11:22, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ძალა, რომელსაც ახალგაზრდობა ფლობს

30.10.2007
„გვჯერა, ქუჩაში ათასობით ახალგაზრდა გამოვა და ისინი საკუთარ პროტესტს ღიად დააფიქსირებენ. ისინი ხმამაღლა იტყვიან, რომ მათ მკვლელი ხელისუფლების არ ეშინიათ, რომ ისინი მზად არიან, ამ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაც დავისახეთ - მკვლელი ხელისუფლება უნდა წავიდეს“ - ეს მოძრაობა „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“-ის დღევანდელი განწყობაა. მოძრაობის  ლიდერი  ჯაბა ჯიშკარიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ძალადობრივი ქმედებებითა და დაპატიმრებებით ხელისუფლება ახალგაზრდობას ვერ დააშინებს. მისი თქმით, ხელისუფლება უკურეაქციას ანუ კიდევ უფრო დიდ პროტესტს მიიღებს, რომელსაც საბოლოოდ გადაჰყვება კიდეც.

მოძრაობა „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ დაახლოებით ორი კვირის წინ შეიქმნა. ისინი უკვე ერთი კვირაა თეატრალიზებულ აქციებს სახელმწიფო კანცელარიასთან, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან, ავჭალის კოლონიასთან მართავენ. აქციების მთავარ სამიზნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო მიზანს - ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ წარმოადგენს. 25 ოქტომბერს მათ მეტროსადგურ „რუსთაველთან“, „თავისუფლებასთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსთან, ყუთები დადგეს, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ ფურცელზე საკუთარი ვინაობა და კოორდინატები დაწერონ და ყუთებში ჩააგდონ. ამით ისინი ავტომატურად ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ხდებიან.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ახალგაზრდების ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამშობლოს მათი გაერთიანება სჭირდება: „ჩვენ ყველანი ერთად ერთი იდეის გარშემო ვდგავართ და ამ იდეას სიმართლის ტაძარი ჰქვია. ჩვენი მოძრაობა არავისგან არ არის მართული, ვართ სრულიად დამოუკიდებლები. მოძრაობა არარსებული სასამართლოს, პოლიციური სახელმწიფოს და ძალადობის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ძალადობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი ახორციელებს, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს. ჩვენ არ გვეშინია იმის თქმის, რომ მკვლელი პრეზიდენტი და მკვლელი ხელისუფლება გვყავს. ჩვენ საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ ბოროტების ღერძს აუცილებლად მოვარღვევთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, მედიაც უნდა ამოგვიდგეს მხარში“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, მოძრაობაში უკვე  დაახლოებით 800 ახალგაზრდაა გაერთიანებული. მოძრაობის ჩამოყალიბება ინციდენტით დაიწყო, როდესაც მოძრაობის წევრები გიორგი მესტუმრიშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, ირაკლი ჩუხუა და ირაკლი გაფრინდაშვილი დააკავეს. ისინი 6 ნოემბრამდე თბილისის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან:

„ასეთი ქმედებებით, ხელისუფლება ვერ შეგვაშინებს. პირიქით, ახალგაზრდებში უფრო იმატა პროტესტის გრძნობამ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩვენი მოძრაობის ფილიალების ჩამოყალიბებას ვგეგმავთ. ხელისუფლებას ვპირდებით, რომ ეს მოძრაობა გახდება უფრო ფართომასშტაბიანი და ეს იქნება სახალხო მოძრაობა საქართველოს მასტაბით“ - ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, აქციები ყოველდღიურად გაიმართება. მისი თქმით, აქციები  მშვიდობიანი იქნება და  განხორციელდება კანონის ფარგლებში: „დაპატიმრებით და შიშის სინდრომის დანერგვით ხელისუფლება ჩვენზე ვერ იმოქმედებს. ჩემი მეგობრების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ სანამ დემოკრატიის პრინციპების რეალიზება არ მოხდება, ჩვენი მოძრაობა არ გაჩერდება. ჩვენი მიზანია ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე. ხერხი კი ერთია - შეუწყვეტელი, პერმანენტული აქციები, მანამ, სანამ ხელისუფლება გონს არ მოვა“, - ამბობს მოძრაობის ლიდერი.

ახალგაზრდული მოძრაობის პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ამ დღეებში იქმნება სპეციალური სტუდენტური შტაბი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების კოორდინატორები გაერთიანდებიან: „ისინი დაგეგმავენ ყოველდღიურ აქციებს და სტუდენტთა მოძრაობას უფრო ორგანიზებული სახე მიეცემა. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას 2 ნოემბრის საყოველთაო აქციაში და ამ აქციაზე  ჩვენი მთავარი ლოზუნგი იქნება:  „სტუდენტობა ძალადობის წინააღმდეგ“, - აცხადებს ზურაბიანი.

მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობა არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ექვემდებარება და ისინი არც მომავალში გეგმავენ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას: „ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებსაც გულიდან ამოსული პროტესტის გრძნობა გვამოძრავებს.“

ცოტნე ზურაბიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ მათი მეგობარი გიორგი თოფურია "უნივერსიტეტის ეზოში მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ მას უნივერსიტეტის თვითმართველობისაგან და ნაციონალური პარტიისაგან განსხვავებული აზრი ჰქონდა:  „ჩვენ ასეთი ძალისმიერი ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ არ გვინდა ძალადობა, ჩვენი სურვილია სტუდენტს აღარ ეშინოდეს საკუთარი, განსხვავებული აზრის დაფიქსირებისა.“

როგორც სტუდენტური მოძრაობის წევრები აცხადებენ, ისინი არა მარტო 2 ნოემბრის აქციაზე გეგმავენ გამოსვლას, არამედ შემდგომში დაგეგმილ აქციებშიც აქტიურად ჩაებმებიან და ღიად გამოხატავენ საკუთარ აზრსა და მოთხოვნებს:

„ჩვენ ყველა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ გავილაშქრებთ, რომელიც ბინძურად ჩაერევა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ჩვენ ვებრძვით უნივერსიტეტში არსებულ სისტემას, რომელსაც ნაციონალური პარტია და დავით კირკიტაძე მართავს. მათი სურვილია უნივერსიტეტში არ არსებობდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი აზრი და აქედან გამომდინარე ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები, რომ სტუდენტები შეძლებისდაგვარად დააშინონ. თუმცა, ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და რა ძალას ფლობს სტუდენტობა. სწორედ იმიტომ, რომ კარგად იციან სტუდენტობის ძალის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მაქსიმალურად დაიმორჩილონ უნივერსიტეტის თვითმართველობა, რათა საკუთარი შეხედულებისამებრ ამოძრაონ ისინი. მაგრამ დარწმუნებულები იყავით, ჩვენ აუცილებლად შევცვლით არსებულ სისტემას, რომელსაც არაფერი აქვს საერთოდ დემოკრატიასთან“ - აცხადებს ცოტნე ზურაბიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC