კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საინგილოში მოღვაწე ქართველი მღვდელი ქვეყნიდან გამოაძევა

19 ნოემბერი, 2007

საინგილოში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მართლმადიდებელ ქართველებს უკვე მეორე თვეა რაც არ უშვებენ. ტაძრის კარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის ხელმძღვანელობის დავალებით აჭედეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის კარის გასაღები ქართველ მოძღვარს ძალის გამოყენებით წაართვეს. მას შემდეგ კი, რაც მომხდარი ქართული მედიით გახმაურდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქართველი მღვდელ – მსახური გაბრიელ ჯამბაზიშვილი ქვეყნიდან გააძევა, მართლმადიდებელ ინგილოებს კი პოლიცია აკონტროლებს.

საინგილოს მკვიდრ ქართველთა თქმით, 2005 წლამდე ადგილობრივი აზერბაიჯანელები ეკლესიას საქონლის სადგომად იყენებდნენ. ორი წლის წინ კი საქართველოს საპატრიარქოს ძალისხმევით, კახის რაიონში მცხოვრებ მართლმადიდებელ ჰერებს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში ლოცვის საშუალება მიეცათ.

„ყოველ კვირა დღეს ავდიოდით ტაძარში და პარაკლისს ვიხდიდით, ვგალობდით... მაგრამ სექტემბრის ბოლოს ეკლესიის კარი დაგვიკეტეს. ამის ოფიციალურ მიზეზად კახის რაიონის ხელმძღვანელობა იმას ასახელებს, რომ ტაძარი აზერბაიჯანული კანონების შესაბამისად, სალოცავად არ არის რეგისტრირებული. იგი დღემდე დაკეტილია და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მისი გახსნის შესახებ, ოფიციალური პირებისგან არანაირ ცნობას არ ვფლობთ“,- განაცხადა ჩვენთან საუბარში საინგილოში მოქმედი ერთადერთი ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლის „ლაზარეს“ წევრმა ემზარ სუკაშვილმა.
 
ინგილოები არ მალავენ, რომ მათ ჟურნალისტებთან საუბრის ეშინიათ. ჰერების განცხადებით, თითოეული სიტყვისთვის შესაძლოა პრობლემები შეექმნათ: „ეკლესიის დახურვის ამბავი ქართველმა ჟურნალისტებმა რომ გააშუქეს, მთელი ორი - სამი კვირის განმავლობაში კახში პოლიცია იყო მობილიზებული. ერთი შეხედვით ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ვიცოდით, რომ გვაკონტროლებდნენ. ბევრს სახლშიც მიაკითხეს და ჰკითხეს, რა უთხრეს ქართველ ჟურნალისტებს და რაზე ესაუბრნენ. მოგვიანებით კახის ხელისუფლებამ ჩვენი მოძღვარი, მამა გაბრიელი დაიბარა. რაიონის ხელმძღვანელობამ მას რამდენიმე დღეში აზერბაიჯანის დატოვება მოსთხოვა. ჩვენი აზრით ამის მიზეზი ის გახდა, რომ მამა გაბრიელი აქტიური მოძღვარი იყო. იმ შემთხვევაში კი თუ ის თავისი ნებით არ დატოვებდა აზერბაიჯანს, მას დაემუქრნენ, რომ იძულებით გააგდებდნენ“, - გვითხრეს ინგილოებმა, რომელთა ვინაობასაც მათივე თხოვნით არ ვასახელებთ.

მღვდელი გაბრიელ ჯამბაზიშვილი რომ საინგილოში აღარ მსახურობს, ამას ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაშიც ადასტურებენ. ეპარქიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია II-ს ლოცვა – კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მსახურებისთვის მღვდელი იოანე აბასაშვილი დაინიშნა.

კახში მცხოვრები ჰერები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საინგილოში მსახურების საშუალებას არც ამ ქართველ მოძღვარს მისცემს და მასაც შეზღუდავენ. „მამა გაბრიელზე პიროვნულად კი არ ჰქონდათ გართულება, არამედ არ მოსწონდათ მისი მუშაობა. უნდა ითქვას, რომ ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ქართველობა, ჩვენი სარწმუნოება და ტრადიციები, რაშიც ძალიან გვიშლის ხელს აზერბაიჯანის მთავრობა. მათი ნება რომ არ ყოფილიყო, ეჭვი გვაქვს, ადგილობრივ ხელისუფლებას ეკლესიის დახურვა გაებედა. იმისათვის, რომ ჩვეულებრივი აზერბაჯანელისგან არ განვსხვავდებოდეთ, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და კეთილი დამოკიდებულება გვაქვს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს“,- ამბობს მილია საკანელაშვილი.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის კარის აჭედვას, რელიგიურ წარმონაქმნებთან მუშაობის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურის უფროსი იაგუდ ალიევი, აზერბაიჯანულ პრესასთან საუბარში ასე ხსნის: „საუბარია ძველ ალბანურ მართლმადიდებლურ ტაძარზე და მისი გამოცხადება წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიად, მართებული არ არის. ამას უნდა შეეგუონ საინგილოში მცხოვრები ქართული წარმოშობის ადამიანები“,- აცხადებს იაგუდ ალიევი.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის დახურვის შესახებ გავრცელებული ცნობით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარმა წერილით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რწმუნებულს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ელმირა სულეიმანოვას და მომხდარის კონტროლზე აყვანა და შესაბამისი რეაგირება სთხოვა.

„აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადგილი ექნება რწმენის თავისუფლებაში ჩარევას. მოგმართავთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით, არამედ ვითვალისწინებ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას, ჩვენი ინსტიტუციების სრულ ურთიერთგაგებას და გთხოვთ, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული ფაქტი და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებანი“, - აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი წერილში, რაზედაც ამ დრომდე ომბუდსმენის აპარატს პასუხი არ აქვს.

კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში ფიქრობენ, რომ საინგილოში მდებარე ქართული ტაძრის დაკეტვის ფაქტი, შესაძლოა, საქართველოს კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირების საგანი გახდეს. 23 ნოემბერს ქართველები გიორგობის დღესასწაულს ზეიმობენ. კახეთიდან ჰერეთში წასვლას და ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოლოცვას ტრადიციულად ბევრი ადამიანი აპირებს. კახელების განცხადებით, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს რწმენის სრული თავისუფლება აქვთ და იგივეს ითხოვენ საინგილოში მცხოვრები ჰერებისთვისაც. „გიორგობის დღესასწაულამდე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის კარი თუ არ გახსნეს, კახეთში არსებულ მეჩეთებს დავხურავთ. ამას აქამდე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო არ ვაკეთებდით, მაგრამ ეს დამოკიდებულება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევთ, რომ გააქტიურდეს ამ პრობლემის მოგვარებისათვის. ჩვენ არ გვინდა რელიგიური დაპირისპირება და კონფლიქტი“, - ამბობენ ლაგოდეხის რაიონის მცხოვრებნი. ცნობისათვის, ლაგოდეხში აზერბაიჯანელებით დასახლებული რამდენიმე სოფელია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები