კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გახშირდა შეიარაღებულ ძალებში მკვლელობის ფაქტები

18 ოქტომბერი, 2007

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს შეაიარაღებული ძალების ქუთაისის მესამე ბრიგადის ჯარისკაცი ლევან სონღულაშვილი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ვერსიით, სონღულაშვილმა თავი მოიკლა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ გარდაცვლილის ახლობლები. მათი თქმით, სონღულაშვილი გარდაცვალებამდე სასტიკად არის ნაცემი და ტყვიით არის მოკლული, რომელიც მას ზურგიდან ესროლეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტი თერჯოლის რაიონის სოფელ გაგნის სამხედრო პოლიგონზე მოხდა. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლის ემზარ ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს ზურაბ ფოკერაშვილს, იოსებ გზირიშვილსა და ლევან სონღულაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ. "ლევან სონღულაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ფოკერაშვილი და გზირიშვილი, შემდეგ კი თავი მოიკლა. აღნიშნულ ფაქტზე ინციდენტის სხვა დეტალები გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ სონღულაშვილის მშობლები და მკვლელობაზე საუბრობენ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირებენ.

"ლევანი ტელეფონით ბოლოს 7 ოქტომბერს მესაუბრა. მითხრა, რომ ბრიგადაში ოფიცრებმა ჯარისკაცი სცემეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ იგი მოიშორეს" - ამბობს გარდაცვლილის დედა ანა ჩალაძე.

გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ნაცემი ჯარისკაცი თავად სონღულაშვილი იყო, თუმცა ოჯახის წევრებს მან სიმართლე არ უთხრა.

ირკვევა ისიც, რომ გარდაცვალებამდე ოფიცრები ლევან სონღულაშვილს ფულს სთხოვდნენ. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ბრიგადის ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ ლევანი 10 თვის განმავლობაში ერაყში მსახურობდა და თანხა ჰქონდა დაგროვილი. მათივე ცნობით, ოფიცრებისთვის ფულის მიცემაზე ლევანს რამდენჯერმე უთქვამს უარი, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპირისპირო განაცხადა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებთან საუბარში სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა ემზარ ღარიბაშვილმა. "ლევანი ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, გარკვეული მიზეზის გამო გავათავისუფლეთო. თუ გაათავისუფლეს, მაშინ სამხედრო პოლიგონზე რა უნდოდა. თავი მოიკლაო, გვითხრეს, იარაღი ვინ მისცა?"- კითხულობს გარდაცვლილის მამიდა ლალი ზირაქაშვილი.

გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა ლევან სონღულაშვილის ცხედარის ფოტო გადაღება მოახდინეს და მასალა დამოუკიდებელ ექსპერტებს წარუდგინეს. სპეციალისტების თქმით, გარდაცვლილი სასტიკად არის ნაცემი, აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები და სისხლნაჟღენთები სახის, თავისა და მუცლის არეში. ასევე აქვს შემავალი სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში მარცხენა მხარეს, რაც ექსპერტების ცნობით, იმაზე მიუთითებს, რომ ლევანს თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჯარისკაცთა გარდაცვალების ფაქტები საგრძნობლად გახშირდა. ამავე წლის 13 ივლისს, ზემო აფხაზეთში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაწვეული კიდევ ერთი ჯარისკაცი 21 წლის ლევან ნათათრალაშვილი გარდაიცვალა. მანამდე თავდაცვის სამინისტროს უფლისციხის სამხედრო ნაწილში გაუფრთხილებლობით იქნა მოკლული 19 წლის გიორგი მუმლაძე და ა.შ.

რატომ გახშირდა შეაიარაღებულ ძალებში მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ფაქტები? ამ კითხვით მივმართეთ სამხედრო ექსპერტს, ასოციაცია `სამართალი და თავისუფლების~ დირექტორს ირაკლი სესიაშვილს.

- ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა შეიარაღებულ ძალებში მკვლელობის ფაქტები?

- მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებში ადგილი აქვს რეფორმებსა და პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და ჯარში არასაწესდებო ურთიერთობათა აღმოფხვრისათვის ფაქტობრივად რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. როდესაც ვსაუბრობთ ჯარისკაცის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ჩინოვნიკები მიგვითითებენ ხელფასის ზრდასა თუ პირობების გაუმჯობესებაზე, რაც უკვე იმას მიუთითებს, რომ სამინისტროს ჩინოვნიკები და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები ვერ აცნობიერებენ ჯარში არსებულ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ჯარისკაცის გარდაცვალებით დასრულდა. ძნელია ვისაუბროთ კონკრეტული საქმეების დეტალებზე, რამდენადაც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ცალსახაა, რომ დაზარალებულის ინტერესები უნდა დაიცვან ადვოკატებმა და ამ ტრაგედიის მიზეზები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რაც თავის მხრივ პრევენციულად იმოქმედებს შემდგომ პრობლემებზე.

- რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხებს, რატომ არის ქართულ ჯარში არასაწესდებო ურთიერთობების მაღალი რისკი?

- იმიტომ, რომ შეიარაღებულ ძალებში არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმები. დაზარალებული ჯარისკაცი ვალდებულია საჩივრით მიმართოს მის მეთაურს, რომელიც როგორც წესი, მისი უფლებების პირველი დამრღვევია. შემდგომი გზაა, მიმართოს ზემდგომ მეთაურს, რაც ასევე არაეფექტურია, ვინაიდან "ჩაშვების" გამო ის შეიძლება უფრო მკაცრად დაისაჯოს. რაც შეეხება სამხედრო პოლიციისადმი მიმართვას, ამ უფლების გამოყენებესაც ერიდებიან ჯარისკაცები, რადგან არ არსებობს მათდამი ნდობა, ხშირ შემთხვევაში მათივე არაკეთილსინდისიერი საქმიანობის გამო. შესაბამისად, შეიარაღებულ ძალებში ანუ შიდაუწყებრივად დაცვის კანონიერი მექანიზმი ფაქტობრივად ირიცხება, თუკი იმ მანკიერ მენტალიტეტსაც გავითვალისწინებთ, რომ "ჯარიკაცმა საქმე ოჯახში (ანუ ჯარში) უნდა გაარჩიოს" და რომ ნებისმიერი საჩივარი უარყოფითად ითვლება. სწორედ ასეთ მენტალიტეტს ემატება ფულის შეგროვება ე.წ. "ობშჩიაკი", მობილურების "თხოვება", რაც ხშირად კონფლიქტში გადაიზრდება და სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ტრაგედიითაც მთავრდება. საზოგადოებისთვის სწორედ ამ უკანასკნელების შესახებ ხდება ცნობილი.

- როცა ჯარისკაცმა იცის, რომ მისი უფლებების დაცვა შიდა უწყებაში ფაქტობრივად არაეფექტურია, მაშინ ვის შეიძლება მიმართოს მან? - პარლამენტის კომიტეტს, სახალხო დამცველს თუ ვის?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხედრო სამსახური ყაზარმულ ცხოვრებას მოითხოვს და ასე მარტივი არ არის, ჯარისკაცმა პრობლემის არსებობის შემთხვევაში იმავე დღეს ადვოკატს ან სახალხო დამცველს მიაკითხოს. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში არსებობს მრავალი ინსტიტუციონალური ორგანო, რომელთა წარმომადგენლებიც თავად დადის სამხედრო ნაწილებში. ისინი ერთი მხრივ პრევენციულად ზემოქმედებენ, მეორე მხრივ კი ადეკვატურად რეაგირებენ არსებულ პრობლემებზე ყველა დონეზე, იყენებენ რა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ტრიბუნებს. ეს ჩვენთან არ არის და შეიძლება ითქვას არც სახელმწიფო ინტერესშია, ვინაიდან თუკი ასეთი დაცვის ეფექტური მექანიზმები იარსებებს, ჯარში არსებული პრობლემები გამოაშკარავდება და ეს ხელისუფლებას `ცუდ ყოფაქცევად~ ჩაეთვლება.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

-  ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა კანონპროექტი "პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ", რომლის მსგავსი მოდელი მოქმედებს გერმანიაში 1956 წლიდან და განსაკუთრებით ეფექტურია ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ეს არის საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაზე და ინიცირებს სხვადასხვა დემოკრატიულ რეფორმებს ჯარში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. შესაბამისად, როდესაც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა არც თუ ისე მარტივი საქმეა, იზრდება ამ უფლებების დარღვევის რისკი, იზრდება ასევე იმის განცდა, რომ დამნაშავეები არ დაისჯებიან ან დანაშაული არ გამოაშკარავდება, რაც თავის მხრივ ასუსტებს მოტივაციას იბრძოლო საკუთარი უფლებების დაცვისათვის.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გაუმჯობესდა მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობა და შეინიშნება ამ მხრივ პროგრესი, ეს მოხდა არა რეფორმის, არამედ სხვა თანმდევი მოვლენების გამო, როგორიცაა მათ შორის თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა თუ საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობა. მაშინ, როდესაც ქვეყანა მიილტვის ნატოსკენ და იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, აშკარაა და აუცილებელი, რომ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში შეიქმნას უფრო ეფექტური და ძლიერი ინსტიტუტები სამოქალაქო კონტროლთან ერთად. დაუშვებელია, როდესაც ქვეყენაში მშვიდობიანობის დროს იღუპება ჯარისკაცი, მიუხედავად მისი გარდაცვალების ფორმისა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები