კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები დანებებას არ აპირებენ

16 ნოემბერი, 2007
ვინ და რატომ დევნის „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებს?

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლების დევნა, 7 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, აქტიურად გრძელდება. მიუხედავად გამუდმებული მუქარებისა, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

ჯაბა ჯიშკარიანი, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი: „თანასწორობის ინსტიტუტის“ რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 8 ნოემბერს ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა ბაძგარაძე საკუთარი სახლის შესასვლელიდან გაიტაცეს, 9 ნოემბერს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს ილია ჩაჩიბაიას ზუგდუდში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაურბიეს. ამის შემდგე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მას რამდენჯერმე დაუკრეკეს და დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. 8 ნოემბერს თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელს ლევან გოგოჩაიშვილს მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ ნომრიდან 895 603543 და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. გარდა ამისა მთელი ამ დღეების განმავლობაში ფარული ნომრებიდან მირეკავენ და ლიკვიდაციით მემუქრებიან.“

როგორც ჯაბა ჯიშკარიანი ყვება, 8 ნოემბერს 12 საათისათვის მის სახლში სამი პოლიციელი შევიდა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. უკანონოდ გაჩხრიკეს მისი სახლი და მეგაფონი წაიღეს. ჩხრეკა იმავე დღის 17 საათზე და 9 ნოემბერს განმეორდა.

გარდა ამისა, ჯიშკარიანის განცხადებით, 13 ნოემბერს, მის მეგობარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მიშა მესხს პოლიციის წარმომადგენლები სახლში შეუვარდნენ და მისი ძმა და მამა დააკავეს:

„ჩემთან სახლში მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელები შემოვიდნენ. რომლებსაც ბრძანება მთაწმინდა -კრწანისის პოლიციის უფროსმა ირაკლი ყიფშიძემ მისცა. ის ვანო მერაბიშვილის უშუალო მეგობარია და ეს ყველამ კარგად იცის. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემს შესახებ საუბარი მიმდინარეობდა: კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ირაკლი ქადაგიძის მიერ, ასეთი ფრაზა გაჟღერდა: „თავიდან უნდა მოვიშოროთ, ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს და პრობლემებს შეგვიქმნის“ - ო. ეს ინფორმაცია ისევ და ისევ პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლისაგან შევიტყვე. მან საკუთარ ტელეფონში ფარულად გაკეთებული ჩანაწერი მომასმენინა.“

გოჩა ბაძგარაძე, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი: „8 ნოემბერს დილას, როდესაც სახლიდან გამოვედი, გზა მოწითალო ფერის რენოს ტიპის ავტომობილმა გადამიჭრა. იქიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული 4 ნიღბიანი პიროვნება გადმოვიდა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩამტენეს. მანქანაშივე დამიწყეს ცემა. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მდებარე სასაფლაოზე ამიყვანეს, „სკოჩით“ შემიკრეს ხელ-ფეხი და წიხლებით შემდგნენ. ცემით რომ გული იჯერეს, ასე გაკოჭილი იქვე დამტოვეს.“

რაც შეეხება, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ზუგდიდის ოფისის ლიდერს, ილია ჩაჩიბაიას, მისი განცხადებით, ის საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, და თავისუფლად გადაადგილების კონსტიტუციური უფლება მოუსპეს. მისი აქტიური დევნა ჯერ კიდევ 30 ოქტომბერს დაიწყო. ჩაჩიბაიამ ზუგდიდი იმ ბრიფინგის გამართვამდე ნახევარი საათით ადრე დატოვა, რომელზეც ის იმ პოლიციელებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა გვარების დასახელებას გეგმავდა, რომლებიც ზუგდიდში 28 ოქტომბერს „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიტინგის შემდეგ პარლამენტარების დაკავებასა და ცემაში მონაწილეობდნენ. მოსალოდნელი პროვოკაციისაგან თავის არიდება მას „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრებმა ურჩიეს.

ჩაჩიბაია დარწმუნებული იყო, რომ მუქარების შემდეგ მისი დაკავება ან გატაცება მოხდებოდა. მასზე განხორციელებულ ზეწოლაში „თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერი სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, თენგიზ გუნავასა და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას ადანაშაულებს:
„7 ნოემბრის შემდეგ ჩემმა დევნამ განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. ნაციონალების ზუგდიდის აქტივისტები, ლადო ქვარცხავა, გელა თოლორაია და სხვები გამუდმებით რეკავდნენ ტელეფონზე და მემუქრებოდნენ. მოგვიანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის როლანდ ახალაიასა და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის თენგიზ გუნავას სახელით ხორციელდებოდა ჩემს ტელეფონზე ზარები: მაიძულებდნენ, რომ ზუგდიდში ჩავსულიყავი, მემუქრებოდნენ, რომ ფიზიკურად გამისწორდებოდნენ. 9 ნოემბრის ღამეს კი ჩემს სახლში მივარდნენ, ფანჯრები ჩალეწეს. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებულმა პირებმა ჩემს მაგივრად ჩემი ერთ-ერთი მეგობარი სცემეს. ამჟამად იმ ქალაქში ვერ ვახერხებ ჩასვლას, სადაც მე ვცხოვრობ. ჩემზე ოფიციალური ძებნა არ არის გამოცხადებული, მაგრამ არაოფიციალურად, პირადი ანგარიშსწორების გამო, თავად პოლიცია მეძებს. მათ ვერაფრით მაპატიეს ის, რომ დავასახელე იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც 28 ოქტომბერს, ზუგდიდში აქციის დარბევაში ღებულობდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ხმამაღლა ვისაუბრე იმ ფაქტებზე, რომ სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურორმა 200-200 ლარით მოისყიდა აქტივისტები, რათა მიტინგი დაერბიათ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა დაკავშირებოდა იმ პიროვნებებს, რომლებსაც „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები მუქარაში ადანაშაულებენ: ჯაბა ჯიშკარიანის მიერ დასახელებულ ნომერზე 895 603543 ავტომოპასუხეა ჩართული, რომელიც იტყობინება, რომ აბონენტს ზარის შეზღუდვის ფუნქცია აქვს ჩართული.

რაც შეეხება ილია ჩაჩიბაიას მიერ დასახელებულ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს გელა თოლორაიას, მისი განცხადებით, ის დაიღალა ილია ჩაჩიბაიას ბრალდებებით: „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხალხთან არანაირი შეხება არ მქონია. ყველანაირ ბრალდებას უარვყობ. პირადად მე არანაირი კავშირი არ მქონია ილია ჩაჩიბაიასთან. შეგიძლიათ გადაამოწმოთ“.

სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორის როლანდ ახალაიას მოედგილე ნუგზარ მღებრიშვილი უარყობს ბრალდებას: „მასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საერთოდ არ ვიცნობთ ვინ არის ეგ ადამიანი“.

ჯაბა ჯიშკარიანი განცხადებით, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებს ვერანაირი ძალადობა ვერ შეაშინებს: „არცერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას. როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, ჩვენ გაათმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ. მომავალ კვირას ირაკლი კაკაბაძე შემოგვიერთდება, რომელიც ამერიკიდან ხუთშაბათს დილით ჩამოდის. ჩვენ პერმანენტულ აქციებს გავმართავთ, მთავარი მიზანია სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაშოროთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს კონსტიტუციური არჩევნების გზით მოხდება. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ისინი არიან მკველლები და კრიმინალები. ჩვენ ფარდას ჩამოვხსნით რამდენიმე ადამიანს, ვინც ხელმძღვანელობდა 7 ნოემბრის დარბევას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ სპეც-ნაზის თანამშრომლებს ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ხუთ-ხუთი ათასი ლარი დაურიგა იმისათვის, რომ საკუთარი ხალხი დაერბიათ“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

ნინო თარხნიშვილი. თბილისი


ახალი ამბები