კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენაკელი პედაგოგი ლია სიჭინავა საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს

5 დეკემბერი, 2007

სენაკის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლია სიჭინავამ სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დღის წესრიგში მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი დადგა. იგი სკოლის დირექტორს, მერი წირღვავასა და ქართული ენისა და ლიტერატურის სამ  პედაგოგს უპირისპირდება, რომლებმაც მისი სასწავლო საათების მითვისება გადაწყვიტეს. ლია სიჭინავა მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს მე-7, 8 და 9 კლასებში ბოლო ორი წლის განმავლობაში პერიოდულად, სიმსივნით დაავადებული პედაგოგის ნაცვლად ატარებდა. იგი დღეს სკოლის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს.


სენაკის #3 საჯარო სკოლაში პედაგოგებს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მანონ სიჭინავა მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მის ადგილს სხვადასხვა დროს, მისივე სურვილით ლია სიჭინავა იკავებდა. მშობლიური ენის სწავლება მე-7, 8 და 9 კლასებში სიჭინავამ ბოლოს 15 ოქტომბრიდან გააგრძელა. სამივე კლასში სასწავლო საათების რაოდენობა კვირაში 15-ს შეადგენს. მანონ სიჭინავას გარდაცვალების შემდეგ ამ საშტატო განაკვეთის გადანაწილების სურვილი სკოლაში მომუშავე სამ პედაგოგს გაუჩნდა.

ლია სიჭინავა: „რუსუდან ქვარცხავამ, თინა გოგინავამ და ნონა სქურიდინმა ჩემი სკოლიდან გაგდება განიზრახეს. ჩემს წინააღმდეგ კამპანია ორი კვირის წინ დაიწყო. მე თანახმა ვიყავი მათთვის 5 საათი დამეთმო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები იყვნენ... ის არგუმენტი, რომ ეს პედაგოგები ადრეც მუშაობდნენ და ამიტომაც აქვთ უფლება საათების რაოდენობა ჩემს ხარჯზე გაიზარდონ, უსამართლობაა“.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, მერი წირღვავამ პედაგოგებს შორის არსებული დაპირისპირების შეჩერება მოლაპარაკების გზით სცადა. ამგვარი შეხვედრა ცოტა ხნის წინ მართლაც შედგა, მაგრამ დათმობაზე არც ერთი მხარე არ წავიდა. დირექტორი განმარტავს, რომ მანონ სიჭინავას საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში ბრძანება ლია სიჭინავას დროებითი დანიშვნის შესახებ მის მიერ 15 ოქტომბერს გაიცა. „პედაგოგებმა საათების გადანაწილების შესახებ თხოვნით რამდენჯერმე მომმართეს. ისინი ამ სკოლაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მცირე განაკვეთი ჰქონდათ. მე შემეძლო საათები ადრეც გადამენაწილებინა, მაგრამ გავითვალისწინე ავადმყოფი პედაგოგის თხოვნა და ლია სიჭინავა სკოლაში დავტოვე. დასანანია, რომ პედაგოგებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საკუთარი პოზიცია მეც გამაჩნია. მიმაჩნია, რომ ახლის მიღებამდე იმ პედაგოგის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინც სრული საშტატო განაკვეთის მიღებას წლების განმავლობაში ელოდება“.

ლია სიჭინავა თავს ახლადმისულ პედაგოგად სულაც არ თვლის და აცხადებს, რომ #3 და #5 საჯარო სკოლების შერწყმამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მანონ სიჭინავას ადგილზე იგი პერიოდულად მუშაობდა და შესაბამისად, ბრძანებებიც გაიცემოდა.

სენაკის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის, მანანა გრიგოლავას თქმით, ასეთ შემთხვევებში მას რაიმე სახის დირექტივების გაცემის უფლება არ აქვს. `ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რჩევები და რეკომენდაციები მივცეთ საჯარო სკოლების დირექციას. ჩვენ არაფერს ვწყვეტთ. ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და გადაწყვეტილებები თავადვე უნდა მიიღონ. ჩემი რჩევა იყო ის, რომ ლია სიჭინავა სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩენილიყო და საათების გარკვეული რაოდენობა მიეღო. თუმცა ვთვლი, რომ მისი მოთხოვნა სამართლებრივად სწორი არ არის. იგი მხოლოდ კატეგორიული და პრეტენზიულია“.

მანანა გრიგოლავა აცხადებს იმასაც, რომ ასეთ შემთხვევებში სკოლის დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო პირველ რიგში ზოგადი განათლების შესახებ კანონითა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მოქმედებს. „აქ შეიძლება კონკრეტული შემთხვევა არ იყოს მითითებული, არც საათების შესაძლო რაოდენობა იყოს აღნიშნული, ასეთი რამ იურიდიულადაც არ არსებობს. სკოლის ხელმძღვანელობამ შეიძლება მორალური მხარეც გაითვალისწინოს“.

28 ნოემბერს, #3 საჯარო სკოლაში გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს შეკრებაზე, დაინტერესებულმა პედაგოგებმა, რუსუდან ქვარცხავამ, ნონა სქურიდინმა და თინა გოგინავამ საათის რაოდენობის გაზრდა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. შეხვედრას 35-მდე პედაგოგი ესწრებოდა. ლია სიჭინავა: „საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა იყო. თავი მაქსიმალურად შევიკავე. გააფთრებით მებრძოდნენ და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. 10 საათის დათმობას მაიძულებდნენ. დირექტორიც მეუბნებოდა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მათი სურვილების დაკმაყოფილება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა“.

ლია სიჭინავას გათავისუფლების შესახებ ბრძანება დირექტორს ჯერ-ჯერობით არ გაუცია, არც საათების რაოდენობაა შემცირებული. თუ კი ასეთი გადაწყვეტილებები მართლაც იქნება მიღებული, პედაგოგი საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოში შეეცდება.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები