კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიცვალებულებიც ირჩევენ

28 დეკემბერი, 2007
საპრეზიდენტო არჩევნები საიქიოშიც ტარდება

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის ვადა ამოწურულია. ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 400 ათასი ამომრჩეველი. სიებში დარღვევების არსებობის შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მკვდარი სულები მონაწილეობას მაინც „მიიღებენ“. არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობენ. სიებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პრეტენზიები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებსაც.

სპეციალისტების თქმით, გაყალბებისათვის ყველაზე უფრო ხშირად ამომრჩეველთა სიაში არსებულ ხარვეზებს გამოიყენებენ. ოპოზიციონერი კანდიდატების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების მტკიცებით კი, ასეთი დარღვევები საარჩევნო სიებში ძალიან ბევრია.

„სიებში შეყვანილი მიცვალებულები ჩვენი შტაბის წევრებმა საკუთარ ოჯახებშიც აღმოვაჩინეთ. შეძლებისდაგვარად გადავამოწმეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი და ასობით გარდაცვლილის მონაცემები ვიპოვეთ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანები სიაში ორჯერ არიან დარეგისტრირებულნი, რაც თავისთავად არჩევნების გაყალბების წინაპირობაა“, - აცხადებს საერთო სახალხო მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსი ზვიად ყვირალაშვილი.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტესთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსაც, თუმცა დიტერ ბოდენის განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი არ იზიარებს. მისი თქმით, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ცესკო-ში სულ რამდენიმე საჩივარია შესული.

„სიების გადამოწმების პროცესი დასრულებულია. სიების შექმნა - გადამოწმება წმინდა ტექნიკური საკითხია და არავითარი კავშირი პოლიტიკურ საკითხებთან არ გააჩნია. ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 3 მილიონ 400 ათასი ამომრჩეველი. არავის აქვს უფლება, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, არიან საქართველოს მოქალაქეები და გააჩნიათ პირადობის მოწმობა, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი საქართველოში, ცხოვრობენ თუ არა იმ მისამართზე, რომელზეც არიან რეგისტრირებულები, ამოიღოს სიიდან და შეუზღუდოს მათ საარჩევნო ხმა. გადამოწმება ჩატარდა ორ ეტაპად. საბოლოოდ კი, სიებს დაემატა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი. სიებიდან ამოღებულია 28 123 გარდაცვლილი პირი. ასევე, სიას დაემატა 65 485 ადამიანი, რომელიც სიაში ან გამორჩენილი იყო ან პირადობის მოწმობა შუალედურ პერიოდში მიიღო“, - განმარტა თარხნიშვილმა.

სოსო შატბერაშვილი, ლეიბორისტული პარტია: „იტყუება თარხნიშვილი. ის დიტერ ბოდენსაც ატყუებს და სხვა უცხოელ დამკვირვებლებსაც. მას და დღევანდელ მთავრობას არაფერი აინტერესებთ ხელისუფლების შენარჩუნების გარდა. დარღვევების შესახებ ყოველდღე ვაცხადებდით და ეს მათთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ რეაგირება მოეხდინათ. ამასთან ერთად, საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის ვადის გასვლამდე ცესკო-ში მკვდარი სულების უზარმაზარი დასტა მივიტანეთ, თუმცა აღნიშნული მონაცემები საარჩევნო სიაში დარჩა“.

საარჩევნო სიების საკითხს დადებითად არც ევროსაბჭოს წარმომადგენლები აფასებენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ თავად განაცხადა. „ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ დამატებით სიებთან დაკავშირებით. მათ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ის, რომ შეიძლება გაყალბების საშიშროება შეიქმნას. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რა ზომებია მიღებული იმ ახალ მოდელში, რაც ჩვენ პარლამენტში ბოლოს მივიღეთ. ჩემი აზრით, მათთვის ჩვენი არგუმენტები დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო.

ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შექმნილია მთელი მექანიზმი, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს ის უფლება, რომ ყველას მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მეორე მხრივ, არ მოხდეს მათი ხმის ბოროტად გამოყენება“, -  აღნიშნა ბოკერიამ.

არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე, მმართველი პარტიის დაპირებების არ სჯერათ იურისტებს.

„თუ ამომრჩეველი არ მივიდა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, ეს გამყალბებელს საშუალებას აძლევს ხმა მისცეს მისი სახელით. კომისიის წევრი, რომელმაც თუ წინასწარ იცის, ვინ არის ასეთი ამომრჩეველი, მის გრაფაში მოაწერს ხელს და ბიულეტენებს ჩაყრის.

გაყალბებისათვის გამოიყენება უცხოეთში მყოფი ამომრჩეველიც, რომელიც იქ ამომრჩევლად რეგისტრირებული არ არის და რომლის გვარის გასწვრივ საარჩევნო უბნის ერთიან სიაში (საქართველოში) არ არის სპეციალური აღნიშვნა: „იმყოფება უცხოეთში“, რაც ასევე საშუალებას აძლევს გამყალბებელს, ხმა მისცეს მისი სახელით.

კიდევ ერთი, სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველია. გამყალბებლები საკმაოდ კარგად იყენებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ საარჩევნო უბნის ერთიან ან სპეციალურ სიაში არ არის სპეციალური აღნიშვნა „გადაყვანილია სიის დანართში“. ეს საშუალებას აძლევს ამ პირს, ორჯერ მისცეს ხმა, ერთხელ – გადასატანი ყუთის მიტანისას, მეორედ – უშუალოდ უბანში მისვლისას“, - ამბობს იურისტი ვახტანგ ხმალაძე.

ექსპერტების თქმით, ყველაზე უფრო სახიფათოა სხვა საარჩევნო უბნის სიაში ფაქტობრივი მისამართით შეყვანილი ამომრჩეველი. ანუ, მისამართი, რომელიც ამ უბანს ეკუთვნის, მაგრამ სინამდვილეში არ არის ამომრჩევლის მისამართი. „ეს საშუალებას აძლევს მას, რომ ხმა მისცეს ორივე უბანში, პირველში პასპორტით, ხოლო მეორეში პირადობის მოწმობის წარდგენითა და დამატებით სიაში შეყვანის მოთხოვნით. მას იმდენჯერ შეუძლია ხმის მიცემა, რამდენჯერაც მოასწრებს მისვლას სხვადასხვა საარჩევნო უბანში“, - აღნიშნავს ხმალაძე.

რაც შეეხება გაყალბებისაგან დაცვას, ამომრჩევლების მარკირების საშუალებით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ არ არსებობს ქიმიური საშუალება, რომლის წაშლაც სხვა ქიმიური საშუალებით არ შეიძლება.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს 5 იანვარს ამომრჩეველთა იმ სიებით ატარებენ, რომლითაც 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები