კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება აბაშაში ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის გახსნას კრძალავს

7 დეკემბერი, 2007
მიხეილ სააკაშვილის აბაშელი მხარდამჭერების სიაში შესაძლოა გარდაცვლილთა გვარებიც აღმოჩნდეს.

პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წევრები აბაშაში ოფისის გარეშე რჩებიან. ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და თანხის გადახდის შემდეგ მათ უკე მესამე ოფისი დაატოვებინეს. ფართის არც ერთი მეპატრონე რეალურ მიზეზს არ ასახელებს. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახა მიქაია ოფისების დახურვას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებს და მთავარ დამკვეთებად აბაშის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბადრი ჩაჩავასა და პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსს, დავით დარსმელიძეს ასახელებს.

„მე არ დავუშვებ აბაშაში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისისა და ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის გახსნას!“ -  ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ პოლიტსაბჭოს წევრის, კახა მიქაიას განმარტებით აბაშის რაიონის გამგებელს, ბადრი ჩაჩავას ეკუთვნის. კახა მიქაია: „აბაშელებისათვის მიცემული ეს პირობა ჩაჩავამ პირნათლად შეასრულა - ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის წევრები სამი ოფისიდან გამოაძევეს. რაიონის გამგებელი გაერთიანებულ ოპოზიციას აშკარად უპირისპირდება. ვაფრთხილებ ბადრი ჩაჩავასა და პოლიციის განყოფილების უფროსს  ბადრი დარსმელიძეს, რომელიც სამეგრელოს ტრასებზე ბეტონის ლურსმნებს წარმატებით გვიყრიდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციის წევრები 2 ნოემბრის მიტინგზე თბილისში არ ჩასულიყვნენ, რომ ჩვენ მაინც გავხსნით შტაბს და დავამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს აბაშელები მხარს არ უჭერენ!“ ნაპოლიციარ, ნაპროკურორალ და ნამოსამართლევ ჩაჩავას გართულებები კონსტანტინე გამსახურდიაზე თავიდანვე ჰქონდა და ამ განწყობას წინასაარჩევნო პერიოდშიც ინარჩუნებს“.

აბაშაში გართულებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ. მურად კვანტალიანი-პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლები“ კოორდინატორი: „იმისათვის, რომ ოფისი არ გვქონოდა, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა. ფართის მეპატრონეები ოფისებიდან გაურკვეველი მიზეზებით გვაძევებდნენ... მათ უკან რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, პოლიცია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი დგას!“

ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, ზურაბ კუპრავა აბაშის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების მცდელობამ მასიური ხასიათი მიიღო. ზურაბ კუპრავა: „საჯარო სკოლების პედაგოგებს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაერთიანებულ სხდომაზე იბარებენ, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც ესწრებიან და მკაცრ გაფრთხილებას აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, სამუშაო ადგილების დატოვება მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე მოუწევთ... ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები ახსნა-განმარტებების მიღებას ყველა იმ ადამიანისაგან მოითხოვენ, ვისთანაც შეხვედრები გვაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი ინტერესის ობიექტები ის ტაქსის მძღოლებიც ხდებიან, რომლებსაც ჩვეულებრივ ვქირაობთ. ჩვენი მარშრუტის დასადგენად განმარტებებს მათგანაც ითხოვენ“.

აბაშელი ოპოზიციონერები უახლოეს დღეებში იმ სკანდალური სიის გამოქვეყნებასაც გეგმავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შორის გარდაცვლილთა გვარებია აღმოჩენილი. „ნორიოს, სუჯუნის, ძველი აბაშის, საკაჭარაოსა და სხვა სასაფლაოებიდან ნაცმოძრაობის აქტივისტების მიერ საფლავის ქვებიდან საგანგებოდ ამოწერილი გვარები მხარდამჭერთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს. არ არის აუცილებელი მათი პირადობის მოწმობის რეალური ნომერი, მთავარია სახელი და გვარი იყოს ნამდვილი, ამავე დროს გარდაცვალების თარიღი რატომღაც უახლოეს 2-3 წელიწადს უნდა ემთხვეოდეს. თითოეული ნაცმოძრაობის აქტივისტი ვალდებულია 20 ასეთი ჩამონათვალი მოიპოვოს“, -  აცხადებს მურად კვანტალიანი.

აბაშის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბადრი ჩაჩავა გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ცილისწამებისათვის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს, თუმცა ყოფილ მოსამართლეს ნებით თუ უნებლიედ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ის ცვლილება გამორჩა, რომლის მიხედვითაც ცილისწამების ბრალდებით დღეს საქართველოში არავინ ისჯება.

ბადრი ჩაჩავა: „მე არც მიქაიას ვიცნობ და არც კუპრავას, მე მათ ვუჩივლებ ასეთი ცილისწამებისათვის და იარონ მერე სასამართლოებში. ისინი მატყუარები არიან, ვერანაირ პრეტენზიას ვერ წამიყენებენ! კერძო პირს ფართის გაქირავებას მე როგორ ავუკრძალავდი?! ბეტონის ლურსმნები მე ჩამოვყარე არა?! პასუხს ვაგებინებ მათ! მე ჩემი საქმე მაქვს და პოლიტიკაში არ ვერევი. მე მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ვეწევი“.

მეურნე გამგებელი ოპოზიციის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებთან ერთად აბაშაში ჟურნალისტების გამოჩენამაც გააღიზიანა. ბადრი ჩაჩავა აუდიო ჩამწერისა და ფოტოკამერის გამოყენებამ ისტერიულ მდგომარეობაში ჩააგდო. ფოტო-ობიექტივში მოხვედრას მან რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის დაუყონებლივ დატოვება არჩია.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები