კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისი ,,პიარით“ დაიღალა გორის საკრებულოს პრესსამსახური

2 ნოემბერი, 2007
გორის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა და თანამშრომლებმა საკრებულო  დატოვეს. აწ უკვე ყოფილმა პრესმდივანმა სოფიკო რეზრიჩენკოს განცხადებით, აუტანელი ყოფილა ხელისუფლების პიარი.

სოფიკო რეზრიჩენკო: ,,ხელისუფლება აღარ ახდენს არანაირ რეაგირებას მოსახლეობის პრობლემებზე. აღარ ითვალისწინებს ხალხის აზრს. ამიტომ ჟურნალისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება აღარ დავდგეთ იმ ხელისუფლების გვერდით, რომელიც   მხოლოდ საკუთარ პიარზე ფიქრობს. აღარ ვემსახუროთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“.

სოფიკო რეზრიჩენკომ დაასახელა ასევე კონკრეტული გვარები, რომლებიც მის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან და მის მსგავსად პრესსამსახურს და გამგეობის გაზეთს ტოვებენ. ესენი არიან: ეკა ოქროპირიძე; ლიკა ბალიაშვილი; ქეთი ნარიმანიძე და ირმა ბუზიაშვილი. საგულისხმოა, რომ ამ ადამიანებიდან ლიკა ბალიაშვილმა და ქეთი ნარიმანიძემ რეზრიჩენკოს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

ქეთი ნარიმანიძე, გამგეობის პრესსამსახურის უფროსი: ,,მე დღესაც გამგეობაში, პრესსამსახურის უფროსად ვმუშაობ. არანაირი საუბარი სოფიკო რეზრიჩენკოსთან არ მქონია. რაში დასჭირდა ჩემი სახელის გამოყენება, არ ვიცი. სხვათა შორის, მე მუშაობას ვაპირებ ,,ტაო-ბანკში“, შეიძლება პრესსამსახურიდანაც წავიდე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ პირადი განცხადების საფუძველზე. პირიქით, აქ მთხოვეს კიდევაც სანამ საბოლოოდ გადაწყდებოდა ჩემი ბანკში გადასვლა, ცოტა ხანს დავრჩენილიყავი და მუშაობა გამეგრძელებინა“.

ლიკა ბალიაშვილი, გამგეობის პრესსამსახურის სპეციალისტი: ,,ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჩემი გვარი პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომლებს შორის გამოაცხადეს. მე არსად წავსულვარ და არც რაიმე სურვილი მაქვს, რომ  მსგავსი განცხადებები გავაკეთო. სოფიკო რეზრიჩენკოსთან მქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა. სხვა საკითხებზე მასთან არანაირი საუბარი არ მქონია“.

,, ისინი მიხვდნენ, რომ ვერაფერს აკეთებდნენ და ამიტომაც ასე წასვლა ამჯობინეს. თავის დროზე ჩვენ არანაირი წმენდა არ ჩაგვიტარებია. ვინც დააკავეს, დააკავეს. სამსახურების ხელმძღვანელებს გამოვუცხადეთ, რომ ემუშავათ მთელი პასუხისმგებლობით. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო, მიდის კიდეც’, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე.

სოფიკო რეზრიჩენკოს კარიერა 2001 წლიდან ტელეკომპანია ,,თრიალეთში“ დაიწყო. ჯერ ჟურნალისტად, ხოლო შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა. რეზრიჩენკომ ,,თრიალეთი“ მას შემდეგ დატოვა, რაც ტელევიზიის მფლობელს ბადრი ნანეტაშვილს ურთიერთობა მიხეილ ქარელთან დაეძაბა. ბადრი ნანეტაშვილი ქარელს ბრალს ჟურნალისტების გადაბირებაში სდებდა. რეზრიჩენკო და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სამუშაოდ საკრებულოს პრესსამსახურში გადავიდნენ.


,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისი ყველა იმ ჟურნალისტს დაუკავშირდა, რომლებიც გორში ყველაზე აქტიურად მუშაობენ, პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებენ და მათ ვთხოვეთ გაეკეთებინათ გარკვეული შეფასება საკრებულოს და გამგეობის პრესსსამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით..

გოგა აფციაური, რადიო ,,თავისუფლების“ გორის ბიურო: ,,ჩემთვის ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა ეს განცხადება სწორედ 2 ნოემბრის წინა დღეს გააკეთეს. ნამდვილად ეჭვი მეპარება მათ გულწრფელობაში. როგორც ცნობილია, ისინი პრესსამსახურში მიხეილ ქარელის და მარლენ ნადირაძის მმართველობის პერიოდში დაინიშნენ. 12 სექტემბერს ამ მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ ახალ ადგილობრივ ხელისუფლებას პრესსამსახურის ჟურნალისტები არ გაუთავისუფლებია. პირიქით, თვენახევრის განმავლობაში ისინი კვლავ ხელმძღვანელობდნენ პრესსამსახურს და შეიძლება ითქვას, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ამ პრესსამსახურის ჟურნალისტები ვერასდროს ასრულებდნენ მედიატორის როლს ადგილობრივ ჟურნალისტებსა და ხელისუფლებას შორის, ვერც მაშინ და ვერც ახლა“.

იზო ჩუბინიძე, რუსთავი 2-ის გორის კორესპონდენტი: ,,ერთადერთხელ მოვახერხე რეზრიჩენკოსთან დაკავშირება:,,თრიალეთის“ ჟურნალისტი საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალს მუქარაში და ანგარიშსწორებაში სდებდა. მაშინ დამირეკა რეზრიჩენკომ და მითხრა, მარლენ ნადირაძე არ აკეთებს კომენტარს ავადმყოფ ხალხის ნათქვამზეო. ეს იყო და ეს. არასდროს არ მახსოვს, მისი ინიციატივით რაიმე ინფორმაცია მოგვეპოვებინა“.

ია თინიკაშვილი, ტელეკომპანია ,,იმედის“ გორის ბიურო: ,,მე მაგათი მოგვარებული არაფერი მინახავს. ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ ვერ დავურეკავ, ვერ გავუბედავ. პირველ პირებს კომენტარისთვის  ყოველთვის მე ვუკავშირდებოდი“.

ნინო ფისაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელის გორის ბიურო: ,,მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ უწოდებენ თავიანთ თავს ჟურნალისტებს, როდესაც ისინი გამგეობის პრესსამსახურში მუშაობდნენ. ეს ხომ იგივე სახელმწიფო სამსახურია. საკუთარი თავის ასე წარმოჩინება, ცოტა უცნაურია. რაც შეეხება ურთიერთობას, მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები რამდენჯერმე მართლაც დაგვკავშირებია სხვადასხვა ღონისძიებების გასაშუქებლად, მაგრამ საკრებულოს პრესსამსახურიდან არავინ მახსოვს. იმ შემთხვევაში კი თუ ჩვენ გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი დაგვჭირვებია, ყოველთვის პირველ პირებს ვუკავშირდებოდით“.

საბა წიწიკაშვილი გორი


ახალი ამბები