კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორკვირიანი საინფორმაციო ვაკუუმი დაიწყო!

9 ნოემბერი, 2007

შეზღუდული ტელე-რადიო მაუწყებლობის ფონზე ახლა მთავარი სიტყვა პრესაზეა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები გამაფრთხილებელ განცხადებებს არც ბეჭდვითი მედიის მისამართით იშურებენ. მაგალითად, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ „მართალია, ხშირად არსებობს პრეტენზიები ბეჭდური ორგანოებისადმი, მას მაინც იმედი აქვს, თითოეული გაზეთის რედაქტორსა და ჟურნალისტში იქნება ისეთი მოქალაქეობრივი პოზიცია, რომ  ქვეყანა მართლაც საჭიროებს სტაბილურობას და მოვლენების ობიექტურ შეფასებას“.

ერთნაირად ესმის თუ არა ხელისუფლებას და დახურვას ან, გნებავთ, შეზღუდვას გადარჩენილ მედიას  „ობიექტურობა“ , ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ფაქტია, დღეს დილით არ მაუწყებლობდა სამი ტელეკომპანია: „იმედი“, „კავკასია“, „25-ე არხი“, ასევე რადიო „იმედი“. გამოსვლისაგან თავი შეიკავა გაზეთმა „ალიამ“, არ მუშაობს საინფორმაციო საააგენტო  „მედიანიუსი“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდა არც ერთ სხვა არხზე არ გადის საინფორმაციო გამოშვება. ორკვირიანი შეზღუდვა 22 ნოემბრამდე გრძელდება. მეორე დღის კი ვარდების რევოლუციის ოთხი წლისთავია.

რა ხდებოდა გუშინ ტელე „იმედში“ , „შიდა კადრებით“ არავისთვისააა ცნობილი. ჟურნალისტების უმრავლესობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ჩვენ შევძელით დავკავშირებოდით „იმედის“ ორ ჟურნალისტს.

ერთ-ერთ მათგანს, ნათია მიქიაშვილს და მის ოპერატორს სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, ბარათაშვილის ხიდზე მოხვდა:

„ ჩემს ოპერატორს ვთხოვე, კადრები გადაეღო, ამ დროს ხალხი თითქმის აღარ იყო ბარათაშვილის ხიდზე. ამ დროს, დაგვინახეს სპეც-რაზმელებმა, ორი მათგანი გამოგვეკიდა და ტყვიები დაგვიშინეს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი ტელევიზია, ვის კამერებსაც სამართალდამცავები ხელებს აფარებდნენ. რომ არ გადაგვეღო“.
ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის დარბევის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების მანძილზე აქტიურად ვრცელდებოდა.

7-ში ტელევიზიის თანამშრომლებმა დილიდან იცოდნენ, რომ ტელევიზიაში საღამოს სპეც-რაზმი შევიდოდა.  აქციის დროს „იმედის“ ერთ-ერთი  ჟურნალისტი ლევან ტაბიძე  სპეცრაზმელმა სცემა და იქვე დაემუქრა, ჯერ სადა ხარ,  საღამოს მოვალთ და მერე ნახეთო.

აგრესიის გამო „იმედის“ ჟურნალისტებმა მიკროფონებს ლოგოები მოხსნეს და ასეთ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. „მუშაობა“ კი გვიან საღამოს შეჩერდა. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი კვირით.
„ტელევიზიაში ცოტა გვიან შევედით, შეგვიშვეს,  ტელეფონი წამართვეს. რამდენადაც ვიცი, კომპიუტერები და სხვა აპარატურა სულ დალეწილია. ჩვენი დაცვის ბიჭები პირდაპირ წყალში იწვნენ, ჩემი კოლეგა, დიანა ტრაპაიძე, 9 თვის ფეხმძიმე, ასევე ძირს დააწვინეს. ახლაც არ ვიცი მისი მდგომარეობა როგორია. ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებით“, - ამბობს ნათია მიქიაშვილი.

„იმედის“ მეორე  ჟურნალისტი ანა გოჩაშვილი, რომელიც ტელევიზიაში სპეც-რაზმის შევარდნის წუთებში შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ მთელი დღის მანძილზე  დაძაბულები ელოდნენ სპეც-რაზმის გამოჩენას: „რაღაც პროცენტს მაინც ვიტოვებდით, რომ არ შემოვარდებოდნენ.  საეთეროში ვიყავი,  ჩვენი ჟურნალისტი ამოვარდა,  გარშემორტყმულები ვართო და რამდენიმე წამში შემოვარდნენ კიდეც. დაწექით, აქ იყავით -  ყვიროდნენ. ჩვენ ვეკითხებოდით, რატომ მოხვედით-თქო, იმიტომ, რომ თქვენ ხართ რუსეთის აგენტები, თქვენ აშუქებთ არასწორ ინფორმაციას, თქვენ გინდათ არეულობა - მხოლოდ ამას გვეუბნებოდნენ. ფიზიკურად არავის გასწორებიან, ტელეფონები წაგვართვეს მერე ეზოში გამოგვიყვანეს და უკანა ეზოდან გაგვიშვეს“.

სხვა მეთოდებით მოხდა ტელეკომპანია „კავკასიის“ სიგნალის გათიშვა. „კავკასია“ პირდაპირ ანძიდან გათიშეს. თუმცა მანამდე, როგორც მისი დირექტორი დავით აქუბარდია აცხადებს ჩვენთან საუბარში, მასთან საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი მივიდა და გარიგება შესთავაზა:

„ ჯერ არ დავასახელებ ვინ, თუმცა, საკმაოდ ცნობილი პირი მოვიდა და მითხრა, თუ ერთი კვირით გავჩერდებოდით, მაშინ მაუწყებლობას არ გათიშავდნენ. გვთავაზობდნენ დიდ ფულს, მილიონები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით. სპეც-რაზმი ჩვენთან არ მოვარდნილა, პირდაპირ ანძიდან გაგვთიშეს. „იმედი“, როგორც იცით, თანამგზავრზე გადის და მხოლოდ ანძიდან მას ვერ გათიშავდნენ.

მთავარი, რაც ყველამ უნდა გაიგოს, ის არის, რომ  კანონია დარღვეული! საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული და რაც მთავარია, დამტკიცებული პარლამენტის მიერ. წესით, ამას ჯერ ამტკიცებს პარლამენტი და შემდეგ, წერილი ეგზავნება ტელემაუწყებლობას, რომ მას ეკრძალება ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა.

ჩვენ, მაუწყებლებს, გვაქვს ლიცენზია, რაც პირდაპირ გვავალდებულებს საზოგადოების ინფორმირებას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ეს წერია სწორედ მათ მიერ მიღებულ კანონში „მაუწყებლობის შესახებ“.
დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი ამ დეკრეტს, მაშინვე სარჩელი შემაქვს სასამართლოში. ეს ამათ არ უნდა შევარჩინოთ“.

დავით აქუბარდია ასევე ამბობს, რომ თუ მხოლოდ „იმედს“ გათიშავდნენ, ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან უფრო მარტივად, ამ არხის „სუბიექტურობის“ და „ტენდენციურობის“ მიზეზით  აიხსნებოდა, ერთდროულად ორი ტელევიზიის სიგნალის გათიშვა კი ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკას უსვას ხაზს. 

რაც შეეხება რადიო „იმედს“, ის უხმაუროდ გათიშეს. რადიოს თანამშრომელი ლელა გაბეჩავა ამბობს, რომ მაუწყებლობა ტელევიზიის გათიშვამდე სამი წუთით ადრე  შეწყდა. ამ დროს რადიოს შენობაში დაახლოებით რვა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შენობა დატოვეს და ოფისი ჩაკეტეს:
„შეგვეშინდა, რომ აპარატურას დააზიანებდნენ. გარეთ რომ გავედით, ტელევიზიიდან საშინელი ჩახა-ჩუხის ხმა ისმოდა“, - ამბობს ლელა გაბეჩავა.

ჯერ უცნობია, როდის გამოვა და რას დაწერს გაზეთი „ალია“, რომლის ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი ამბობს, რომ რედაქცია ელოდება იმ კონკრეტული შეზღუდვების გაცნობას, რაც ხელისუფლებამ პრესას დაუწესა.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

http://www.myvideo.ge/?video_id=82176

http://www.myvideo.ge/?video_id=82642


 

 

 

 

 

 


 

ახალი ამბები