კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხიდან გამოტანილი ამბები

1 ნოემბერი, 2007
72 წლის მარგო ცეცხლაძე ქუთაისში სისხამ დილით ქობულეთიდან ჩამოვიდა. მოხუცმა დედამ იცის, რომ მისი კონტაქტი შვილთან დღეს მხოლოდ ამანათის გადაცემით შემოიფარგლება და ამისთვის მზადაა. შაოსანი ქალბატონი დაცვარულ შუბლს თავსაფრით იმშრალებს და საგულდაგულოდ ჩალაგებულ ჩანთას ფეხებთან მას შემდეგ იდგამს, როცა კითხვაზე - ბოლო ვინაა? - დამაკმაყოფილებელ პასუხს იღებს. რიგი გრძელია. აქ ყველამ იცის, რომ უკან მალე ვერ გაბრუნდება.

ხუთშაბათი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის #2 საპყრობილეში ამანათებს ახლობლებისგან დღეს მხოლოდ განსასჯელები მიიღებენ. ამანათები კი, საკმაოდ მოკრძალებული იქნება.

„ესენი ადამიანები არ არიან. ისედაც მხოლოდ წვრილმანს ვუგზავნით პატიმრებს და ამაზეც დიდი ამბავია ატეხილი. ჯერ უთენია უნდა მოხვიდე, რომ რიგში ჩადგე და საღამომდე ამანათის გადაცემა მოასწრო. თუ დააგვიანე, მერე ღამის გასათევი უნდა ეძებო, რომ დილით ისევ რიგი დაიკავო“, - უკმაყოფილებას ვერ ფარავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რიგში წინა პოზიციებზეა „გამაგრებული“.

იგი სხვა ბევრ საინტერესო ამბავსაც ყვება: „ტყუილად იძახის ჩვენი მთავრობა, რომ საპყრობილეებში ვითარება გამოსწორდა. ამ ციხეში შუაღამით შეუცვივდებიან ხოლმე პატიმრებს ახალაიას დამქაშები და აწიოკებენ. ნათესავის ბიჭია, ქურდობაზე ზის. 12 წელი აქვს მისჯილი. დედამისი მიყვებოდა გუშინ, ძალიან მძიმე პირობებში არიანო. გალეშილები შეცვენილან 25-30 წლის ბიჭები, თბილისიდან ვართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდანო და ყირაზე დაუყენებიათ იქაურობა. მერე ერთი-ორი შემოურტყიათ პატიმრებზე და გაცვენილან. ეს ციხეები მართლა ახალაიას სარდაფებია. პირობები არასდროს გამოსწორდება“.

რიგში 80-მდე ადამიანი დგას, მაგრამ აზრის გამოხატვა ყველას არ სურს. ძნელი მისახვედრი არცაა, რატომ ირჩევენ ისინი დუმილს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც პირდაპირობას არ ერიდება. მაგალითად, ქალბატონი ლეილა, რომელსაც ქუთაისის ციხეში ოჯახის ორი წევრი - ძმა და შვილი ყავს. ძმას 8 წელი აქვს მისჯილი, შვილი განსასჯელია.

„ისედაც თვიდან თვემდე ვერ ვნახულობ ბავშვს და როცა მოვდივარ, ყოველთვის იმას ვფიქრობ, რომ შეიძლება არც მომიწიოს რიგი და ამანათი უკან უნდა წავიღო. თითო ამანათის შეგზავნის პროცედურა თითქმის ერთ საათიანია. მაინც ვერ ვიგებ, რას ამოწმებენ, რა არის ამდენი დასათვალიერებელი. ჩვენ საშუალება არ გვაქვს, შიგნით საკვები შევაგზავნოთ. მარტო კიტრის, პომიდორის, თაფლის და ხილის შეგზავნაა დასაშვები. არადა, პატიმრები თითქმის მშივრები არიან. ხორცი და რძის ნაწარმი საერთოდ ამოღებულია მენიუდან. იცით, რას ვფიქრობ? სპეციალურად აკრძალეს რიგი პროდუქტები, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ამანათების შემოწმება გაუადვილდეთ“, - ამბობს ქალბატონი ლეილა.

ამასობაში, ის, ვისი რიგიც მოვიდა, ჩანთას მსუბუქად წევს, ციხის თანამშრომელს პატიმრის სახელს და გვარს ხმამაღლა ეუბნება და გზავნილს აწვდის. თან წუხს, რომ ამანათში შაქარი ვერ ჩადო.

„უკვე მერამდენედ, პატიმრები უშაქრობას უჩივიან. ჩვენ კი მათთვის  შაქრის შეგზავნა გვეკრძალება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პატიმრები მისგან ალკოჰოლიან სასმელს ამზადებენ“, - ამბობს ერთი.

„ხო, ეს სასმელი, თურმე, შაქრისა და შავი პურისგან მზადდება და ბრაგა ქვია“ პასუხობს მეორე.

12 საათი ხდება და გრძელ რიგს ქუთაისის ციხესთან „კუდი“ თანდათან ეზრდება. შესაბამისად, მრავალფეროვანი ხდება ამ რიგში გაგონილი, ციხის საკნებიდან გამოტანილი ამბები. აქ ვიგებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმარს გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვადასხვაგვარი პირობები აქვს.
 მაგალითად, განსასჯელებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლებას, განცხადებით მიმართვის შემდეგ, სასამართლო აძლევს. პაემნის ხანგრძლივობა კი 15 წუთია.

საპყრობილის რეჟიმზე მყოფი პატიმრები ახლობლებს ექვს თვეში ერთხელ ხვდებიან. მკაცრი რეჟიმის დაწერსებულების პატიმრები კი - თვეში ერთხელ. ამ ინფორმაციას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის სანახავად მოსული ადვოკატისგან ვიღებთ. ანა ჩაფიძე ციხეში არსებულ დარღვევებზე მოურიდებლად  საუბრობს:

„ის, რაც აქ ხდება, არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პატიმრის უფლებებს, ისე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსაც. პატიმრებს არანაირი საკომუნიკაციო საშუალება არა აქვთ, რომ ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. წერილების გაგზავნა და მიღება ეკრძალებათ. თუ პატიმარს ადვოკატი ყავს, ამ შემთხვევაში, მისი საშუალებით ხდება ეს კონტაქტი. ისიც, გაჩხრეკის და წერილის სიტყვა-სიტყვით წაკითხვის შემდეგ. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის, საპროცესო კოდექსის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ადვოკატისა და პატიმრის ურთიერთობა კომფიდენციალურია. აქ კი, ყველაფერი პირიქითაა. როცა ვიკითხავ, ასე რატომ, რის საფუძველზე იქცევიან, მპასუხობენ, რომ შიდა ბრძანებულების მიხედვით მოქმედებენ, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოდის“.

სანამ საპყრობილის მისაღების თანამშრომელი ამანათს იბარებს, მორიგი სასაუბრო თემა მედიკამენტები და ციხის სამედიცინო ნაწილი ხდება. ჩანს, ხელისუფლებისთვის საამაყო, „მაღალი კლასის“ საპყრობილეში ამ მხრივაც მძიმე ვითარებაა. აქ სამედიცინო მომსახურება მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღებითა და ჭრილობის შემთხვევაში, მისი ბანდით შეხვევით შემოიფარგლება.

„სამედიცინო ნაწილში არ ყავთ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ექიმების შემოყვანა ხდება მხოლოდ ადვოკატის ჩარევის შემდეგ. ისიც, დიდი დავიდარაბის შედეგად. სამედიცინო ნაწილში არ არის საკმარისი რაოდენობის პერსონალი, ამიტომ ჭირს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და შემდეგ მკურნალობა. ამიტომ ხშირად ისინი მძიმე ავადმყოფები ხდებიან და მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გარდა ამისა, ციხეზე არა აქვთ საკმარისი რაოდენობის მედიკამენტები, რის გამოც ამ საკითხზე პატიმრის ოჯახის წევრები ზრუნავენ“, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

რიგი ქუთაისის  ციხესთან წინ მიიწევს. ყველაზე ასაკოვან „რიგოსანს“, ქობულეთელ მარგო ცეცხლაძეს სანატრელ პოზიციამდე ათიოდ ადამიანი აშორებს.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


ახალი ამბები