ უსმენენ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში. სოდ-ის მაღალჩინოსნებს და მოსამართლე ნოზაძეს ვაძლევ 48-საათიან ვადას, რათა დადონ მტკიცებულებები ჩემი ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტიას ვაძლევ, რომ ისინი ამისთვის დაისჯებიან. ჩვენი იურისტები უკვე მუშაობენ სარჩელზე, რომელიც, მათი ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, შევა სასამართლოში და დაისმება როგორც სოდ-ის თანამშრომლების, ისე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი და ამის გამო ეს ადამიანები აუცილებლად უნდა დაისაჯონ", - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

საინტერესოა ამ ბრძანებულების მელაშვილთან მოხვედრის ამბავიც. როგორც თავად ამბობს, მის ტელეფონის ნომერს ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი პატიმარი საკუთარი საქმის გაცნობისას გადააწყდა, ნომერი იცნო და ადვოკატს აცნობა. საქმეში მხოლოდ ნომერი იყო "ჩაგდებული" - მისი მფლობელის სახელის და გვარის გარეშე.

მელაშვილი ამბობს, რომ ადრე შსს სხვა მეთოდებით ხელმძღვანელობდა: "აქამდე თუ ვინმეს სატელეფონო საუბრების მოსმენა სურდათ და ამისათვის მოსამართლის ბრძანება სჭირდებოდათ, გამოგონილ, არარსებულ საქმეებს იყენებდნენ. ახლა კი უკვე არსებულ და თანაც, გახმაურებულ საქმეებში "ყრიან" სასურველი ნომრებს და ასე ისმენენ. ეტყობა, იმდენად უნიჭოდ შეთითხნეს ეს ბრძანება, ვერ გათვალეს, რომ, შესაძლოა, ეს ფაქტი გაჟღერებულიყო".

ბრძანება 2006 წლის 30 ივლისით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისში ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს, არეულობაა უნივერსიტეტში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით  ხმაურიანი აქციები ეწყობა. ამ ყველაფერში კი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ირაკლი მელაშვილიც არის ჩართული.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარისათვის დავკავშირებოდით სოდ-ის წარმომადგენლებს, რაც, ამჯერადაც შეუძლებელი აღმოჩნდა. შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილმა კი ისეთი პასუხი გაგვცა, როგორ პასუხსაც მედია ბოლო დროს იღებს: "ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვის რაში სჭირდებოდა ირაკლი მელაშვილის სატელეფონო ზარების მოსმენა? ბოდვასთან გვაქვს საქმე".

ხიზანიშვილს და ყველას, ვინც თვლის, რომ გაკეთებული განცხადებები ბოდვას უტოლდება, შეუძლიათ იხილონ ბრძანება, რომელიც ირაკლი მელაშვილს აქვს ხელთ და რომლის შესახებაც უკვე ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ეროვნულ ფორუმს, აგრეთვე, გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობები ნასამართლეობის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ირაკლი მელაშვილი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება.  ერთი ასეთი ცნობა გაცემულია 2005 წლის 26 აპრილს, ხოლო მეორე გასულ კვირას - 2007 წლის 11 ოქტომბერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი შეფასებისას აღნიშნავს, რომ აქამდე მხოლოდ ხმები დადიოდა ე.წ "მოსმენების" შესახებ, ახლა კი ეს დოკუმენტურად არის დამტკიცებული:

"ეს ფაქტი ღირს დაფიქრებად და რაც მთავარია, პასუხად. გამორიცხული არ არის, რომ ირაკლი მელაშვილი ერთი სიტყვისთვის ჩაესვათ ციხეში. ან, საინტერესოა, ნუთუ მოსამართლეს არ გაუჩნდა კითხვა, ვისი ნომრები ისმინებოდა? ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ეროვნული ფორუმი ბოლო დროს საკმაოდ აითვალწუნა, პრორუსულ ძალად გამოაცხადა და ჩემი დაკვირვებით, ამის მიზეზი მათ მიერ ნატო-ს შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომ `მხოლოდ ნატო არ არის პანაცეა საქართველოსთვის".

თუმცა, რადგან დღეს უკვე გაჟღერდა თუ რა მეთოდით უსმენენ ადამიანებს, ხელისუფლება მალე ახალ მეთოდებს გამოიგონებს. არც ის არის საიდუმლო, რომ "მაგთის" ოფისში მომსახურე პერსონალის ორი ცვლა "მუშაობს" – ექვსამდე და ექვსის შემდეგ. "მეორე ცვლის" თანამშრომლებში ადვილად შეგიძლიათ კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თანამშრომლები ამოიცნოთ, რომლებიც იქ განსაკუთრებული დავალებებით მიდიან", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

თავად ირაკლი მელაშვილი ვარაუდობს, რომ დიდი გამოხმაურება ამ ამბავს არ ექნება, თუმცა სასამართლოში სარჩელის შეტანას ის მაინც გეგმავს.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები