კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხარჯი ნაკლები, გადასახადი მეტი - ახალქალაქელები ელექტროენერგიის ზედმეტ გადასახადს აპროტესტებენ

6 დეკემბერი, 2007

ახალქალაქის მცხოვრებლებს ვერ გაუგიათ რატომ იხდიან რეალურად დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებაზე მეტს. ზოგისთვის პრობლემა ძველი მრიცხველებია, ზოგი კი ზედმეტს ტარიფის განმსაზღვრელ პროგრამაში არსებული ხარვეზების გამო იხდის.

კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი სერვის-ცენტრის მისაღებში ხალხი ყოველდღე იკრიბება. ისინი აქ დენის ქვითრების დასაზუსტებლად მოდიან. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის საფასურზე მეტს იხდის.

მომჩივანთა უმრავლესობა ოფისიდან ისე მიდის, რომ ყველა იმ ტექნიკურ და არითმეტიკულ ნიუანსში, რომელთა გამოც ზედმეტის გადახდა უწევს, ვერ ერკვევა. 

მარინა ალთუნიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გასულ კვირას ახსნა-განმარტებას ითხოვდა. იგი ახალქალაქის ყოფილი პირველი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე სახლში დედასთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ერთი წლის წინ მისი მეუღლე სამუშაოდ გაემგზავრა და ოჯახში წევრების რაოდენობაც შემცირდა. მარინა ელოდა, რომ მეუღლის წასვლის შემდეგ ელექტროენერგიის დანახარჯი შემცირდებოდა, თუმცა ამის ნაცვლად ხარჯი თითქმის გაორმაგდა.

,,დენზე საშუალოდ 18-21 ლარს ვხარჯავდი, ახლა კი გადასახადი ორჯერ მეტი მოდის. ქვითრებზე საწყის და საბოლოო მაჩვენებლებს (გასული და მიმდინარე თვეების) არ წერენ, იქ მხოლოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა და თანხაა აღნიშნული”, - ამბობს მარინა.

მის სახლში, ისევე როგორც ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმრავლესობასთან, ძველი, ,,საბჭოთა” მრიცხველებია. ენერგოკომპანიაში ამბობენ, რომ ისინი სიძველის გამო მოხმარებულ ელექტროენერგიას ზუსტად არ აღრიცხავს, ამიტომ კომუნალური მრიცხველები დაამონტაჟეს, რომელიც რამდენიმე ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას აჩვენებს.

თვის ბოლოს ენერგოკომპანიის ინკასატორი ძველი მრიცხველების ჩანაწერს ინიშნავს, აჯამებს და კომუნალური მრიცხველის მაჩვენებელთან ადარებს. მიღებული სხვაობა კომუნალურ მრიცხველთან მიერთებული ოჯახების რაოდენობაზე იყოფა. მიღებული დანამატი ძველი მრიცხველის მაჩვენებლთან ერთად ქვითარში აისახება.

თუმცა, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე სახლების ზოგიერთი ბინადარი ეჭვობს, რომ კომუნალური მრიცხველის ჩანაწერს სწორად არ ინიშნავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ინკასატორთან ერთად მაჩვენებელი ხალხმაც უნდა შეამოწმოს.

გასული ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის თითქმის ყველა სახლში  მრიცხველები ციფრულით შეცვალეს. ძველი მრიცხველი, მხოლოდ სოფლებში, ქალაქის მცირე ნაწილსა და ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დარჩა.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი ჯანიკო ასტატურიანი ამბობს, რომ დანამატების პრობლემა ძველი მრიცხველების განახლებამდე იარსებებს. 

,,ასე მარტო ჩვენ არ ვმუშაობთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც კომუნალური მრიცხველები არ გამოცვლილა, ყველგან იგივე სიტუაციაა”, - ამბობს ჯანიკო ასტატურიანი.

სამცხე-ჯავახეთში პირველი კომუნალური მრიცხველები დაახლოებით ორი წლის წინ დამონტაჟდა. გასული წლის ზამთარში ელექტროენერგიის დანახარჯზე დანამატების გადახდით უკმაყოფილო ახალქალაქელთა ჯგუფი ადგილობრივი სერვის-ცენტრის ოფისში შეიჭრა, კომპანიის თანამშრომლები გარეთ გამოაძევა და პროტესტის ნიშნად ოფისის კარები ჩაამტვრია. მაშინ აქციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ახალქალაქში პირველი ინდივიდუალური მრიცხველები გამოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად, ქუთაისში, მრიცხველების შეცვლის პროცესი არ დაწყებულა.

არმინე ჰარუთუნიანი, რომელიც ასევე ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ახალი მრიცხველის დაყენებაში 100 ლარი მოსთხოვეს.

,,მრიცხველის გამოცვლა ვითხოვე, რადგან მგონია, რომ პრობლემა სწორედ მასშია. სერვისცენტრში მითხრეს, რომ თანხა უნდა გადავიხადო, მე კი საშუალება არა მაქვს~, - ამბობრ არმინე.

,,სამხედრო ქალაქში საჭიროა 800 მრიცხველის დაყენება, რაც დიდ ხარჯებთაა დაკავშირებული. თუმცა ციფრული მრიცხველების დამონტაჟების პროექტი უკვე არსებობს. ცხადია, ეს ჩვენი მოვალეობაა”, - ამბობს ასტატურიანი.

ახალქალაქის სერვის-ცენტრში საჩივრებით ციფრული მრიცხველების პატრონებიც მოდიან. ისინი ვერ იგებენ, ელექტროენერგიის გადასახადი რა ტარიფით იანგარიშება.

საქართველოს ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფი მოქმედებს – დაბალი, საშუალო და მაღალი, რომელიც თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ვაჰაგნ შირინიანსა და მის მეუღლეს სახლში ციფრული მრიცხველი აქვთ. ცოლ-ქმარი არ მუშაობს. ელექტროენერგიის გადასახადს პენსიიდან იხდიან, ამიტომ ცდილობენ, ეკონომიურად მოიხმარონ. როგორც ისინი ამბობენ, ეს არ ამართლებს და ხშირად დიდი თანხა აქვთ გადასახდელი.

,,ვცდილობთ, 100 კილოვატზე ნაკლები დავხარჯოთ, რათა გადახდა დაბალი ტარიფით მოგვიწიოს. გასულ თვეში ქვითრის მიხედვით 96 კილოვატი გვქონდა დახარჯული, გადასახადი კი საშუალო ტარიფით იყო გამოანგარიშებული. შედეგად 3.4 ლარით მეტი გადავიხადე, ვიდრე მეკუთვნოდა”, - ამბობს ვაჰაგნ შირინიანი.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ახალქალაქის სერვისცენტრში რეალიზაციაზე პასუხისმგებელი გურამ წიწკალაძე განმარტავს, რომ პრობლემას ტარიფის განმსაზღვრელი კომპიუტერული პროგრამა ქმნის.

წიწკალაძის თქმით, ტარიფი, ჩვეულებრივ, 30-დღიან პერიოდში დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით იანგარიშება. თუ ამ პერიოდის პირველი დღეები შაბათ-კვირა ან დღესასწაულებია და ინკასატორები ისვენებენ, მრიცხველების მაჩვენებლების კომპიუტერში შეყვანა არ ხდება. მონაცემები მხოლოდ უქმე დღეების შემდეგ შედის.

,,შედეგად გამოდის, რომ აისახება არა 30, არამედ 28-დღიანი პერიოდის მაჩვენებელი, როგორც ეს სექტემბერში მოხდა”, - გვიხსნის წიწკალაძე.

დარჩენილი დღეების დანახარჯის შესავსებად კომპიუტერი 28 დღის მონაცემების მიხედვით ერთი ადამიანის მიერ დღეში საშუალოდ მოხმარებულ ელექტროენერგიას ავტომატურად ანგარიშობს. შემდეგ მიღებულ შედეგს დარჩენილ ორ დღეზე ამრავლებს და ტარიფს მიღებული მაჩვენებლის მიხედვით განსაზღვრავს. 


გულო კოხოძე, ახალქალაქი

ახალი ამბები