კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციონერთა ახლობლების სავაჭრო ობიექტები დალუქულია

5 დეკემბერი, 2007

7 ნოემბრის შემდეგ ბათუმში, საგადასახადო ინსპექციამ ოპოზიციური პარტიის ნათესავების ბიზნესის შემოწმება დაიწყო. საწარმოო ობიექტები დღემდე დალუქულია. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში მითითებულია: „გადაუდებელი საკონტროლო საგადასახადო შემოწმება“, ინსპექცია რიგ ობიექტებში, ბრძანების გაცემიდან 15 დღის შემდეგ შედის შესამოწმებლად.

ჭავჭავაძის #115 მდებარე მაღაზია „ბუმერანგის“ 36 თანამშრომელი თითქმის ერთი თვეა, რაც აღარ მუშაობენ. მაღაზია 7 ნოემბერს საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა ფინანსური შემოწმების მიზნით  დალუქეს, თუმცა შემოწმება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მაღაზია „ბუმერანგი“ ინდ.მეწარმე „ზებურ დეკანაძეზეა“ რეგისტრირებული, თუმცა, მისი არაოფიციალური მფლობელი მიხეილ თავართქილაძეა, რომელიც ჯუმბერ თავართქილაძის („ხალხის პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი) ძმაა.

მეწარმის განცხადებით, ფინანსური პოლიცია და საგადასახადო ინსპექცია მასთან ანონიმური წერილის საფუძველზე შევიდნენ. ინფორმაციის თანახმად, სუპერმარკეტ „ბუმერანგში“ შეაქვთ აღურიცხავი საქონელი, რომლის რეალიზაციაც მაღაზიიდან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება. აწარმოებს შავ ბუღალტერიას, მალავს რეალურ შემოსავლებს...“

აღნიშნული ინფორმაციის საფუძვლზე, 7 ნოემბერს, მაღაზია საგადასახადო ინსპექციამ დალუქა, ხოლო 8 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, „ბუმერანგში“ საგადასახადო შემომწმებისთვის ბათუმის საგადასახადო ინსპექციას 15 დღიანი ვადა მიეცა.

მაღაზიის მფლობელი თავართქილაძე აღნიშნავს:  „მათ ობიექტის დალუქვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდათ. შევთავაზე, რომ დაეწყოთ შემოწმება და თუ დარღვევას მართლაც აღმოაჩენდნენ, შემდეგ დაელუქათ მაღაზია“.

გადაუდებელი საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება იმით ამოიწურა, რომ  საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესასწავლი საკითხების პროგრამა შეადგინა, დალუქა მაღაზიის საბუღალტრო დოკუმენტაცია.
22 ნოემბერს, სასამართლოს მიერ მიცემული ვადა ამოიწურა, თან ისე, რომ საგადასახადო ინსპექციას მუშაობა არც კი დაუწყია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი მორიგი შუამდგომლობა დააყენეს: „სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება შემოწმების ჩატარება ბრძანებით დადგენილ ვადებში“ - ეწერა სასამართლო გადაწყვეტილებაში. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ შემოწმების ვადა კიდევ 15 დღით გაუგრძელა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

 „ჩემი დაცვის ქვეს მყოფმაც და მეც, ოფიციალური წერილით ორჯერ მივმართეთ ბათუმის საგადასახადო ინსპექციას შემოწმების დაწყებისთვის, თუმცა უშედეგოდ. ამდენი ხნით მაღაზიის დალუქვამ, მფლობელს საკმაოდ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა, გაფუჭდა ყველა მალფუჭებადი პროდუქტი. ჩვენ ვითხოვდით, პროდუქციის აღრიცხვისა და რეალიზაციის უფლებას, მაგრამ არც ამის უფლება მოგვცეს“, -  აცხადებს „ბუმერანგის“ ადვოკატი მალხაზ აბულაძე.

23 ნოემბერს, ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის, ამჯერად, ჯონდი ბაღათურიას მამის, ალკაზარ ბაღათუარიას საწარმო დაილუქა. „სააქციო საზოგადოება ბათუმის რეზინა-ტექნიკური ქარხნის 50%-ს ვფლობ. 23 ნოემბერს, ობიექტის დალუქვასთან დაკავშირებით, სასამართლოში დამიბარეს. სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, ქარხანაში მივიდნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებას არ დაელოდნენ და საწარმოს ლუქი დაადეს. 26 ნოემბერს კი, შემოწმება დაიწყეს. არაგეგმიური შემოწმების მიზეზი არ დაუსახელებიათ“, -  აცხადებს ალკაზარ ბაღათურია. მისი თქმით, საწარმოს დალუქვისა და შემოწმების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ იგი ჯონდი ბაღათურიას მამაა: „ეს ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ იმ მოიჯარეებს, რომლებსაც ჩვენი ქარხნის ფართი იჯარით აქვთ აღებული, ეუბნებიან, რომ აქედან წავიდნენ, რადგან, მათი თქმით, ჩვენს მიერ გადახდილი თანხები,  თურმე,  ოპოზიციის ჯიბეში მიდის“.

დალუქულია კომპიუტერულ-სასწავლო ცენტრი „კანდელიც“, რომლის დამფუძნებელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძეა. ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ ბერიძეა. მისი განცხადებით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები ფირმის შემოწმებას განზრახ არიდებენ თავს: „თავად ვთხოვე საგადასახადოს წარმომადგენელებს, რომ დროზე დაიწყონ შემოწმება, რადგან გაჩერებით ფირმა ზარალდება. ინსპექტორმა, რომელსაც შემოწმება აქვს დავალებული, განმიცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. ამ გზით ცდილობენ გააჭიანურონ შემოწმება და ზარალი მოგვაყენონ“.

ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე ელდარ ვარშალომიძე კომენტარზე უარს აცხადებს: „კომენტარებს არ ვაკეთებ. არ არის ეგ საკომენტარო თემა, როცა დამთავრდება შემოწმება, ობიექტები გაიხსნება“, -  ამ მოკლე პასუხის შემდეგ მან ტელეფონი გაგვითიშა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები