12:52, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევანის ზღვარზე

24.12.2007
საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მიუხედავად ოპოზიციის გამუდმებული კიჟინისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი დარღვევა ხდება, თითქმის არაფერი იცვლება. არჩევანის ზღვარზე მდგარი საზოგადოების ერთი ნაწილი ამ დროს ჩუმად, თავისთვის ყოფნას ირჩევს და პრატენზიები ნაკლებად აქვს. მეორე კი, რეალობაზე თვალებს არ ხუჭავს და მომხდარზე მწვავედ რეაგირებს.

''ადამიანის უფლებათა ცენტრის'' ქუთაისის ოფისში უამრავი ადამიანი მოდის. ისინი ყვებიან ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ სხავადასხვა სახის დარღვევებზე. სახელისუფლებო პარტიის ქუთაისის ოფისში კი, ისევე როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ამ დროისთვის ყველაფერი რიგზეა.

ვინ ტყუის და ვინ მართალია, არის თუ არა სინამდვილეში ყველაფერი რიგზე, ამაზე უფრო ნათლად ფაქტები მეტყველებენ.

ფაქტი #1

''ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში უკვე წლებია ვმუშაობ. უამრავი ხელმძღვანელი გამოვიცვალე და ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავისგან მიმიღია. ორი დღის წინ ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დამიბარა და პირდაპირ მითხრა, რომ თუ „სააკაშვილზე არ ვიმუშავებ“, სამსახურს დავკარგავ. ჩვენი საწარმოს მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა დავით ბეჟუაშვილია. უფროსმა ''გულახდილი საუბრისას'' ეს რამდენჯერმე შემახსენა. ორ დღეში მე და ჩემი თანამშრომელი თურმე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში უნდა მივიდეთ და იქ გვეტყვიან, ზუსტად რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას  უნდა ჩამოვუაროთ და დავარწმუნოთ, რომ მხარი სააკაშვილს დაუჭიროს. ეს არის ზეწოლა და ხელმძღვანელის მხრიდან ჩემი, როგორც თანამშრომლის შეურაცხყოფა. მე, რა თქმა უნდა, არავის ჭკუაზე სიარულს არ ვაპირებ და არც სამსახურის დაკარგვის მეშინია. ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც ამას საკუთარი  გული და გონება მიკარნახებს'', - ამბობს ქუთაისის სს ''ინდუსტრიის'' (ავტოქარხნის) თანამშრომელი ნანა ლომიძე.

ფაქტი #2

21 დეკემბერს ქუთაისს მაჟორიტარი დეპუტატი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სტუმრობდა. იგი ჯერ პედაგოგებს, შემდეგ კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

''ჩვენი საავადმყოფოს ეზოში ავტობუსები ადრიანად გამოჩდნენ. სააკაშვილის მომხრეები შენობის ფოიეში იდგნენ და პირდაპირ ავტობუსისკენ გვერეკებოდნენ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ''ჩქარა, ჩქარა, ადით ავტობუსში, ნინო ბურჯანაძე დიდი ხანია გელოდებათო'', - გაიძახოდა ცხვირმოუხოცავი ბიჭი. არავის უკითხავს, გვსურდა თუ არა ბურჯანაძესთან შეხვედრა, ან ელემენტარულად, დრო და სურვილი გვქონდა თუ არა. ეს ადამიანის უფლებების შელახვაა, აბა რა არის? როცა შენ არ გაძლევენ თავისუფალი არჩევანის საშუალებას, როცა სახლში, სამსახურში გივარდებიან და გაიძულებენ, მაინცდამაინც ''იმ ერთს'' მოუსმინო და ბოლოს მხარიც დაუჭირო'', - ამბობს ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს თანამშრომელი ლალი გეგეშიძე.

ფაქტი #3

''ჩემი მეგობარი ქუთაისის #2 საპყრობილეში მუშაობს. გასულ კვირას დამირეკა და მთხოვა პირადობის მოწმობის ნომერი მეთქვა მისთვის. ასევე, უნდა მეკარნახა ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრების საპასპორტო მონაცემებიც. მე, რა თქმა უნდა, დაახლოებით მივხვდი, რაში ჭირდებოდა მას ეს ყველაფერი. არც თვითონ დაუმალავს, რომ ციხის ადმინისტრაციისგან ჰქონდა ეს დავალება მიღებული. რა ქნან, სააკაშვილისთვის მუშაობენ ახალაიას დამქაშები... ჩემმა მეგობარმა ჩემგან ვერ მიიღო ის, რაც უდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მახეში სხვა ბევრი გაებმებოდა. დამეთანხმებით, პირადობის მოწმობის ნომრები და პიროვნების მისამართი მთავარი დეტალია არჩევნების გასაყალბებლად. სხვა შანსი რომ არ აქვს, ამ ხერხით ცდილობს ''ნაცმოძრაობა'' ხელისუფლებაში დარჩენას'', - ამბობს ქუთაისელი ანა დოღონაძე.

ფაქტი #4

''მე ხარებავას ქუჩაზე ვცხოვრობ, ცხრასართულიან კორპუსში. ჩვენს სადარბაზოში 30 ოჯახია.  აქედან სამი საზღვარგარეთაა. საარჩევნი სიებში ისინი ჩვეულებრივად შეიყვანეს. მითუმეტეს, აღწერის დროს  მეზობლებმა ვუთხარით, რომ საქართველოში არ იმყოფებიან. გარდა ამისა, 3 ადამიანი  (აქედან ერთი 10 წლის) გარდაცვლილია. არც მიცვალებულებს დაწყვიტეს გული და სიაში შეიყვანეს. რომ ვუთხარით ამის შესახებ, გვითხრეს გავასწორებთო. დარწმუნებული ვარ, 5 იანვარს არჩევნებზე რომ მივალ, მკვდრებიც და საზღვარგარეთ მცხოვრები მეზობლებიც სიაში დამხვდებიან. ოპოზიცია კი ყვირის და ამ ფაქტებს აფრიალებს, მაგრამ ფაქტია, არაფერი იცვლება. ხელისუფლებამ იცის, რომ თუ არ გააყალბა, ისე არჩევნებს ვერ მოიგებს. ჰოდა, აყალბებს,'',- ამბობს 72 წლის ჟორა გოგნაძე.

ფაქტი #5

''ჩვენი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჩემი მეზობელია. რა თქმა უნდა, ''ნაციონალების'' კაცია და არც ერთ წუთს არ კარგავს. ჩვენს ოჯახში მოვიდა და თითოეული წევრისგან წინასაარჩევნო განწყობა გაიგო. ჩვენ ჩვენი პოზიცია არ დაგვიფარავს და მიუხედავად იმისა, ვიცოდით მას არ ესიამოვნებოდა, ვთქვით, რომ ოპოზიციას ვუჭერთ მხარს. ბატონმა კომისიის თავმჯდომარემ ზუსტად ნახევარი საათი მოანდომა იმის ახსნას, როგორ გაიშიფრება თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნების შემდეგ და როგორ დასჯიან ''მოღალატეებს.'' მე და ჩემი ოჯახის წევრები ასე იოლად არ გავბრიყვდებით, ბევრი კი ამ სისულელეს დაიჯერებს. ნუთუ, ამ ადამიანებს ვინმე არ ეუბნება, რომ კანონს არღვევენ, რომ ეს აგიტაცია კი არა, სხვა რამეა და მას სახელად ზეწოლა ჰქვია?''- კითხულობს ქუთაისის მკვიდრი ნინო ჩხეტიანი.

მსგავსი ფაქტები ბევრია. ქუთაისის სხვადასხა უბანზე მოქალაქეები სხვადასხვა პრობლემებს უჩივიან. პირველ პრობლემად კი, მაინც საარჩევნო სიების გაყალბება რჩება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC