20:35, Thursday, 19.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალციხეში წვიმის მოსვლა დღესასწაულად იქცა

23.10.2007
„წყალს დიდ ავზებში ვაგროვებთ. დიდხანს რომ ვინახავთ, სუნი ასდის და აყროლებულ წყალს ვსვამთ“ - ხალხი უწყლობით იტანჯება

ახალციხის საბარგო სადგურის დასახლებას (სხვანაირად, ,,ტავარს”) რამდენიმე ათეული წელია, წყლის პრობლემა აქვს. რკინიგზის საბარგო სადგური ახალციხიდან სამი კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობა აქ 1961 წლიდან ცხოვრობს. აქ სარეცხს წვიმის წყლით რეცხავენ...


1944 წელს, როცა რკინიგზა გაიყვანეს, საბარგო სადგურის წყლის საქაჩი რკინიგზის ბალანსზე იყო. დასახლებას წყლით იგივე საქაჩი ამარაგებდა. ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, ამიტომ წყლის მიწოდება ახალციხის საქალაქო სამსახურს უნდა უზრუნველეყო, მაგრამ საბარგო სადგურის დასახლებას წყლით არც ქალაქის „წყალკანალი’’ და აღარც რკინიგზა ამარაგებს. 350-კომლიან დასახლებაში წყალი ათ დღეში ერთხელ მოდის. 

„ზაფხულში, 40 გრადუს სიცხეში, წყალი ერთხელ რომ მოვა, წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იქნება. წყალს დიდ ავზებში ვაგროვებთ. დიდხანს რომ ვინახავთ, სუნი ასდის და აყროლებულ წყალს ვსვამთ“, - ამბობს დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მოსახლეობა წყალს 3 კილომეტრით დაშორებული ქალაქიდან ეზიდება.

„წყალს ქალაქიდან მანქანით ვეზიდებით. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ან საწვავს უსხამს სხვას მანქანაში, ან ცხენით მოაქვს და ცხენის მეპატრონეს 50 თეთრს უხდის“, - ამბობს 45 წლის ალბერტ ეღიკიანი.

საბარგო სადგურის მკვიდრი ნაზი გასპარიანი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება „გამოსწორდა“ და წყალი ყოველ მეოთხე დღეს მოდის.
     
„წყალი ყოველდღე რომ იყოს, კარგია, მაგრამ რომ არ არის, რა ვქნათ?!“ - კითხულობს არარატ გევორქიანი.

საბარგო სადგურის მოსახლეობას წვიმა განსაკუთრებულად ახარებს, რადგან ბაღ-ბოსტანიც ირწყვება და წყალს სარეცხის დასარეცხადაც იმარაგებენ.

სადგურის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ  წყლის მიწოდებისას დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს ყოველთვიურად იხდიან. ფულის აკრეფა ქვითრების გარეშე ხდება. ინკასატორის, ნაირა ჩლაჩიშვილის თქმით, გადამხდელი 120 ოჯახია. ნაწილს წყლის დაბალი წნევის გამო წყალი არ მიეწოდება და ფულსაც არ იხდიან: „ყოველ თვეში 285 ლარის ელექტროენერგია იხარჯება. ოჯახს, საშუალოდ, სამი ლარის გადახდა უწევს - ზოგი ორ ლარს, ზოგი - სამს, ზოგიც ოთხს იხდის - ვისაც რამდენი აქვს, ან რა ხასიათზეა“.


ოთხ დღეში ერთხელ წყლის მიწოდებას ნაირა ჩლაჩიშვილი, რომელსაც მოსახლეობამ ეს საქმე უკვე ორი თვეა მიანდო, იმით ხსნის, რომ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია იხაჯება და მოსახლეობიდან გადასახადის ამოღება ჭირს: „წყალი ყოველდღე რომ მივაწოდოთ, თვეში ათას ლარამდე დაიხარჯება. მერე ამ თანხას ვერ ავკრეფთ. ხელფასი 150 ლარი მაინც ხომ უნდა მქონდეს?! მოსახლეობიდან აკრეფილი ფული ენერგოკომპანიაში შემაქვს. რაც რჩება, ის არის ჩემი ანაზღაურება - ხან მრჩება, ხან არა“.

მისივე თქმით, საქაჩი სადგური საგადასახადოში დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, გადასახადსაც არავინ იხდის. „წყალკანალში მითხრეს, საგადასახადოში დარეგისტრირების შემთხვევაში გადასახადის გადახდა მოგიწევთო. ცოტა ხანს მოიცადეთ და გაზაფხულზე წყალი გექნებათო. თანხა მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად იკრიფება“, - ამბობს ის.

ახალციხის „წყალკანალის“ დირექტორი გურამ შეშაბერიძე ამბობს, რომ საქაჩი სადგური ადმინისტრაციულად რკინიგზას ეკუთვნის და გაუგებრობასაც სწორედ ეს ქმნის: „ბოლოს რკინიგზას მოვთხოვეთ, რომ წყლის საქაჩ სადგურს ან მოუაროს, ან გადმოგვცეს. ისინი საქაჩს 105 ათას ლარად აფასებენ, როცა მთელი ახალციხის „წყალკანალის“ ღირებულება 285 ათასია“.

მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე შალვა დალალიშვილი გვაიმედებს, რომ აღნიშნული პრობლემა მომავალი წლისთვის მოგვარდება.
    
„მომავალი წლისთვის ვგეგმავთ საბარგო სადგურის ურავლის წყლის მაგისტრალზე გადაერთებას, რის შემდეგაც წყალი მოსახლეობას თვითდინებით მიეწოდება და, შესაბამისად, ღირებულებაც ნაკლები იქნება“, - აცხადებს დალალიშვილი.

გურამ შეშაბერიძის თქმით, ურავლის მაგისტრალზე ხაზი რკინიგზის საქაჩის გვერდის ავლით გადაერთვება.

გულო კოხოძე, ახალციხე

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC