კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბენარის უფანჯრო და უიატაკო სკოლა ყურადღებას ითხოვს

17 ოქტომბერი, 2007

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის შენობა ერთი შეხედვით"ხუხულას" ჰგავს. აქ არც სასკოლო ინვენტარი აქვთ და არც სპოტრული დარბაზი.  სკოლის ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს თხოვნით მრავალჯერ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.  
 
სოფელ ბენარის საშუალო სკოლაში ასი მოსწავლეა. ბენარის გარდა ამ სკოლაში ბავშვები კიდევ ორი სოფლიდან - უნწიდან და შოლავერიდან დადიან.

ერთი შეხედვით ძნელი მისახვედრია, რომ ეს გრძელი, ერთსართულიანი შენობა ადგილ-ადგილ შელესილი კედლებით საჯარო სკოლაა. ეზოს მხარეს მდებარე ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარას მინები არ აქვს, ამიტომ გაკვეთილის მიმდინარეობას შეგიძლია თავისუფლად ადევნო თვალი გარედან. სკოლის კარი ღიაა. დერეფანში იატაკის მოვალეობას დამტვრეული ცემენტის ფენა ასრულებს და თუ ფრთხილად არ გაიარე, შეიძლება, კისერიც მოიტეხო.

"უკვე 20 წელია, სკოლა 1953 წელს აშენებულ საერთო საცხოვრებლის შენობაშია განთავსებული. ნაგებობა სასწავლო დაწესებულების ტიპს არ შეესაბამება და სკოლის აქ გახსნა მიზანშეწონილი ნამდვილად არ იყო. თუმცა ახლა პრობლემა უფრო გაღრმავდა, რადგან შენობა ავარიულია, თანაც ძალიან პატარა”, - ამბობს ბენარის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კუბლაშვილი.

შენობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ აქ აღარავის უკვირს კედლის ჩამონგრევა თუ ფანჯრის ჩარჩოს მორყევა.

"სამასწავლებლოში კედელი ჩამოინგრა. სხვა გზა არ გვქონდა, მასწავლებლებმა ჩვენი ხარჯებით ამოვაშენეთ. დერეფანში იატაკი არ არის, მაგრამ ფიცარს ცეცხლის ფასი აქვს, ამიტომ ვერ ვაგებთ”, -  გვიყვება კობა კუბლაშვილი.

სავალალო მდგომარეობაა საკლასო ოთახებშიც. დამტვრეულ მერხებსა და  სკამებს მოსწავლეები ყოველდღიურად ამაგრებენ.
 
"ინვენტარი ძალიან გვიჭირს. მერხები და სკამები არ გვაქვს. რაც გვაქვს, ისიც დამტვრეულია, ფაქტობრივად, გარემონტებაც არ შეიძლება. უნდა ჩამოიწეროს და გადაიყაროს”, - ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორც ბენარის საჯარო სკოლაში აცხადებენ, პრობლემების შესახებ სიტყვიერად თუ წერილობით ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს არაერთხელ მიმართეს.

"დახმარების თხოვნით რესურს-ცენტრს არაერთხელ მივმართე. წელს სასკოლო ინვენტარი მოვიდა, მაგრამ არლის, ადიგენის, ლელოვნისა და მოხის სკოლებს გადასცეს, რომლებსაც არათუ უჭირთ ინვენტარი, არამედ პირიქით, ვეღარსად ატევენ! დღემდე ველოდები პასუხს რესურს-ცენტრიდან, რა კრიტერიუმებით მოხდა სკოლების შერჩევა", - აცხადებს კობა კუბლაშვილი.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მარეხ დათიაშვილის თქმით, მერხების განაწილება გარემონტებულ სკოლებზე მოხდა, რაც შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იყო: "ამ ეტაპზე სასკოლო ინვენტარი  ექვსმა ისეთმა სკოლამ მიიღო, რომლებიც გარემონტებულია. გარემონტდება დანარჩენი სკოლებიც და ეტაპობრივად მოხდება მათი აღჭურვა საჭირო ინვენტარით".

თუმცა, როდის შეკეთდება ბენარის საჯარო სკოლა, რესურსცენტრის უფროსმა ჯერ არ იცის: "სკოლებს სახელმწიფო არემონტებს და ეს პროცესი ეტაპობრივად ყველა სკოლას მოიცავს".

ბენარის საჯარო სკოლის დირექტორი იმედოვნებს, რომ სხვა სკოლებიდან მეორეხარისხოვან ინვენტარს მაინც მიიღებენ: "რესურს-ცენტრში თათბირზე გამოაცხადეს, რომ სკოლებში დაგროვილი ჭარბი ინვენტარი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ტენდერი უნდა გამოცხადდეს. განცხადება შევიტანეთ, მაგრამ არ ვიცით, უსასყიდლოდ გადმოგვეცემა თუ არა მერხები. მათ შესაძენად სკოლის ბიუჯეტში თანხა არ გვაქვს. ინფორმაციას კი არავინ გვაძლევს, რადგან ჯერ თვითონაც არაფერი იციან".

"ბენარის საჯარო სკოლას მეორადი მომხმარების ინვენტარი გადაეცემა", - აცხადებს მარეხ დათიაშვილი.

ბენარის სკოლაში მოსწვლეებს არც სპორტული და არც ღონისძიების ჩასატარებელი დარბაზები არ აქვთ. სპორტული მოედნის მაგივრობას ხრიოკი ეზო ასრულებს, სადაც კარგ ამინდში ფიზკულტურის გაკვეთილები ტარდება. ზამთარში კი ამ მოვალეობას საკლასო ოთახები ითავსებენ.   

სავარაუდოდ, ბენარის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, საუკეთესო შემთხვევაში, მომავალ წლამდე მოუწევთ უფანჯრო, უიატაკო სკოლაში მუშაობისა და სწავლის გაგრძელება. კომპიუტერებითა და თანამედროვე დგამ-ავეჯით აღჭურვილი საკლასო ოთახების მაგივრობას კი მეორადი ავეჯით გაწყობილი კლასები გაუწევთ. 

გულო კოხოძე, ადიგენი

ახალი ამბები