კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვითელი ავტობუსების უბილეთო მგზავრები

23 ოქტომბერი, 2007

სად გაქრნენ ყვითელი ავტობუსების კონდუქტორები? რატომ არ ყიდიან მძღოლები ბილეთებს და საერთოდ, რა საჭირო იყო ავტობუსებში ბილეთების შემოღება, თუკი მათ არავინ ყიდულობს? ამ კითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  შპს „თბილისის ავტობუსს“ მიაკითხა.

შპს. „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის ბესიკ ნათენაძის თქმით, ის ამ კითხვებში ლოგიკას ვერ ხედავს და აინტერესებს, მაშინ, როდესაც ადამიანები პოზიტიური ძვრების განხორციელებას ცდილობენ, ჩვენ, ჟურნალისტები მხოლოდ ნეგატიურ მხარეს რატომ ვეძებთ. არადა, ფაქტია, ძებნა ნამდვილად არ დაგვჭირვებია. უბრალოდ ჩვენ ავტობუსებით ვმგზავრობთ...

ფაქტი კი ჯიუტია, ავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი, მგზავრებს ბილეთებს არც კი სთავაზობენ. როგორც ბესიკ ნათენაძე აცხადებს, მათ სამსახურში შექმნილია მაკონტროლებელი ორგანო, რომლის წარმომადგენლები თითოეულ ავტობუსს ამოწმებენ და ბილეთებზე კონტროლს ახორციელებენ: „თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე მძღოლი მგზავრს ბილეთს არ აძლევს, მათ საყვედურს ვაძლევთ ან სამსახურიდან ვათავისუფლებთ. ჩვენ მძღოლებთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ, სადაც ერთ-ერთ ვალდებულებად მითითებულია, რომ მათ ბილეთების რეალიზაცია უნდა მოახდინონ.“

ჟურნალისტი: ამ ზაფხულს ავტობუსებში კონდუქტორები გაჩდნენ, თუმცა, მათი სამსახური მალევე გაუქმდა, რა იყო ამის მიზეზი?

ბესიკ ნათენაძე: ექსპერიმენტი ჩავატარეთ, შემოვიღეთ კონდუქტორის ინსტიტუტი, მაგრამ საბოლოოდ მივიჩნიეთ, რომ არ გაამართლა. დამატებითმა ხარჯებმა იჩინა თავი, დამატებითი კონტროლის მექანიზმები იყო განსახორციელებელი და ამიტომ ისევ მძღოლებს გადავაბარეთ ბილეთების რეალიზების საკითხი.

ჟ: რამდენიმე მძღოლს ვესაუბრე, მათ სხვა მიზეზი დაასახელეს, კონკრეტულად კი თქვეს, რომ კონდუქტორები გეგმას ვერ ასრულებდნენ და თან თანხებსაც ითვისებდნენო.

ბ.ნ.: დაახლოებით 1000 მძღოლი ემსახურება თბილისს, ათასივეს საკუთარი აზრი გააჩნია, ასე რომ მათ ამგვარ კომენტარს მე ვერ შევაფასებ.

ჟ: 21 ნომერი ავტობუსის მძღოლმა მითხრა, რომ მათ გეგმა თითო წრეზე 56 ლარს შეადგენს ანუ დღეში 280 ლარს. რა გეგმაზე საუბრობენ ისინი?

ბ.ნ.: არანაირი გეგმა არ არსებობს. საიდან მოიტანეს, არ ვიცი. არსებობს ბილეთები, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

ჟ: ბილეთები ფაქტიურად არ იყიდება და საინტერესოა, როგორღა ხდება მკაცრი აღრიცვა?

ბ.ნ.: ჩვენ გვაქვს შიდა კონტროლის სამსახური, რომელიც დადის და ამოწმებს თითოეულ ავტობუსს. დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე ჩვენი თანამშრომლები თითოეულ ავტობუსს აკონტოლებენ. დღეში 380 ავტობუსი გამოდის. შეიძლება ყოველ დღე ვერ მოხდეს მათი გაკონტოლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა ავტობუსი კონტროლდება.

ჟ: თუკი ყოველ დღე ვერ ხორციელდება შემოწმება, მაშინ რამდენად ეფექტურია ამგვარი კონტროლის მექანიზმი?

ბ.ნ.: როცა აღმოვაჩენთ, რომ მძღოლი არ ყიდის ბილეთებს, მაშინ შედგება შესაბამისი აქტი და ის გათავისუფლდება.

ჟ: თუკი მძღოლები ასეთ მკაცრ კონტოლზე არიან აყვანილნი, საინტერესოა, რატომ არ ეშინიათ მათ სამსახურის დაკარგვის და რატომ არ ყიდიან ბილეთებს?

ბ.ნ.: რატომ არ ეშინიათ ქურდებს, ყაჩაღებს, მკვლელებს?

ჟ: ქურდები და ყაჩაღები არიან მძღოლები?

ბ.ნ.: ვინც იპარავს, ყველა ქურდია.

ჟ: მაშინ გამოდის, რომ იმ ავტობუსების მძღოლები, რომლებითაც მე და კიდევ თბილისის მოსახლეობა მგზავრობს, ყველა ქურდია. უამრავი მოქალაქე ადასტურებს, რომ მძღოლები მათ ბილეთებს არ სთავაზობენ.

ბ.ნ.: რატომ ამბობთ ასე? თქვენ ხომ გაქვთ მობილური ტელეფონი, როდესაც ხედავთ, რომ მძღოლი ბილეთებს არ ყიდის, რატომ არ რეკავთ ჩვენს ცხელ ხაზზე?

ჟ: სად მიდის ის თანხა, რომელიც არ აღირიცხება?

ბ.ნ.: ეს ჩვენი შიდა საქმეა. ეს არის შპს, რომელიც აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას. მე ბიუჯეტიდან არანაირ ფულს არ ვღებულობ. ჩვენთან თითოეული მგზავრის თითოეული თეთრი აღირიცხება. რა მეთოდებით და როგორ, ეს თქვენთვის საინტერესო არ უნდა იყოს. ეს ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობაა. რაში გაინტერესებთ თქვენ ჟურნალისტს, თუ როგორ ვახორციელებ მე კომერციულ საქმიანობას? ეს არ არის თქვენი საქმე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყვითელი ავტობუსების მგზავრებს გაესაუბრა იმის გასარკვევად, იღებენ თუ არა ისინი მგზავრობისას ბილეთებს.

ნანა მერკვილაძე, 61 წლის: „კონდუქტორები ბილეთს გვაძლევდნენ, მაგრამ ახლა, თუ მეჩქარება და უკანა კარიდან ჩავდივარ, მაშინ უბრალოდ ფულს ვაწვდი მძღოლს და მივდივარ. ისიც არ მომდევს, ბილეთი აიღეო“.

ნუგზარ ხელაძე: „არა, რა ბილეთი, თუ მომაწოდეს, ვართმევ და ისე მე ხომ არ შევეხვეწები, გინდა თუ არა, ბილეთი მომეცი-მეთქი. ჩემი აზრით, საერთოდ სისტემაა შესაცვლელი. საქართველოში არავინ არ მოსთხოვს მძღოლს ბილეთს, პირიქით უნდა იყოს და როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, დაიდგას სპეციალური აპარატი. და რაც მთავარია, უნდა იყოს ვიღაც, ვინც შეამოწმებს უბილეთო მგზავრებს“.

თინა შველიძე, 36 წლის: „მე ყოველთვის ვითხოვ ბილეთს. რომელსაც ჩასვლისთანავე ნაგვის ურნაში გადავუძახებ ხოლმე, მაგრამ ვართმევ იმიტომ, რომ ვიხდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს. ყველას რომ უჩნდებოდეს კითხვა, სად წავა ეს აღურიცხავი თანხა, ბილეთების აღება აღარ დაეზარებოდათ. ვინ იცის რამდენი ფული იმალება სწორედ ამ მიზეზით“.

ანანო გუნცაძე: ''კონდუქტორები რომ დადიოდნენ, ბილეთს მაშინ მაძლევდნენ, მაგრამ ხურდას წესიერად ვერ აბრუნებდნენ და სანამ ისინი ერთ ადამიანთან გაასწორებდნენ ანგარიშს, მეორე უბილეთოდ ჩადიოდა. ახლა კი უკვე თვეზე მეტი იქნება, ბილეთი არ ამიღია. თუმცა, ყოველდღე ავტობუსით ვმგზავრობ“.

„თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის ბესიკ ნათენაძის მტკიცებით, მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლები ავტობუსებს ყოველ დღე ამოწმებენ და თითოეული თეთრი მკაცრად აღირიცხება. მძღოლები კითხვაზე, ვალდებულნი არიან თუ არა ისინი, რომ ბილეთები გაყიდონ, თავს მიქნევენ, თუმცა მგზავრებს, რა თქმა უნდა, ბილეთს არცერთი მათგანი არ სთავაზობს. რაც შეეხება მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომლების ვიზიტებს, ისინი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ და საჭის ტრიალს უხმოდ განაგრძობენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსთან ბესო ჟღენტთან სცადა დაკავშირება, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა და ოფიციალური წერილის გაგზავნა მოითხოვა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და სატრანსპორტო სამსახურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე სტატიას შემოგთავაზებთ.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი


ახალი ამბები