კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი მძღოლები უმუშევართა არმიას უერთდებიან

5 დეკემბერი, 2007

10 თვეა, რაც ქუთაისი ტროლეიბუსის გარეშე დარჩა. 10 თვეა, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე საწარმოს 100 თანამშრომელი უმუშევარია და ამაოდ ელოდება სამსახურში მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლას. უმუშევრობის უმთავრესი მიზეზი, როგორც ირკვევა, ქუთაისის ტროლეიბუსების სამმართველოს ის მილიონნახევრიანი ვალია, რომელიც მას ბიუჯეტის წინაშე აქვს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” ქუთაისის ბიუროს ქუთაისის ტროლეიბუსების სამმართველოს რამდენიმე მძღოლმა აღნიშნულ საწარმოში ბოლო დროს შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო მიმართა:

რობერტ ჭითანავა, ტროლეიბუსის მძღოლი: „10 თვეა უმუშევარი ვართ და ეს მთელმა ქალაქმა იცის. გამოგვრთეს დავალიანების გამო, რომელიც კომუნისტების დროიდან მოგვყვება. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, მის შემდეგ ჩვენ ვალი არ გვქონია, მაგრამ იმ ძველი ვალების გამო არ გვამუშავებენ. კომუნისტების და შევარდნაძის არაფერი არ უნდა ამ მთავრობას, მარტო ვალები უნდა? ჩვენ თვითონ რომ შეგვეძლოს ამ პრობლემის გადაწყვეტა, არც მერიას შევაწუხებდით და არც არავის, მაგრამ ვისაც შეუძლია, ის ჩვენსკენ არ იხედება. ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან მივედით და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. თბილისშიც გაუქმდა ტროლეიბუსების სამმართველო, მაგრამ იმ ხალხს სხვა სამსახური შესთავაზეს. 22 წელიწადია აქ ვმუშაობ. არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემზე დიდი ხნის სტაჟი აქვთ. ახლა მე მუშაობა სადღა უნდა დავიწყო, სად უნდა დავსაქმდე? რატომ უნდა ვეძებო სხვაგან სამუშაო, როცა შესაძლებელია მცირე ხელშეწყობის შედეგად ამუშავდეს ჩვენი სამსახური.”

საწარმოს ტექნიკურ გამართულობასა და მუშაობისთვის მზადყოფნაზე საუბრობს მთავარი ინჟინერი გარი წერეთელი: „ამჟამად მუშა მდგომარეობაში 20 ტროლეიბუსი გვყავს. ამას გარდა, როცა თბილისში ტროლეიბუსების სამმართველო გაუქმდა, საჩუქრად გადმოგვეცა 15 ერთეული ტროლეიბუსი, რომლებიც ჩამოვიყვანეთ და ახლა ჩვენთან უმოქმედოდ დგას. გვყავს ორი ერთეული სპეციალური მანქანა, რომლებიც ტროლეიბუსის ხაზების გამართულობას უზრუნველყოფს. ასე, რომ, საწარმო ახლა ყველანაირად გამართულია და მუშა მდგომარეობაშია“.

„მიმდინარე წლის 17 სექტემბერს # 7 მარშუტზე მუშაობა აღვადგინეთ. ორი თვის შემდეგ მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ მუშაობა შეგვეწყვიტა და ჩვენც იძულებული გავხდით ასე მოვქცეულიყავით. ჩვენი ოთხი ტროლეიბუსი ახლაც თაბუკაშვილის ქუჩის ბოლოში დგას და ამუშავებას ელოდება. თითქოს ელექტროენერგიის დავალიანების გამო გამოგვრთეს, მაგრამ ეს ახალი ენერგოკომპანია რომ შემოვიდა, როგორც მოსახლეობას, ჩვენც ძველი ვალები ჩამოგვეწერა, ახალს კი ჩვეულებრივად ვიხდიდით. ასე, რომ ენერგოკომპანიასთან კი არა, როგორც ჩანს, მთავრობასთან გვაქვს პრობლემები,” - აცხადებს პროფკავშირის თავმჯდომარე გოჩა ოქროპირაშვილი.

როგორც ირკვევა, ტროლეიბუსების გაჩერების შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა ხელმოწერებიც კი შეაგროვეს ტროლეიბუსის მუშაობის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ ამაზეც რეაგირება არ მომხდარა. იმ ხაზზე კი, სადაც 7 ნომერი ტროლეიბუსი მუშაობდა, ახალი სამარშუტო მიკროავტობუსი, #52 დაინიშნა. მოსახლეობა და ტროლეიბუსის მძღოლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ ახალი სამარშუტო ხაზის დანიშვნამ განაპირობა ტროლეიბუსების გაჩერება. ადგილობრივი  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა კი, დღემდე ითხოვს ტროლეიბუსის მუშაობის აღდგენას:

ვალია კუზნეცოვა, თაბუკაშვილის ქუყჩის მცხოვრები: „ჩვენ ძალიან გვჭირდება ტროლეიბუსი, იმიტომ რომ საშუალება არ გვაქვს, ტრანსპორტში 30 თეთრი გადავიხადოთ. არც პენსია მაქვს, არც სხვა შემოსავალი. ეს 10 თეთრი კი ადვილად გადასახდელი იყო ჩემთვის. ხალხს გვჭირდება, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს. ინვალიდი ქალი ვარ, ეგ იყო ჩემი ტრანსპორტი. კარგად მუშაობდნენ და გვიანობამდეც. ავტობუსები უფრო ადრე ამთავრებენ მუშაობას. მივმართეთ მერიას და მაშინ დაგვპირდნენ, რომ იქნებოდა, მაგრამ ისევ გააუქმეს.”

გულნაზი დვალიშვილი, თაბუკაშვილის ქუყჩის მცხოვრები: „ამ უბანში უმეტესად სოციალურად დაუცველი ხალხი ვცხოვრობთ. ყველას არ აქვს ეს 30 თეთრი, რომ გადაიხადოს პარკთან ასვლაში. ახლა, ტროლეიბუსები რომ აღარ მუშაობენ, ჩვენი ქუჩის მცხოვრებლები პარკამდე ნახევარჯერ ფეხით დადიან. ესეც არ იყოს, ხანდახან ისეთი მდგომარეობაა მარშუტკაში, ვერ შეხვალ, გადატენილია.”

ქუთაისის ტროლეიბუსების სამმართველო რომ ყოველთვის დოტაციური ორგანიზაცია იყო, ამას არც აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა კვერნაძე უარყოფს. თუმცა, მას „ვალების დაგროვების” თავისებური ახსნა აქვს:

„როცა დაძაბული სიტუაცია იყო, ხალხს გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა, იმ პერიოდში ოღონდ გვემუშავა, მთავრობა ყველაფერზე თანახმა იყო. მაშინ არც ელექტროენერგიის გადასახადს გვახდევინებდნენ, არც ტრანსპორტის. ამან დააგროვა ეს ვალებიც, რომელთაგან დღეს საურავი უფრო მეტია, ვიდრე ძირითადი ვალი. ძირითადი ვალია 250 000 ლარი, საურავიანად ეს თანხა 700 000-მდე აღწევს. მერე ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყო. ახლა სიტუაცია ისე მიდის, საწვავი გაძვირდება და შესაბამისად, გაძვირდება ტრანსპორტიც. რა ფასიც უნდა დაადოს სხვა სატრანსპორტო ერთეულმა, ჩვენ იმის ნახევარ ფასში შევძლებთ ვიმუშაოთ და თავი ვირჩინოთ,” - აცხადებს გოჩა კვერნაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დათო ჩაკვეტაძე ტროლეიბუსის მძღოლების მიერ მათი მუშაობის აღდგენის გზაზე მთავარ მოწინააღმდეგედაა მიჩნეული. თუმცა თავად ჩაკვეტაძე მის მიმართ წაყენებულ არცერთ პრეტენზიას არ იღებს და შექმნილ სიტუაციას შემდეგნაირად ხსნის:

„ეს საწარმო ყოველთვის დოტაციური იყო. მათ ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ შევთავაზეთ, წარმოების განვითარების ბიზნეს გეგმა წარმოედგინათ. აქ საუბარი არ იყო წარმოების აღორძინებაზე, რაც მე მაშინაც აბსურდულად მიმაჩნდა. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ხალხი სადმე დასაქმებულიყო და პურის ფული შეეტანათ ოჯახში. აღსანიშნავია ისიც და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საწარმო არ არის ქალაქის კუთვნილება. იგი ეკუთვნის ტრანსპორტის საწარმოთა მართვის სააგენტოს. ამიტომაც მის შესახებ რაიმე გადაწყვეტილებების მიღება არც ჩვენი სამსახურის და არც ქუთაისის მერიის პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება დოტაციას, რომელიც წლების განმავლობაში გაიცემოდა ტროლეიბუსების სამმართველოზე, ქალაქის ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხები აღარ არის.”

როგორც დათო ჩაკვეტაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას განმარტავს, ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს ფუნქციონირებას რამდენიმე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი განაპირობებს. კერძოდ ის, რომ საწარმოს ბიუჯეტის საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს, მისი ქონება საგადასახადოს მიერაა დაყადაღებული და ტროლეიბუსი არ არის ჩასმული ქალაქის სატრანსპორტო სქემაში.

„მათ კიდევაც რომ მოაგვარონ თავიანთი ურთიერთობა საფინანსოსთან და საგადასახადოსთან, სანამ ქალაქის სატრანსპორტო სქემაში არ იქნებიან ჩასმული, მუშაობას მაინც ვერ შეძლებენ. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა ჯაჭვის რგოლებივით დაკავშირებული. მათ მიერ ვალების გასტუმრების გზა კი ამ ვალების რესტრუქტურიზაციის გარდა, ფაქტიურად, არ არსებობს. ცოტა ადრე რომ ეზრუნათ ამაზე, სხვა გზებით შეეძლოთ ვალების ჩამოწერა. უნდა ჩამოეყალიბებინათ შვილობილი კომპანია და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ხომ ვერ გავაკეთებდით საწარმოს ხელმძღვანელობის ნაცვლად. მე მაგის უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს მაგათ  მუშაობა ვასწავლო,” - ამბობს დათო ჩაკვეტაძე.

რაც შეეხება ახალ სამარშრუტო ხაზს თაბუკაშვილის ქუჩაზე, დათო ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ უკანონოდ აქ არაფერი ხდება და ის 52 ნომერი სამარშუტო მიკროავტობუსი ტენდერ-გავლილი და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხაზია, რომელსაც ტროლეიბუსის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც ტროლეიბუსები უკვე 10 თვეა ქალაქში აღარ მოძრაობენ.

ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დათო ჩაკვეტაძე მიიჩნევს, რომ ქუთაისის ტროლეიბუსების სამმართველოს ხელმძღვანელობა მძღოლების თვალში მისგან „განტევების ვაცის” შექმნას ცდილობს. ამისი მიზანი კი ისაა, რომ მათ საკუთარი უუნარობის დანახვა და თავისი თანამშრომლებისათვის პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

მართლაც იმალება თუ არა დათო ჩაკვეტაძის რაიმე კერძო ინტერესი ქუთაისში ტროლეიბუსების მუშაობის შეჩერებაში, ეს უახლოეს მომავალში უკეთ გამოჩნდება. დღეს კი ფაქტი ისაა, რომ ქუთაისელი ტროლეიბუსის მძღოლები უახლოეს მომავალში უკვე ოფიციალურად შეუერთდებიან ჩვენი ქვეყნის უმუშევართა მრავალრიცხოვან არმიას. თაბუკაშვილის ქუჩისა და ქალაქის სხვა პერიფერიული დასახლების სოციალურად დაუცველ ადამიანებს კი ისევ ფეხით მოუწევთ დიდ მანძილებზე სიარული.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები