კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანაკლიელი გლეხები მიწის დათმობას არ აპირებენ

23 ოქტომბერი, 2007

შავიზღვისპირა სოფლის მოსახლეობა მიწების გასხვისების მცდელობას რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან აპროტესტებს. ანაკლის მოსახლეობა აუქციონზე გატანილი იმ 25 ჰექტარი მიწის ფართობის გაყიდვას ეწინააღმდეგება, რომლითაც იგი წლების განმავლობაში სარგებლობდა. ანაკლიელი გლეხები საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთანაც გეგმავენ და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვენ.

25 ოქტომბერს ფოთში, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელოს, გურიისა და სვანეთის სამხარეო სამმართველო პრივატიზების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ანაკლიაში, განმუხურსა და დარჩელში აცხადებს სპეციალურ აუქციონს, იჯარით გაუცემელი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 91 მიწის ნაკვეთზე.

ანაკლიის მოსახლეობამ აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ იგი არაობიექტურად ჩატარდება და პროტესტის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში ანაკლიის ყოფილი ციტრუსის მეურნეობის მიწის ფართობებიც შეიტანა. როგორც აღმოჩნდა, უკვე შ.პ.ს. „ანაკლიის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები მისმა ხელმძღვანელმა, ფრიდონ სვანიძემ რამდენიმე წლის წინ 50 წლიანი იჯარით აიღო.

ეკა გვილია: „ფრიდონ სვანიძესთან 45 ოჯახს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. თითქმის 30 წლის განმავლობაში მიწებს სიმინდის მოსაყვანად ვიყენებდით. ჩვენი მთელი წლის საზრდო ამ ყანებზეა დამოკიდებული. ერთი ჰექტარი მიწის ფართობი 69 ლარად არის შეფასებული. ჩვენც ვიცით, რომ ამ ფასად მიწებს არავინ მოგვცემს. ვითხოვთ ზღვრული ფასის დაწესებას, რომ ნაკვეთები შევინარჩუნოთ“.

ანკლიელების შეშფოთება გავრცელებულმა ინფორმაციამაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც 25 ჰექ. მიწის ფართობის დასაკუთრება არა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, არამედ ქუთაისელ ბიზნესმენებს სურდათ. მიწის პრივატიზების სურვილი ანაკლიელ რობერტ ხუბუასაც გაუჩნდა. გასაკვირი და მოულოდნელი ამაში არც არაფერი უნდა იყოს, რომ არა მის ზურგს ამოფარებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და მისი მამა, პარლამენტის დეპუტატი გრიგოლ ქობალია. ის. რომ დასაკუთრების შემთხვევაში ამ მიწის ფართობებზე დასასვენებელი სახლები და სასტუმროები აშენდება, ამას არც ხუბუა გამორიცხავს, მაგრამ ქობალიებთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მათთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფს.

შავიზღვისპირა ზოლით პარლამენტარ გრიგოლ ქობალიას დაინტერესებაზე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც საუბრობენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იგი არაბების მეგზურობაში შენიშნეს. ჯიპის მარკის 12 ავტომანქანით გაერთიანებული საემიროებიდან ანაკლიაში ჩამოსულმა არაბებმა მდინარე ენგურისა და შავი ზღვის შესართავიც დაათვალიერეს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განმუხურის პატრიოტთა  ბანაკია გაშენებული. პარლამენტის დეპუტატი და არაბი შეიხები ზუგდიდელებმა დადიანისეულ ბაღში მოსეირნეებიც შენიშნეს, თუმცა დღემდე გაურკვეველია დააინტერესა თუ არა გრიგოლ ქობალიამ ისინი შავიზღვისპირეთით და ჩადებენ თუ არა არაბები სოლიდურ ინვესტიციებს მის განვითარებაში.

გამგეობის შენობასთან დღეს აქციის მონაწილეებს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე ქობალია არ შეხვდა.

ჯული როგავა: „ქობალია დღეს უბრალოდ დაგვემალა, ხალხთან შეხვედრის ეშინია. იგი ვერაფერს წყვეტს და მოსახლეობის სასარგებლოდ დახმარების გაწევაც არ შეუძლია“.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სამეგრელოს ოფისის იურისტის, კახაბერ მიქელბაიას განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთით სოფელ ანაკლიის მოსახლეობა წლების განმავლობაში სარგებლობდა და ის აუქციონის ჩატარების დროს უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობს. ამდენად, მათი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები