10:41, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ზუგდიდელი ჟურნალისტი საპატრულო პოლიციის გამომძიებლების დასჯას მოითხოვს.

13.11.2007
 ნანა ფირცხალავა
ნანა ფირცხალავა სამართალდამცავებს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.

ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტი, ნანა ფირცხალავა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსის, დემნა სორდიასა და გამომძიებლის, არკადი ჯიქიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას კატეგორიულად მოითხოვს. ჟურნალისტმა სპეციალური მიმართვის ტექსტი საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიასაც გაზავნა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. ნანა ფირცხალავა დამნაშავე მძღოლის მფარველობაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, დავით კეკენაძესა და მის თანაშემწეს, ნანა ანთიას, სახელმწიფო კანცელარიის წერილების განყოფილების უფროსს, ნინო მესხს ადანაშაულებს.


ავტოავარია, რომლის შედეგადაც ნანა ფირცხალავამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, 2006 წლის 14 ივნისს ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. პარალელური ქუჩიდან გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მას მაშინ შეეჯახა, როცა იგი სამგზავრო ავტობუსში ასვლას აპირებდა. შეჯახების შედეგად ავტომანქანამ ქალი 3 მეტრის მანძილზე გაისროლა და ასფალტზე დაანარცხა.

სისხლდენით, ტრავმებითა და დაჟეჟილობებით ნანა ფირცხალავა უცხო ადამიანებმა ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკაში გადაიყვანეს. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დაზარალებული სახლში გადაიყვანეს, რადგან ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტაციონარული მკურნალობა შეუძლებელი იყო. ავადმყოფმა 3 თვე და 18 დღე ლოგინში, თითქმის უგონო და კრიტიკულ მდგომარეობაში გაატარა, მას ტრავმული ეპილეფსია განუვითარდა.

ნანა ფირცხალავა: „ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა, დასივებული და დაჟეჟილი ვიყავი,  აუტანელი ტკივილი მტანჯავდა. დაზიანებების შედეგად განვითარებული ტრავმული ეპილეფსია კრუნჩხვებში მაგდებს. თვის განმავლობაში 8-10-ჯერ აღმენიშნება. დღემდე ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვიღებ. მანძილის გავლა მიჭირს, წონასწორობას ვერ ვიცავ. მარჯვენა ხელი პარალიზებული მაქვს, უკვე მიშავდება და გახმობას იწყებს. დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კლინიკა მოვიარე, ხალხური მედიცინაც გამოვიყენე, თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტსაც მივაკითხე, მაგრამ შედეგი არ სჩანს, მდგომარეობა მეტად გამირთულდა“.

ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ნანა ფირცხალავას შეეჯახა, 71 წლის ალფეზ თირქია აღმოჩნდა. იგი ავარიის პირველი წუთებიდანვე გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ახლობლები მას სამედიცინო მკურნალობისათვის საჭირო თანხების მოძიებაში დახმარებას თხოვდნენ, იგი უარს აცხადებდა და საკუთარ უმწეობაზე საუბრობდა.

ალფეზ თირქიას მიმართ სისხლის სამართლს საქმე დანაშაულის ჩადენიდანვე აღიძრა, თუმცა მალევე შეჩერდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის I ნაწილით წაუყენეს, რაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნანა ფირცხალავა:
„გამომძიებელმა, დემნა სორდიამ და არკადი ჯიქიამ ბრალდებულ ალფეზ თირქიას ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში ხელი შეუწყვეს, ჩემთან შეუთანხმებლად საპროცესო გარიგება შესთავაზეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა მას გირაოთი, 3 000 ლარით შეუცვალეს და ისე გაათავისუფლეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ შეუტანია“.

დაზარალებული ჟურნალისტი გამოძიების მიმდინარეობით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ექიმებმა ფეხზე დგომის უფლება მისცეს. შეჩერებულ საქმეში მან მხოლოდ საკუთარი დაკითხვის ოქმი აღმოაჩინა. ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ საგამოძიებო დოკუმენტებში შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არანაირი მტკიცებულება, ნახაზი არ იდო. იყო მხოლოდ მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ბრალდებულის მხარის დაინტერესებით ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჩაიწერა.

ნანა ფირცხალავა: „მე არ დავეთანხმე ექსპერტიზის დასკვნას. გამომძიებლები ცდილობდნენ, რომ დანაშაული 276-ე მუხლის I ნაწილს არ გასცდენოდა. სხვა შემთხვევაში, თირქიას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ექიმებს, რომლებსაც მე მივმართე ყველას პოლიციელი ედგა თავზე, ეშინოდათ, დიაგნოზის გაყალბების მცდელობა არ მქონოდა. 22 დღიანი დაკვირვება ჩამიტარეს. არ მეგონა, თურმე მხეცივით მაკვირდებოდნენ... ფიზიკურ ზიანთან ერთად მორალური ზიანიც მომადგა. განმკითხავი არავინ იყო, ისინი ჩემს სიკვდილს ელოდებოდნენ“...

2007 წლის 2 ივლის ნანა ფირცხალავამ „ჩაფარცხული საქმე“ 22 გვერდზე და განცხადება სამართალდამცავების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების  შესახებ საოლქო პროკურატურას გადასცა. ავარიიდან 1 წლისა და 2 თვის შემდეგ საქმე დაიძრა. საოლქო პროკურატურამ ალფეზ თირქიაზე ძებნა გამოაცხადა, ყადაღა დაედო მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საფოსტო გზავნილებს და საბანკო ანგარიშებს. 2 აგვისტოს კი ძებნილი დააკავეს. საპატრულო პოლიციის გამომძიებლებთან დაკავშირებით კი საოლქო პროკურორის მოადგილემ ნუგზარ მღებრიშვილმა დაზარალებულს აცნობა, რომ დემნა სორდია და არკადი ჯიქია დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ავტოავარიასთან დაკავშიებული საქმის გამო გაათავისუფლეს.

ნანა ფირცხალავა: „მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეხოთ. გამომძიებლების მიერ ჩადენილი დანაშაული კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ამის ფაქტები არსებობს, მაგრამ საოლქო პროკურატურა მას თავს არიდებს. სამსახურეობრივი გულგრილიბა და ბოროტად გამოყენება, დამნაშავის მფარველობა ადმინისტრაციული სასჯელით შეცვალეს. ისინი მოწმის სახითაც არ დაკითხულან. საოლქო პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, წარმოუდგენელი ბარიერი შემიქმნეს. `ასეთი პატარა საქმისათვის ახალაიას ვერ შევაწუხებო~ მითხრეს. როლანდ ახალაია უნდა შემხვდეს! წლების წინ, როცა მას, როგორც ზუგდიდის პროკურორს, კაბინეტის კარები აუჭედეს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარიყა, მე სამთავრობო გაზეთში წერილი დავბეჭდე, საკუთარ თავს კი პრობლემები შევუქმენი... მე ახალაიას ობიექტურობის მჯერა“.


დაზარალებული ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები დამნაშავე მხარის ინტერესებს კბილებით იცავენ. ნანა ფირცხალავა ბრალდებულის მფარველზე, ნინო მესხზეც საუბრობს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის წერილების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. ნანა ფირცხალავა: „ნინო მესხი დამემუქრა, რომ თუ არ გავჩუმდებოდი, იგი ადვილად შეძლებდა გამოძიების წარმართვას მისი ნათესავის სასარგებლოდ და თამამად შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ მანქანა დაზარალებულს კი არ შეეჯახა, არამედ თითქოს ჟურნალისტი ფულის შეწერვის მიზნით თავად შეუვარდა მისი ნათესავის მანქანას; რომ ჟურნალისტი მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა, რადგან „ერთი ზარით“ ყველგან საქმეს ჩაფარცხავდა. მჯერა, რომ გამომძიებლები მესხის დაკვეთას ასრულებდნენ“.

 ნანა ფირცხალავას განმარტებით, ბრალდებულს მფარველები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშიც გამოუჩნდნენ. მოსამართლე დავით კეკენაძის თანაშემწე, ნანა ანთია თირქიას ახლო ნათესავი აღმოჩნდა. ავტოავარიის საქმეს კი სწორედ კეკენაძე განიხილავს. 21 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე დაზარალებული შემთხვევით მოხვდა, მისთვის სასამართლო უწყებაც კი არავის გაუგზავნია. „ალფეზ თირქიას პროკურორისა და მოსამართლისაგან აშკარა მხარდაჭერა ჰქონდა. მას მხოლოდ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა და დამამძიმებელ გარემოებად არ ჩათვალა ის, რომ ბრალდებული გამოძიებას დიდი ხნით ემალებოდა და ძებნილი იყო, ის რომ გირაოს გადახდასა და ზიანის ანაზღაურებას თავი აარიდა, ის რომ ბრალდებულმა დანაშაულისაკენ თავად უბიძგა სამართალდამცავებს. როგორც სჩანს მოსამართლემ თანაშემწის პრინციპებსა და ინტერესებს ვერ გადაუხვია“...

ნანა ფირცხალავა გაზეთ „კოლხური ვერსიის“ მთავარი რედაქტორია, ამავე დროს იგი დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. მან ცენტრალური გაზეთის რედაქციები ცოტა ხნის წინ დატოვა, ვინაიდან ჟურნალისტს მარჯვენა ხელი გაუჩერდა, უძლური გახდა. ექიმები ნეიროქირურგიული ოპერაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ნანა ფირცხალავამ საფრანგეთიდან უკვე მიიღო ბარათი, სადაც მას ერთ_ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში 3 თვიან მკურნალობას სთავაზობენ. იქ მოსახვედრად კი ჟურნალისტს 80 000 ევრო სჭირდება, რომლის მოძიებასაც იგი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. ნანა ფირცხალავა მხარდაჭერას ითხოვს.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC