კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზია - TV-25 დახურულია

14 ნოემბერი, 2007

ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზიის, TV-25-ის თანამშრომლები, უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვეღარ მუშაობენ. მიზეზი, მათი ტელევიზიის დახურვაა.
„სამართალდამცავებმა აგვიკრძალეს ეთერში გასვლა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გარეშე “,- აცხადებს ტელევიზიის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე.

7 ნოემბრის ღამის პირველ საათზე, ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზია TV-25-ში სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ. ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ბედიას მითითებებით სრულდებოდა. მას შემდეგ ტელევიზია დახურულია.

ამ დროისათვის საგანგებო სიტუაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ  არ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ბათუმის დამოუკიდებელ ტელევიზიას მაუწყებლობა აუკრძალეს. თუ რატომ, ეს ოპერაციის ხელმძღვანელმა, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ბედიამ ტელევიზიის დამფუძნებელ მერაბ მერკვილაძეს ასე აუხსნა: „ვაკეთებ ისე, როგორც დამავალეს, ასე მითხრა ბედიამ. გამოგვირთეს ის გადამცემი, რითაც მახინჯაურის გადამცემ ანძას მიეწოდებოდა სიგნალი და ეს ნაწილი თან წაიღეს. სხვა ტექნიკა არ დაუზიანებიათ“.

TV-25 ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა აჭარაში. მეორე ტელევიზია კი, „აჭარის ტელევიზიაა“, რომელიც მაუწყებლობას, საინფორმაციოს გარდა, ჩვეულებრივად განარძობს. TV-25-ის დამფუძნებელი მერკვილაძე ფიქრობს, რომ ის ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი არხია და ყველაფერი ამას უკავშირდება: „მეტ მიზეზს ვერ ვხედავ, თორემ სერიალისა და მუსიკის გაშვებაში რა პრობლემა უნდა იყოს. ნდობის ხარისხი არ გვაქვს ხელისუფლების თვალში, რადგან არანაირი გავლენა არ აქვს ხელისუფლებას ჩვენზე“. ტელევიზიის  ფორმატი ასეთია: დღის მანძილზე მხარტვრულ-დოკუმენტური ფილმები და მუსიკა, ხოლო საღამოთი 20:30 წუთსა და 22 საათზე, საინფორმაციო გამოშვება  „მაცნე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ბედია, 7 ნოემბრის ღამით, მერკვილაძეს იმასაც დაჰპირდა, რომ თანამშრომელთა ოფისში შეშვებაზე პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა, მეორე დღეს TV-25-ის თანამშრომლებს ამის უფლება მორიგე პოლიციელებმა არ მისცეს. მას შემდეგ TV-25-ის ოფისში ორი პოლიციელი და ერთიც ტელევიზიის თანამშრომელი მორიგეობენ.
TV-25-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ტელევიზიას ფუნქციონირების საშუალებას მისცემენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმარველოს უფროსთან დავით ბედიასთან დაკავშირება არ მოხერხდა. ხოლო სამმართველოს პრეს-სამსახურის უფროსი მაია გიორგაძემ კომენტართან დაკავშირებით შოთა ხიზანიშვილთან გადაგვამისამართა. ამ დრომდე ტელეფონს არც ეს უკანასკნელი პასუხობს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები