კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მეშახტეთა ქალაქი“ - შიმშილმა სიკვდილის შიშიც დაძლია

13 ნოემბერი, 2007

,,მეშახტეთა ქალაქი” დასახლებაა, რომლის ნახვის შემდეგ იფიქრებ, რომ რამდენიმე დღის წინ დაბომბეს. ის ვალესკენ მიმავალ გზაზე სოფელ სხვილისიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში, გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.

დასახლება ახლა ნანგრევებში დგას. დანგრეულია შესასვლელში მდგარი ქვის ქარხანაც. უზარმაზარი რკინის დაჟანგული, დაშლილი დანადგარები მიანიშნებს, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება მიდიოდა. წვიმიანი ამინდია, რაც უსიამო შეგრძნებას უფრო ამძაფრებს.

ძალიან დიდი ხნის წინ გზა აქ უსათუოდ იქნებოდა, თუმცა ახლა ასფალტის ნასახიც არ ჩანს.

მწკრივებად ჩარიგებული სამსართულიანი ხის სახლები, რომლებიც ოდესღაც შახტაში მომუშავე ოჯახებისთვის ააშენეს, ნგრევის პირასაა მისული.

,,პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე შახტა მუშაობდა. შახტაში ვალეს მოსახლეობა იყო დასაქმებული. ფუნქციონირებდა საბაგიროები, ბაზა, სადაც რკინა იჭრებიოდა, ხე-ტყე იხერხებოდა. კეთდებოდა საყურეები, საფერფლეები. წალკიდან შემოჰქონდათ ქვა - ოქსიანიდი, რომლითაც სუვენირებს ამზადებდნენ. იყვნენ სამთო მაშველები, ფუნქციონირებდა ფოსტა, საავადმყოფო”, - გვიყვება ადგილობრივი პეტრე ხითარიშვილი.

ეს ყველაფერი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. აქაურები ახლა სიღატაკეზე, შიმშილსა და დაუსაქმებლობაზე საუბრობენ.

,,1983-87 წლებამდე, სანამ შახტა არ დაიხურა, ჯერ გამმაგრებელი, მერე წმენდითი სანგრების მუშა ვიყავი. კომუნისტური წყობის  დანგრევის შემდეგ წიწამურაში წყლის გვირაბის აღდგენაზე, მერე სომხეთში მიწისძვრის შემდეგ, სოჭში ვმუშაობდი. ბოლო სამი წელი აქ ვიმუშავე სახანძროში. აქაც შეგვამცირეს. ვალეს სახანძრო არ არის საჭიროო და გამოგვყარეს კარში”, - ამბობს პეტრე ხითარიშვილი.

როგორც ჩანს, ,,მეშახტეთა ქალაქში” სტუმარი იშვიათობაა, ამიტომაც ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი იყრის თავს და ყველა თავის გაჭირვებაზე გესაუბრება. 

ხანძარი რომ გაჩნდეს, აქაურობა სულ დაიწვება. ამ სახლებში შეშა არ შეიძლება. ერთი ნაპერწკალი და ყველაფერი განადგურდება. 60 წელზე მეტია, ხის სახლები დგას და ახლა უკვე იშლება. თავიდან ამ კორპუსში სამი კიბით ავდიოდით, ახლა კიბეები მიწაშია ჩასული”, - ამბობს 67 წლის რაფიკ ღრმჯიანი.

44 წლის პეტრე ხითარიშვილის ოჯახი ხუთსულიანია. ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავს. ოჯახში არავინ მუშაობს.

,,მეუღლე სპეციალობით ბუჰღალტერია. კარგა ხანია, არ მუშაობს. 
სამი წელი სახანძროში 17 ლარზე ვიმუშავე. ახლა კი შახტა თვითნებურად ავამუშავეთ. შეიძლება მოვიდნენ და დაგვიჭირონ, მაგრამ სად წამიყვანენ ამაზე უარეს ადგილას? ნახშირი სახლში მიმაქვს. გაჭირვებულ ხალხსაც ვაძლევთ და ვყიდით კიდეც. აბა, სხვა რა გავაკეთო?” - კითხულობს პეტრე.

შახტები უკვე ათეული წელია, დაკეტილია. თვითნებურად ნახშირის მოპოვებაზე ხუთი კაცი მუშაობს. გვირაბში შესვლა, როგორც ისინი ამბობენ, ძალიან სარისკოა.

,,გვირაბში შესვლა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ სიკვდილი ყველგან არსებობს. სახლში რომ ვიჯდე, შეიძლება იქაც მომაკითხოს”, - ამბობს ყოფილი მეშახტე.

მეშახტეები გვირაბში 510 მეტრამდე შედიან.

,,შიშით შევდივართ. გამოვალთ გარეთ თუ არა, არ ვიცით”, - ამბობენ ისინი, თუმცა სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავენ.

,,რა ვქნათ? ადრე გამომუშავებაზე ვიყავი. თვეში 21 საათი მიწევდა და ზოგჯერ 700 მანეთზეც ავდიოდი. ყველაფერში გვყოფნიდა. გარდა ამისა, შეღავათები გვქონდა ავეჯზე, ხალიჩებზე; საგზურები მოდიოდა. ახლა კი დღეში ორ ტონამდე ნახშირი შიშველი ხელებითა და წერაქვებით გამოგვავს”, - დაღონებით საუბრობს პეტრე.

თუმცა იყო კარგი დროც:

,,ადრე პლევმატური ჩაქუჩები გვქონდა. იყო ტრანსპორტი, კონვეიერები. მე პირადად ცვლაში, ექვს საათში 50-60 ტონა ნახშირი მომიჭრია. ადრე ელექრომატარებელი მუშაობდა, ახლა კი ვაგონებს ხელით ვაწვებით და ასე გამოგვაქვს”, - გვიყვება ბრიგადაში ყველაზე ენაწყლიანი პეტრე.

მეშახტეები ლიცენზიაზეც საუბრობენ.

,,გარემოს დაცვიდან ხშირად მოდიან. ხან ვემალებით, ხან გვირაბიდან არ გამოვდივართ. ლაპარაკი იყო ლიცენზიის გაკეთებაზეც, მაგრამ გვითხრეს, ფასს ვერ შეწვდებითო და ახლა ასე ვმუშაობთ”, - ამბობს პეტრე.

დასახლებაში კი ამბობენ, რომ გარემოს დაცვამ მეშახტეები ორი ათას ლარით დააჯარიმა კიდეც.

გივი ფრცქიალაძის განმარტებით, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათ მდინარიდან წყლის მიერ წამოღებული ტოტების ამოტანასაც უშლიან. ,,წყალს მოაქვს და წყალმა უნდა წაიღოსო გვეუბნებიან. აბა, ხალხმა რა უნდა ვქნათ, გავიყინოთ? აქ არავინ არ მუშაობს და 700 ლარს შეშაში ვინ გადაიხდის, ან ამ ხის სახლებს ღუმელი უნდა კიდევ?” – აღშფოთებული საუბრობს გივი ფრცქიალაძე.

„მეშახტეთა ქალაქის“ ბინების პოლიეთილენის პარკებაკრული ფანჯრებიდან გაჭირვება იხედება. აქაურებს იმედიც აღარ აქვთ, რომ რამე უკეთესობისკენ  შეიცვლება.

გულო კოხოძე, ვალე

ახალი ამბები