კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ გვეშინია იმიტომ, რომ დავიღალეთ“

5 ნოემბერი, 2007

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაიყვანა. უკვე მეოთხე დღეა ქვეყნის ყველა კუთხიდან თბილისში ჩასული მოსახლეობა პარლამენტის შენობის წინ საკუთარ განწყობას გამოხატავს. არიან ისეთებიც, ვინც გარკვეული მიზეზების გამო დედაქალაქში ჩასვლა ვერ მოახერხა, თუმცა, ისინი აქციის მონაწილეთა განწყობას იზიარებენ და ერთსულოვნად აცხადებენ, რომ „არ ეშინიათ, რადგან ძალიან დაიღალნენ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისი ქუჩაში გავიდა და რიგითი ადამიანების მოსაზრებები ჩაიწერა. ერთადერთ შეკითხვას - რას ფიქრობთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, - ხალხმა შემდეგნაირად უპასუხა.

მანანა არველაძე, პედაგოგი, 42 წლის: „ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, ხალხთან გამოვიდეს და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადოს. უმძიმესი მდგომარეობაა ყველა სფეროში. ადამიანებს ქუჩაში კლავენ და იმის მაგივრად, რომ მკვლელები დასაჯონ, აწინაურებენ მათ. ეს ხალხი სულელი არაა, დღედაღამე სიცივეში რომ დგას. ე.ი. მათ ძალიან უჭირთ“.

გულიკო ჯაჯანიძე, პენსიონერი, 72 წლის: „ამ ხნის ქალი ვარ და ასეთი უსირცხვილობა პირველად დავინახე. ხალხი შეიკრიბა და ერთად უთხრა პრეზიდენტს, რომ გაუსაძლისად უჭირს. მისი მთავრობა კი აცხადებს, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა და ასეთი აქციები სავსებით ნორმალურია. ეს დაცინვაა. მე მაქვს ეჭვი, რომ კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს. ამ მთავრობას სძულს ქართველი ხალხი. გაიგონ, არ გვეშინია იმიტომ, რომ დავიღალეთ“. 

დავით ლიპარტელიანი, მეწაღე, 61 წლის: „ქვეყანაში, პარლამენტის წინ ასეთი აქციებია და ამ ხელისუფლებამ იქვე, რამდენიმე მეტრში კონცერტი გამართა. ეს ნორმალურია? ანუ, ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობთო, პირდაპირ გეუბნება. რა დროს ნატოა, როცა ხალხი შიმშილისა და უსამართლობის გამო ქუჩაში გამოვიდა. არ უნდა გაჩერდეს ოპოზიცია და უკან არ უნდა დაიხიოს. ახლა უკან დახევა განწირვის ტოლფასია. ოჯახური მდგომარეობა რომ მაძლევდეს საშუალებს, მეც იქ ვიქნებოდი“.

ლალი უგრეხელიძე, პედაგოგი, 31 წლის: „იმის გამო, რომ 2 ნოემბერს თბილისში ნატოსთან დაკავშირებულ კონცერტზე ვიყავი, ძალიან მრცხვენია. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალადობა და ადამიანის უფლებების პირდაპირი შელახვა. მეთერთმეტე კლასის დამრიგებელი ვარ და იძულებული ვიყავი, ჩემს ბავშვებს გავყოლოდი. ქუთაისიდან დილის 10 საათზე გასული, საღამოს ექვს საათზე ისევ რიკოთზე ვიყავით. გავიყინეთ და შიმშილით კინაღამ დავიხოცეთ. ყოველ 15 წუთში აჩერებდნენ ავტობუსებს და გვამოწმებდნენ, ვინმე ხომ არ ჩავიდა. ბავშვებს აიძულებდნენ, ავტობუსებზე  სააკაშვილის პლაკატები გაეკრათ. თბილისში რომ ჩავედით, ავტობუსიდან ჩასვლის თავი არავის ქონდა. მე არც ჩავსულვარ. მერე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ერთ-ერთი სკოლა პარლამენტის წინ გამართულ აქციას შეუერთდა. უკან გამობრუნებულები ათასჯერ გაგვაჩერეს. იმ ავტობუსს, „მოღალატეებს“ ეძებდნენ. არ ვიცი, იპოვეს თუ არა“.

თენგიზ ჩარკვიანი, ინჟინერი, 44 წლის: „სკოლები აიძულეს, თბილისში, ნატოს მხარდამჭერ კონცერტზე წასულიყვნენ. მე ჩემი შვილი არ გავუშვი. ვიცოდი, ბავშვებს იარაღად გამოიყენებდნენ, რომ სტადიონი გაევსოთ. მისი კლასელები წავიდნენ და გზაზე გაწამდნენ. წამდაუწუმ აჩერებდნენ თურმე და სიის მიხედვით თვლიდნენ. ეს ნორმალურია? ეს დემოკრატიაა? აი, ასეთი მთავრობის გადადგომას მოითხოვს ხალხი პარლამენტის წინ. ალბათ, ხელისუფლებას ჰგონია, რომ დაიღლებიან და სახლებში წავლენ. მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან“.

შორენა ჩაფიჩაძე, სტუდენტი, 19 წლის: „ბევრი ჩემი ახლობელია წასული თბილისში და დღეს კიდევ მიდიან. ხალხს მოსწყინდა შიმშილი და მკვლელობები. გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს ანგარიშს არ უწევს. მის სიტყვას არად აგდებს. აბა, მე და სხვა რიგითებს, ვინ მოუსმენს? არ უნდა დაიშალონ და სამარცხვინო მთავრობა უნდა აიძულონ, გადადგეს“.

ირაკლი გიორგაძე, ფეხბურთელი, 22 წლის: „პრეზიდენტი იტყუება. მთავრობის ყველა წევრი უსირცხვილო ნაძირალაა. ქართველი ხალხი გმირია და თავისას მაინც გაიტანს“.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ახალი ამბები