კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ გაათბობს ბავშვებს?!

6 დეკემბერი, 2007

„ჩვენს სკოლაში გათბობის სისტემა კი დაამონტაჟეს, მაგრამ ჯერ არ ჩაურთიათ. ბავშვებს თითები გვეყინება და კალამს ვერ ვიჭერთ. ნუთუ არ გვაქვს უფლება, ნორმალურ პირობებში ვისწავლოთ? ამბობენ, იმისთვის, რომ გათბობის სისტემა ჩაირთოს და გავთბეთ, ფული უნდა შევაგროვოთ“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისს მეშვიდეკლასელმა მარიამ ირემაძემ.

ის ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, სადაც 800-მდე მოსწავლე ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქალაქის ყველა საჯარო სკოლაში, ისე აქაც, გათბობის სისტემა ჯერ კიდევ ზაფხულში დამონტაჟდა და ზამთრის სუსხიანი დღეებიც კარგახანია დადგა, მათ გათბობაზე დღემდე არავის უზრუნია.

„ვერ ვიტყვი, რომ არ ზრუნავენ, ოღონდ, ის კი არ ვიცი, ვისზე - ბავშვებზე თუ საკუთარ ჯიბეზე. სახელმწიფო თითოეულ ბავშვს 240 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა გათბობასაც უნდა ეყოს და სხვა დანარჩენსაც. ტყუილია განათლების სამინისტროს წარმომადგენლები რომ გაიძახიან - სკოლებში თქვენი შვილები აღარ გაიყინებიანო. ფაქტია, მაინც იყინებიან,“- აცხადებენ მშობლები.

მიუხედავად განათლების სისტემაში განხორციელებული ძირეული რეფორმისა, დღეს ქუთაისის თითქმის ყველა საჯარო სკოლაში იმ დროს მისტირიან, როცა საკლასო ოთახებში შეშის ღუმელები ენთო და ბავშვები მერხებთან მოკუნტული არ ისხდნენ. ამბობენ, რომ თანხას, რომელსაც გათბობისთვის აგროვებდნენ, გაცილებით ცოტა იყო, ვიდრე დღეს სკოლაში აბარებენ.

„ჯერ ხუთ ლარზე იყო საუბარი. მერე თქვეს - 6 ლარიო. არ ვიცი, შეიძლება ორ დღეში ეს თანხა კიდევ გაიზარდოს. დირექტორი აცხადებს, რომ საკლასო ოთახების გათბობას სკოლის ბიუჯეტი ვერ გაწვდება,“- ამბობს მარიამი.

რა დაუჯდება ერთ სკოლას ყოველდღიურად ჩართული გათბობის სისტემა, ქუთაისის რესურს-ცენტრში ჯერ არ დაუანგარიშებიათ. თუმცა, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე ვერც იმაში ხედავს პრობლემას, თუ სკოლის შემოწირულობაზე ვინმე იზრუნებს.

„რა თქმა უნდა, მოსწავლეთა გათბობაზე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და ცენტრალური ბიუჯეტიდან იყოფა კიდეც ამისთვის თანხები. თუმცა, არსებობს შემოწირულობების პრაქტიკა. თუ მშობელი ან სხვა, გარეშე პირი სკოლისთვის თანხას გაიRებს, ამაში ცუდი არაფერია. ისე, აქედანვე ჩანს, რომ გათბობის სისტემის ამუშავება სკოლებში საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება,“- აცხადებს პატარიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის 46 საჯარო სკოლიდან 25-ში გათბობა ნოემბრის ბოლოს ჩაირთო, პრობლემა მაინც ვერ გადაიჭრა. გათბობის ახლადდამონტაჟებულ სისტემაში ზოგან წყალი გაიპარა, ზოგან - გაზი. სასკოლო ოლქში ამბობენ, რომ ტექნიკური პრობლემა მალე გადაიჭრება. ამასობაში, იქნებ სკოლების ბიუჯეტშიც გაჩნდეს თანხა, რომლითაც გათბობის საკითხი მოგვარდება და ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მშობლები „სავალებულო მოსაკრებლისგან“ ერთხელდასამუდამოდ გათავისუფლდებიან.

ფაქტია, ეს პრობლემა არა მარტო ქუთაისში, არამედ დედაქალაქსა და მთელ საქართველოში შეიქმნა. ზამთარი დაიწყო - სკოლების გათბობის პრობლემა კი ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები