09:24, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გამოძიების ჩაკეტილი წრე ზესტაფონის პოლიციაში(ნაწილი II)

22.10.2007
ჟურნალისტური მოკვლევა

მას შემდეგ რაც ზესტაფონის რკინიგზაზე როსტომ ხიდაშელის დაღუპვის ფაქტით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, საქმე ადგილიდან დაიძრა. გამომძიებელი გელა წითელაშვილი აცხადებს, რომ მას ოქტომბრის ბოლოსთვის საქმის დასრულება მაინც დაგეგმილი ჰქონდა და ჩვენი ჩარევა აქ არაფერ შუაშია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებასთან ერთად საქმით გარდაცვლილის ყოფილი სამსახურისა და რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობაც დაინტერესდა, ფაქტია, სულ სხვა სურათი დაიხატა.

როგორც გარდაცვლილი როსტომ ხიდაშელის მამა საშა ხიდაშელი აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მათ ოჯახში შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი მივიდა. „დაუპატიჟებელი სტუმრების“ განმარტებით, უფროსობამ ისინი „შინაურულად  სასაუბროდ“ გამოგზავნა.

„ამ ორ კაცს არ დაუკონკრეტებია რკინიგზის სადგურის უფროსმა ვალერი ჩაჩუამ გამოგზავნა თუ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს ზესტაფონის დაცვის სამსახურის უფროსმა გელა მესხმა. მოსვლის მიზეზი კი შემდეგნაირად განმარტეს: უფროსობა მოლაპარაკებითაა დაინტერესებული, თქვენთან შეხვედრა და შეთანხმება უნდათო. ეს, თავისთავად, იმაზე მეტყველებს, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიების ბედით ვიღაც დაინტერესდა, სამსახურის თუ სამსახურების ხელმძღვანელები მოლაპარაკების განახლებას ცდილობენ“,- ამბობს საშა ხიდაშელი.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ სამსახურებს გარდაცვლილის ოჯახის წევრები უბედური შემთხვევის შემდეგ თითქმის ყოველდღე მიმართავდნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ შეურაცხყოფას და დამცირებას იღებდნენ. მას შემდეგ კი, რაც აღნიშნული საქმით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, ვითარება შეიცვალა.

„მე არ ვიცი, რა თემაზე აპირებენ საუბარს, მაგრამ ამის მიუხედავად შეხვედრაზე უარი არ მითქვამს. ადამიანურად მესმის, რომ თუ ვინმეს ციხეში წასვლა მოუწევს, ეს მათ ოჯახებსაც დააზარალებს, მაგრამ ჩვენ რომ ხომ შვილი მოგვიკვდა, რა უნდა ვქნათ? მე შემიძლია იმ დათმობაზე წავიდე (ისევ ჩემი შვილის ხსოვნის პატივსაცემად), რომ მათ მიმართ, ვინც შეიძლება განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს, ლმობიერება გამოვიჩინო. მაგრამ არა ისე, რომ ამით ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელს მოეცხოს ჩირქი, არალეგალურ გარიგებაზე წავიდე ვინმესთან და ამით მთელი პასუხისმგებლობა გარდაცვლილს დააკისრონ“,- ამბობს საშა ხიდაშელი.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს იურისტი ნიკო კანკავა იცავს. როგორც ირკვევა, აღნიშნულ საქმეში გამოძიებასაც თავისი ფარული ინტერესი გააჩნია. ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ გელა წითელაშვილმა ჯერ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროში დარეკა და კოორდინატორს განუცხადა, რომ ნიკო კანკავასთან დაკავშირება უჭირდა და თუ ის არ მივიდოდა, დაზარალებულს სხვა ადვოკატს დაუნიშნავდა. შემდეგ კი, როგორც საშა ხიდაშელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, გამომძიებელმა თავად მასაც შესთავაზა, სხვა ადვოკატი აიყვანე, ეგ რად გინდა, ადვოკატების მეტი რა არისო. როგორც ჩანს, გამომძიებელი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მხრიდან საქმეში „ცხვირის ჩაყოფის“ სურვილმა გააღიზიანა.

„მას შემდეგ, რაც ჩემი შუამდგომლობა საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატად ჩართვაზე დაკმაყოფილდა, კრიმინალისტიკურ-ტექნიკური და ტექნიკურ-კომპლექსური ექსპერტიზების დასკვნებს გავეცანი,  გამომძიებელთან დავაყენე საკითხი, რომ სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება გვაქვს და გვსურს, რომ ვიყოთ სამოქალაქო მოსარჩელე. ოჯახისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიზერული თანხა 10 000 ლარი მოვითხოვეთ და ეს თანხა სოლიდარულად გადანაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხისგებაში მიეცემიან. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას ამ ეტაპზე, როგორც გამომძიებელმა გვითხრა, გამოკვეთილია ორი კონკრეტული პირის ბრალეულობა და ისინი სადგურის მორიგე და პარკის მორიგე არიან. სხვა თანამშრომელთა თუ თანამდებობის პირთა მხრიდან რაიმე დანაშაულზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების მხრიდან არ იკვეთება. გამომძიებელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში ამ ორ ადამიანს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით წაეყენება ბრალი და მალევე საქმე სასამართლოში წარიმართება“, - ამბობს ნიკო კანკავა.

გამომძიებლის მიერ იმის განცხადებამ, რომ საქმეში ბრალი მხოლოდ რკინიგზის სადგურის მორიგესა და პარკის მორიგეს წაეყენებათ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის უკმაყოფილება გამოიწვია.

საშა ხიდაშელი: კი მაგრამ, სადგურის უფროსი არაფერ შუაშია?

გელა წითელაშვილი: ამ ეტაპზე მისი ბრალეულობა გამორიცხულია.

ჟურნალისტი: ბატონო გელა, თქვენ წინა შეხვედრისასაც და ახლაც განაცხადეთ, რომ ამ უბედური შემთხვევის შემდეგ სასექციო გამომრთველებისა და შუქნიშნების განლაგების ადგილი რკინიგზის სადგურის აღნიშნულ ლიანდაგში შეიცვალა. თუ არავინ იყო ამაზე პასუხისმგებელი და საერთოდაც, თუ არაფერ შუაში იყო ეს ყველაფერი, რატომ მოხდა შეცვლა? ამ განლაგებაზე ხომ მხოლოდ სადგურის მორიგე და პარკის მორიგე არ აგებდნენ პასუხს?

გ.წ: ეს შეკითხვა თავის დროზე მეც გამიჩნდა რკინიგზის ხელმძღვანელობის და სპეციალისტების მიმართ და იცით, რა მითხრეს? ჩვენი ინსტრუქციების დიდი ნაწილი ადამიანების სისხლითაა დაწერილიო...

ჟ. ეს როგორ?

გ.წ. როგორ და, რომ მოხდება რამე უბედური შემთხვევა, მერე დაფიქრდებიან, რატომ მოხდა უბედური შემთხვევა და ამის შემდეგ ტექნიკურად იხვეწება ყველაფერი მომხდარიდან გამომდინარე.

რომელმა ჩინოვნიკმა თუ რკინიგზის რიგითმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო ინსტრუქციები ადამიანების „სისხლით იწერება“, ამ ეტაპზე ჩვენთვის გაურკვეველია. როცა საქმის სასამართლო განხილვა დაიწყება ეს, ალბათ, მაშინ მაინც გამოჩნდება.

რაც შეეხება გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილისთვის მამის ხელფასის ოდენობით პენსიის დანიშვნის საკითხს, რასაც ოჯახი წელიწადნახევრის განმავლობაში, კანონის შესაბამისად, ამაოდ მოითხოვდა, საბოლოოდ გადაწყდება. ადვოკატის განმარტებით, ამაზე დავა, უახლოეს მომავალში, სასამართლოში, რკინიგზის სამსახურის მიმართ წარიმართება.
 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC