კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ბაღების ძველი და ახალი გამგეების ბრძოლა გრძელდება

24 ოქტომბერი, 2007

გორში საბავშვო ბაღების გარშემო ატეხილი სკანდალი არ ცხრება. ბაღების ყოფილი გამგეები თვლიან, რომ ამჟამინდელი გამგეები საბავშვო ბაღებში უკანონოდ არიან შეჭრილები. ისინი პროკურატურაში ჩივილს აპირებენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ქონების და თანამდებობის ბოროტად დაუფლება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაობენ იმასთან დაკავშირებით,  საბავშვო ბაღების გამგეების კონკურსი უკანონოდ ჩატარდა თუ არა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არსებული ნორმატიული აქტების რეგისტრირების გორის განყოფილების უფროსი ვანო ბალახიშვილი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში აღნიშნავს: ,,ჩემთან აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებული რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, კანონქვემდებარე აქტი ან დებულება არ არის რეგისტრირებული.  შეგიძლიათ მომწეროთ ამის შესახებ და წერილობით დაგიდასტუროთ“,  - განმარტავს ბალახაშვილი. მისი ეს კომენტარი აუდიო-ფირზეცაა ჩაწერილი.

მაშ, რაღა საჭიროა შიდა ქართლის გუბერნატორმა  სასამართლოში იჩივლოს? გუბერნატორმა ჭალის დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს ამ კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელით მიმართავს.

,,საინტერესოა, რომელი კონკურსის შედეგები უნდა გააუქმოს გუბერნატორმა, რომლის თაობაზე არც ერთი დოკუმენტი ოფიციალურად არ არსებობს?. ფაქტობრივად,  ეს კონკურსი იურიდიულად არ არსებობს და მასში „გამარჯვებულ“ კანდიდატებს არა აქვთ უფლება თანამდებობები ეკავოთ“, - აცხადებს  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნათია ქალიაშვილი.

მე-3-ე საბავშვო ბაღის გამგეს მარინა მეტრეველს კი სჯერა, რომ იგი სამართლიანად არის დანიშნული ბაღის გამგედ.

გორის სასამართლო უფრო დაშორდა რეალობას, და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი მომჩივანი ბაღის გამგის სარჩელი, კონკურსის გაუქმებასთან დაკავშირებით, წარმოებაში არ მიიღო, რადგან ამ კონკურსს, თურმე  „გასაჩივრების ვადა გაუვიდა“.  ყოველ შემთხვევაში, ასე წერს მოსამართლე ძიმისტარაშვილი გადაწყვეტილებაში.

,,საინტერესოა რა უფლებით სხედან დღესაც იმ სიაში შეყვანილი ბაღის ე.წ გამგეები საბავშვო ბაღებში, რომლებზეც გუბერნატორი საუბრობდა.  ბალახაშვილმა თქვა, არც ერთი დოკუმენტი არ მაქვს რეგისტირებულიო, კონკურსთან დაკავშირებული არც ერთი დებულება არ არსებობს.  რა უფლებით აქვთ პრეტენზია ე.წ. ,,ახალ გამგეებს“, რა უფლებით უკავიათ გამგეების კაბინეტები“,  - კითხულობს მე-12-ე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე ლია ჭონიშვილი.

,,ეს პრობლემა დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებას ისე აქვს ხელოვნურად გართულებული, რომ ვერაფრით აგვარებს. საქმე იმაშია, რომ ცალკე ჩვენ, ყოფილი გამგეები  ვაწუხებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცალკე - ახალი გამგეები. ყველა მათგანს ერთსა და იმავეს გვეუბნებიან - თქვენც მართლები ხართ და თქვენც მართლები ხართო. ვეღარ გავიგე სიმართლე“, - ამბობს საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე მარინა ინაური.

,,ძველი კადრები ერთ რამეს არ ითვალისწინებენ. ამჟამად, საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, ხდება მათი ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბება, რომელსაც სჭირდება ახალი ხელმძღვანელი. ამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე კანდიდატების ასარჩევად კი საჭიროა კონკურსი. კონკურსის გარეშე ბაღების გამგეების არჩევა უკანონოდ ჩაითვლება“,  - გვიცხადებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე.

ლია ჭონიშვილის კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება აქაც ხელოვნურად ართულებს სიტუაციას: „ისინი რატომღაც არ აქვეყნებენ ყოფილი გამგეების გათავისუფლების ბრძანებებს. ჩვენ ხელთ არა გვაქვს რაიმე დოკუმენტი ჩვენი გათავისუფლების შესახებ,  კვლავ ვითვლებით იმ თანამდებობის პირებად, რომელი თანამდებობებიც გვეკავა“

,,ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ,,ახალი გამგეები“ სახალხო დამცველთან ჩავიდნენ და დახმარება ითხოვეს. მე-12-ე ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე ლია ჭონიშვილი ამბობს, რომ ,,ძველი გამგეებიც“  იყვნენ სახალხო დამცველთან, თუმცა არც თუ კმაყოფილები წამოვიდნენ.

ჩვენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, სალომე ვარდიაშვილს დავუკავშირდით:

,,ჩვენი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება აბსულუტურად ობიექტური. ამ მასალას აუცილებლად მოგაწვდით. მე ორივე მხარეს შევხვდი. სახალხო დამცველის აპარატი მიკერძოებული არ იქნება. ჩვენ ვსწავლობთ მასალებს და მხოლოდ დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია. რადგან  ძველი გამგეები მიხეილ ქარელის დროს გათავისუფლდნენ და ჩვენ ყოველთვის ქარელის ადმინისტრაციას ვაკრიტიკებდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი გამგეების სურვილებს ბრმად გავითვალისწინებთ. როდესაც ჩვენთან ახალი გამგეები მოვიდნენ, შემოგვჩივლეს, რომ ძველი გამგეები ბაღის შენობაში შეჭრას აპირებდნენ, მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, მიემართათ პოლიციისთვის“.

ერთი საინტერესო დეტალი: ბაღების ახალ გამგეებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ახლობლები დღესაც ჰყავთ გამგეობაში. სწორედ ამის ეშინიათ ძველ გამგეებს.

,,მე-9-ე საბავშვო ბაღში დაინიშნა ნათია კოკოშვილი, რომელიც გამგეობის კანცელარიის მთავარი სპეციალისტის სესილი კოკოშვილის დაა. მე-2-ე საბავშვო ბაღში დაინიშნა ნონა  ბუხრაძე, რომელიც არის დათო ბუხრაძის (კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მიხეილ ქარელის მეგობარი) მეუღლე. სხვათა შორის, კონკურსის ჩამტარებელი იურისტი რევაზ გოგიაშვილი დათო ბუხრაძის დისშვილია. მე-12-ე ბაგა-ბაღში დაინიშნა მაშინდელი აპარატის უფროსის ლალი კლიმიაშვილის და.

მე-9-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დაინიშნა ნინო როსტიაშვილი, მიშა ქარელის აპარატის თანამშრომლის მაია როსტიაშვილის დედა. მე-3-ე ბაგა-ბაღში დაინიშნა ხათუნა ილურიძე, რომელიც არის გამგეობაში მომუშავე საკრებულოს წევრის მამუკა დავითულიანის მეუღლე. მე-4-ე ბაგა-ბაღში დაინიშნა ეკატერინე დიდებელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გუბერნატორების ოქრუაშვილის და ქარელის  სამდივნოში და საარჩევნო შტაბში მუშაობდა. მე-6-ე ბაგა-ბაღში დაინიშნა ოლიკო წურიაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავი, რომელიც ამავე დროს არის ბაზრის დირექტორის მოადგილის გოგა ბასილაშვილის მეუღლე“.

საკრებულოს წევრს, მამუკა დავითულიანს მიაჩნია, რომ მისმა მეუღლემ მე-3-ე ბაგა-ბაღში სამართლიანად გაიმარჯვა, რადგან ყველა პირობას აკმაყოფილებდა. ,,რას ვლობირებდი? იმას ვლობირებდი, რომ ჩემს ცოლს 100 ლარიანი სამსახური ჰქონოდა?~ - ამბობს მამუკა დავითულიანი.

კანცელარიის მთავარ სპეციალისტს, სესილი კოკოშვილს სასაცილოდ მიანია ის ფაქტი, რომ თურმე, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ვინმეს ლობირება შეეძლოს: ,,რა თანამდებობა მაქვს ხალხო, ეგეთი, რომ მე ვინმეს ლობირება გავუწიო. კონკურსი გაიარა ჩემმა დამ და გაიმარჯვა“, - ამბობს სესილი კოკოშვილი.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები