კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილის ახლობლები პატრულის დასჯას ითხოვენ

6 ნოემბერი, 2007

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გახმაურებული სასამართლო პროცესი განახლდა. პატრულის თანამშრომლებს ივანე კაპატაძეს, დათო მინაშვილს, ავალო გაბრიჭიძესა და კახა გაბუნიას გასულ წელს ქუთაისში საკუთარ სახლთან მოკლული ვარლამ ფხაკაძის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. სააპელაციო საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულის ადვოკატმა რეზო თოფურიამ შეიტანა. იგი სასამართლოსგან მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მაქსიმუმს ითხოვს. რაც შეეხება ბრალდებულებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალის შემსუბუქების მოთხოვნით მათაც გაასაჩივრეს.

აღნიშნული შემთხვევა 2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ღამის პატრულირებისას მოქალაქისაგან გამოძახებულმა პოლიციელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს სარდაფიდან ვარლამ ფხაკაძის გაქცევის მცდელობა და მისი მიმართულებით გაისროლეს. ფხაკაძე სროლის შედეგად მიღებული ჭრილობისაგან 5 დღეში საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე კაპატაძეს მსჯავრი სს კოდექსის 114-ე და 342-ე მუხლით დასდო, რაც იმას ითვალისწინებს, რომ მან სამსახურებრივი გულგრილობა და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ჩაიდინა. კაპატაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პატრულის დანარჩენ თანამშრომლებს – დავით მინაშვილს, კახა გაბუნიას და ავალო გაბრიჭიძეს კი მსჯავრი სამსახურებრივი გულგრილობისათვის დაედოთ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინაშვილს 3 წლიანი პატიმრობა, გაბუნიასა და გაბრიჭიძეს კი 2 წლიანი პირობითი სასჯელი აქვთ გამოტანილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლებულ პროცესზე დათო მინაშვილის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლოს წინაშე სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის განმეორებითი დანიშვნის მოთხოვნით იშუამდგომლა. მისი აზრით, სასამართლოსთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმის გარკვევას, სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა ფხაკაძის გადარჩენა. აღნიშნულმა შუამდგომლობამ დაზარალებული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ადვოკატმა და სახელმწიფო ბრალმდებელმა გააპროტესტეს კიდეც. სასამართლომ მინაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის მოტივად კი ის მიიჩნია, რომ სამედიცინო ექსპერტიზამ დასმულ შეკითხვაზე უკვე სრულყოფილად უპასუხა.

აღნიშნული სასამართლო სხდომა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და დაპატიმრებული პატრულის თანამშრომლების ახლობლებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე დასრულდა. ფხაკაძის ოჯახის წევრები „მკვლელების“ სათანადოდ დასჯას ითხოვენ. მათ ამ მოტივით ქუთაისის პროკურატურისა და სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები არაერთგზის გამართეს. რაც შეეხება აღნიშნულ სასამართლო პროცესს, იგი სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნის საფუძველზე, 9 ნოემბრამდე გადაიდო.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები