კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აპირებს გამყრელიძე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას

27 დეკემბერი, 2007

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამოკითხვას აწარმოებს. ცენტრი პრეზიდენტობის კანდიდატებს სთხოვს წარმოადგინონ თავიანთი ხედვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით. დღემდე ცენტრს მხოლოდ დავით გამყრელიძე გამოეხმაურა. გთავაზობთ მის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი: რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?

დავით გამყრელიძე: მცდარად მიმაჩნია ხელისუფლების მიდგომა, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს სეპარატისტული რეგიონების მთავრობები რუსეთის სრული მარიონეტები არიან და მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. კონფლიქტების მოგვარებისადმი საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელშიც ოფიციალური თუ არაოფიციალური კონტაქტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
მე ვაპირებ:

  • დავამყარო სეპარატისტულ რეჟიმებთან პირდაპირი კონტაქტები. ამ მიზნით, ჩემი არჩევიდან სულ მოკლე დროში მე, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, გავემგზავრები სოხუმში და უშუალოდ ბ–ნ ბაღაფშთან გავმართავ დიალოგს ძალადობისა და საომარი მოქმედებების არგანახლების თაობაზე;
  • გავერკვე სოხუმისა და ცხინვალის ინტერესებში, მათ საფრთხეებში და საზრუნავში;
    მზად ვიყო გავითვალისწინო სოხუმისა და ცხინვალის გონივრული ინტერესები ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში;
  • ხელი შევუწყო ევროპის კავშირის, მასში შემავალი ცალკეული სახელმწიფოების, ასევე, სხვა სახელმწიფოების, საერთაშორისო სამთვარობო თუ საზღვარგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის გააქტიურებას კონფლიქტების მოგვარების პროცესში. აფხაზების და ოსების ჩართვა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპას და, ზოგადად, დასავლეთს წარმოაჩენს მათი დღევანდელი რუსული კურსის ალტერნატივად და პირიქით, მათი იზოლირება ევროპისგან სხვადასხვა თითიდან გამოწოვილი მიზეზით, მცდარი მიმართულებით უბიძგებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს და მთავრობებს;
  • მაქსიმალურად დავანახო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დასავლური ინტეგრაციის სიკეთეები და ისინი საქართველოს დასავლური კურსის თანამონაწილენი გავხადოთ;
  • მკვეთრად გავააქტიურო მოლაპარაკებები რუსეთთან. მიმაჩნია, რომ საქართველო – რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია თუნდაც იმით, რომ ჩვენ თვითონ არ დავასხათ ცეცხლზე ნავთი, ვაწარმოოთ რუსეთის მიმართ უფრო თანმიმდევრული, ნაკლებად პროვოკაციული პოლიტიკა. ეს აუცილებლად აისახება კონფლიქტების მოგვარებაზე. რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი პოზიცია არ იქნება დამთმობი საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხებში, მაგრამ, არ იქნება აგრესიულიც. მე შევეცდები რუსეთის ხელმძღვანელობასთან ყველა დონეზე უახლოეს მომავალში აქტიური დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მივაღწიო ურთიერთობებში დათბობას, რაც უეჭველად აისახება კონფლიქტების მოგვარებაზეც;
  • ვიზრუნო რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე ინტერნაციონალური ძალებით;  
  • აფხაზებთან და ოსებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი: როგორ იმოქმედებთ იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო?

დავით გამყრელიძე: ამგვარი ჰიპოთეზები და ვარაუდები ხშირად გამოითქმება. საკითხის ამ ჭრილში გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რუსეთს ურჩევნია კონფლიქტების დღევანდელ მდგომარობაში შენარჩუნება და მათი, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად გამოყენება. თუმცა, ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მაინც დაუყოვნებლივ დავიწყებ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარების სცენარის განიხილვას და შესაძლო რეაქციის ვარიანტების დამუშვებას როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოში, ისე მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან. ამგვარი კოორდინაცია აუცილებელი იქნება იმისთვის, რათა ჩვენი რეაქციის შემთხვევაში, როგორიც არ იყოს ის, საქართველო მარტო კი არ დარჩეს რუსეთის პირისპირ, არამედ ჰყავდეს ძლიერი  მოკავშირეები. ამასთან ერთად, მკვეთრად გავაქტიურებ დიპლომტიურ საქმიანობას, რათა მსოფლიო მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული რეალობის შესახებ, ხოლო საქართველომ მოიპოვოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საკვანძო ქვეყნებში. ამას გარდა, აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის გაფრთხილება, რომ მისი ამგვარი ნაბიჯი კვლავ არევს ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც რუსეთმა რის ვაი–ვაგლახით ჯერ–ჯერობით შეძლო სეპარატისტული განწყობების მოთოკვა და მოჩვენებითი სიმშვიდის დამყარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი: რას აპირებთ იმ შემთხვევაში თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს?

დავით გამყრელიძე: კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის, თუკი ამას საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო რაიმე ქმდება არ მოჰყვა რუსეთის მხრიდან. სხვა შემთხვევაში, იხ. მე–2 პრაგრაფი. ერთადერთი უარყოფითი შედეგი ის იქნება, რომ კოსოვოს აღიარება გარკვეულ იმედებს გაუჩენს სოხუმსა და ცხინვალს და მათ პოზიცის მოლაპარაკებებში უფრო ხისტს გახდის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი: როგორ იმოქმედებთ იმ შემთხვევაში თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა პროვოკაციების შედეგად საომარი მოქმედებების გაჩაღების საშიშროება შეიქმნა?

დავით გამყრელიძე: საქართველო შექმნილი ვითარების შესაბამისი ძალით დაუპირისპირდება მოწინააღმდეგეს, განახორციელებს კოორდინაციას მოკავშირეებთან და გაააქტიურებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი: რამდენად მისაღებია თქვენთვის ტერიტორიული მთლიანობს სამხედრო ძალით დაბრუნება?

დავით გამყრელიძე: მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ შეიარაღებული დაპირისპირების განახლება. მიმაჩნია, რომ ამ გზით გაჭირდება გრძელვადიანი მოწერიგების მიღწევა, ხოლო მოკლევადიანი „წარმატება“ უფრო მეტად დაგვაშორებს გრძელვადიან მოწესრიგებას.
                   

ნონა სუვარიანი         

ახალი ამბები