კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცნობილი სახეების დიდი ნაწილი ხალხის გვერდით დგას

5 ნოემბერი, 2007

„შადრევანი და გაუპატიურება, ეს არის ამ ხელისუფლების სახე“

რას ფიქრობენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე? როგორია მათი მოლოდინი? ამ კითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რამდენიმე მათგანს მიმართა.

კოტე ჯანდიერი, მწერალი: „ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. პროტესტის რომელი ერთი მიზეზი ჩამოვთვალო? პირველი და მთავარი - ცინიკური დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან. მკვლელობები, დარბევები, საკუთრების ჩამორთმევა, ბრიყვული საქციელი და  ყველაფრის. ვითომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით ჩანაცვლება. როგორ შეიძლება სასამართლო იყოს ამ მდგომარეობაში. აღარ ვლაპარაკობ მეცნიერებაზე, განათლებაზე... აქამდე მეშინოდა, რომ ხალხი ამ ყველაფერს  შეეგუებოდა. ახლა კი აღარაფრის მეშინია. ამათი ხელისუფლება დამთავრებულია.  ეს უკვე ბანდაა, რომელიც  ებრძვის მედიას, განათლებას, სამართლიან სასამართლოს“.

ზურა მანჯავიძე, მომღერალი: „ერთი სიტყვით რომ ვთქვა, იყიდება საქართველო. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეს არ არის ილუზია. ამას ჩემი თვალით ვხედავ. ხალხად არ გვთვლიან. სასამართლო არ არსებობს. ცამდე მართალი რომ იყო, სამართალს ვერ იპოვი. ასეთი გაღიზიანება წინა ხელისუფლების დროსაც იყო, მაგრამ ახლა უარესი ხდება. მაშინ ნაცნობობით მაინც პოულობდი სამართალს და ახლა ყველაფერი შეუძლებელია“.

ნატა მურვანიძე, მსახიობი: „მგონია, რომ არცერთი ნორმალური ადამიანი არ არის ამ მოვლენების მიმართ გულგრილი. პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, ყოველ წუთში რაღაც იცვლება. მე მსახიობი ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მე ხალხის მიერ დაქირავებული ადამიანი ვარ. თუ ხალხი ჩემს სცენაზე დგომას არ შეუკვეთავს, მაშინ ჩემი საქმიანობა აბსოლუტურად გამოუსადეგარი გახდება. თუკი მაყურებელს ჩემი თამაში არ მოეწონება, მას უკმაყოფილება შეიძლება მაქსიმუმ 2 დღეს გაჰყვეს, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილება უკვე 4 წელია გრძელდება. მე იმ ადამიანების გვერდით უნდა ვიდგე, რომლებიც ახლა პარლამენტის წინ გამოთქვამენ საკუთარ უკმაყოფილებას. ეს ჩემი მოვალეობაა“.

რატი ამაღლობელი, პოეტი: „ხელისუფლება გადაეჩვია პასუხების გაცემას. ხელისუფლებას აშკარად ეტყობა, რომ არ გააჩნია არანაირი პოზიცია საკუთარ მოქალაქეების მიმართ. აი სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის კრიზისი. პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ არა მგონია ხელისუფლება რაიმე ცვლილებას გეგმავდეს. ისინი ისევ რეკლამებით ელაპარაკებიან საზოგადოებას. აბსოლუტურად რეალურად და მართებულად მიმაჩნია გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საერთოდ მაინტერესებს, ამ სიტუაციაში, ვერ ვხვდები რატომ გვყავს პარლამენტი.პრეზიდენტი მაინც ყველაფერს ისე აკეთებს, როოგრც მას მოესურვება. ნუღარ გვატყუებენ, ამ პრეზიდენტს არ სჭირდება პარლამენტი, ეს არის ფარსი. თუ ნამდვილი პარლამენტი გვინდა, მაშინ, რასაკვირველია, ის დროზე უნდა ავირჩიოთ.“

დიმიტრი მანჯავიძე, თეოლოგი: „ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ქვეყანაში, რომელზეც ხალხი  პასუხებს მოითხოვს. მიტინგზე ჩემი მისვლის მიზეზები  ზოგადთან ერთად კონკრეტულიცაა.  ჩემს სისხლს და ხორცს შეეხნენ, წაართვეს ქონება, აპირებენ შეეხონ ჩემს სახლს, რომელზეც პრეტენზია თურმე ქალაქის მერს,  გიგი უგულავას აქვს. ეს მიზეზები კი საკმარისია ჩემთვის, გავიდე ქუჩაში და თუნდაც თავი გავწირო ამისათვის, რადგან ეს ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის, ჩემი მომავლის პრობლემაა. რაც უფრო მეტად ცინიკური იქნება ხელისუფლება ხალხის მიმართ, მით მეტად დაჩქარდება დრო მათი წასვლისა ხელისუფლებიდან. დღეს   მათ მოქმედებებში არაფერი ლოგიკური არ არის. „ეს მინდა მე და მორჩა“ - აი მათი კანონი - „შენ თუ შემეწინააღმდეგები, გაგანადგურებ ბოლომდე“, - ესეც მათი პასუხია. ეს დემოკრატია კი არა, პაპუასური წყობაა. შადრევანი და გაუპატიურება, ეს არის ამ ხელისუფლების სახე“.

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი: „ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადმოდგას ნაბიჯი საზოგადოებისაკენ, რადგან ეს მათი მოვალეობაა. ვისაც მეტი მიეცა, მათ მეტი მოეთხოვებათ, ამიტომ, ხელისუფლებამ არამარტო უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს, არამედ მათი სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც უნდა იზრუნოს“

ქეთათო ჩარკვიანი, მომღერალი: „ჩემი აზრით, ხალხი იქ არა ოპოზიციონერთა სიმპატიამ, არამედ დიდმა სოციალურმა გაჭირვებამ და იმ იმედგაცრუებამ მიიყვანა, რაც მათ ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, თუკი პრეზიდენტი და ხელისუფლება პარლამენტის წინ, ამ ყინვაში შეკრებილ ადამიანებს აჩვენებს, რომ მათ ხალხის ხმა ესმით, მაშინ შეიძლება ამ ყველაფერს გაცილებით ნაკლები სიმძაფრე ჰქონდეს. რაკი ქუჩაში ამდენი ადამიანი გამოვიდა, რაკი ისინი უკან დახევას არ აპირებენ, ხელისუფლება აუცილებლად უნდა წამოვიდეს რეალურ დიალოგზე. უფრო მეტად გაგებით უნდა მოეკიდოს მათ მოთხოვნებს. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო იმას აფიქსირებდეს, რომ მხოლოდ ისინი არიან ყველაფერში მართლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში რეალურ დიალოგზე წასვლაა აუცილებელი“.   

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მუსიკოსი ზაზა კორინთელი (ზუმბა) მანიფესტს ავრცელებს. „მინდა ჩემს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდებოდეს არჩევნების გზით! ვერ ვეგუები ურწმუნოებას, ნიჰილიზმს, სულერთიაობას, ფეხებზემკიდიაობას და “მაინც არ გამოვას” პრინციპს”, - ნათქვამია მანიფესტში.

მუსიკოსი სურვილს გამოთქვამს, რომ მოხდეს ქვეყნის კულტურული ევოლუცია, სახელმწიფოებრივი სიმტკიცე და ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და სოციალური, მოქალაქეობრივი წინსვლა. „მინდა ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები, მინდა მომავალი... წარსულზე ტირილი კმარა!,“ – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც მუსიკოსმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა.

ნინო თარხნიშვილი, თბილისი

ახალი ამბები