კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ 28 ოქტომბრის სცენარი ამჯერად ზუგდიდში გაითამაშა

28 დეკემბერი, 2007
საერთო სახალხო მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო შეხვედრები სამეგრელოს მოსახლეობასთან ინციდენტით დასრულდა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ ზუგდიდში გამართულ მშვიდობიან მანიფესტაციაზე ხელისუფლებამ დარბევის პროვოცირება ნაცმოძრაობის აქტივისტების გამოყენებით კიდევ ერთხელ სცადა. 28 ოქტომბრისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სცემეს, 26 დეკემბერს ოპოზიციის მიტინგზე ახალი სახეები გამოჩნდნენ, თუმცა მათ ზურგს ცნობილი სახეები უმაგრებდნენ.

დღის ქრონიკა.
11. 00. ჩხოროწყუ.

საერთო სახალხო მოძრაობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძისა და სხვა ოპოზიციური ლიდერების ჩხოროწყუში გამოჩენამდე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება და შსს ძალოვანი სტრუქტურები მოსახლეობას დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. შეშფოთებული ხალხი სოფელ ლესეჭინეს ცენტრში იკრიბება. ბლოკირებულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება, დაშინებულები არიან მძღოლები.

ავთო კვარაცხელია, მძღოლი: „ერთადერთი ჩემი დაშინება ვერ მოახერხეს. 3 მიკროავტობუსი „დაბლოკეს“, მძღოლებზე გაუგონარ ზეწოლას ახდენენ. ყველა გააფრთხილეს მანქანები ადგილიდან არ დაეძრათ. გამწარებული დაძრწიან... ფოთის მერის მოადგილე, გოჩა ლემონჯავა აშინებს ხალხს, იგი წარმოშობით ლესეჭინელია და ალბათ მთავრობამ დაავალა... ზეწოლაა ყოველ ნაბიჯზე“.

მანამ, სანამ ჩხოროწყუს კულტურის სახლში ამომრჩეველთან შეხვედრა დაიწყება ლესეჭინელები ლევან გაჩეჩილაძესა და მის გუნდს სოფლის ცენტრში სახელდახელოდ მომზადებული ელარჯითა და შავი ღვინით უმასპინძლდება... პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის პედაგოგს, ნაირა ციმინტიასა და მის მოსწავლეებს საკლასო ოთახში კეტავენ იმისათვის, რომ ოპოზიციური ძალებისათვის საგანგებოდ მომზადებული კომპოზიცია არ წარმოადგინონ... შეხვედრის დაწყებისთანავე მათ ათავისუფლებენ. ნაირა ციმინტია, პედაგოგი: „ჩემს მოსწავლეებს წუხელ სახლში დაადგნენ, მშობლები დააშინეს, სკოლიდან გარიცხვით დაემუქრნენ, ბავშვები პანიკაში არიან...“

12.00

ჩხოროწყუს კულტურის სახლში ლევან გაჩეჩილაძე ამომრჩეველთან შეხვედრას იწყებს. დარბაზი სავსეა. ჩხოროწყუელებს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მიმართავს. იგი კოდუა-პატარკაციშვილის ფარულ ჩანაწერებსაც ეხმაურება.

კონსერვატორი ზვიად ძიძიგური ჩხოროწყუს მოსახლეობას სააკაშვილის საარჩევნო ვიდეოკლიპებს „უშიფრავს“: „სააკაშვილმა აქამდე გაჭირვებული, ავადმყოფი და მშიერი ხალხი ვერ დაინახა. ყველამ ნახა, როგორ ჩამოსდის მას თვალებიდან კურცხალი, ახლა ატირდა ცხარე ცრემლებით?! შეშა და ფქვილიც ახლა გაახსენდა. პატიოსნად გამოართვით ყველაფერი, გამოართვით და მეტიც მოითხოვეთ, ხმა კი არ მისცეთ!“

14.00; წალენჯიხა

კონსტანტინე გამსახურდია წალენჯიხაში აცხადებს, რომ სააკაშვილს, მერაბიშვილს, გოროზიას, ნადირაძესა და სხვებს ჭიპლარის ნაცვლად დედის მუცლიდან მოსასმენი აპარატის მავთულები გამოჰყვათ. „ამ ადამიანების სისხლის მოლეკულებში არც ერთი ბურთულა არ არსებობს, სადაც ნამგალი და ურო არ არის გამოკვეთილი... ისინი ბოლშევიზმით არიან დაავადებულნი“.

თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტია: „მუხტი, რომელიც ჩვენ აქედან მიგვყვება, ეს არის ყველაზე უფრო მყარი და მნიშვნელოვანი, რაც უცილობელ გამარჯვებაში გვარწმუნებს, რაც ძალებს გვმატებს, რამაც შეგვაძლებინა 7 ნოემბერი. მთავარი, რაც იპოვა ხელისუფლებამ, როგორც გამოსავალი ამ უზარმაზარი პროტესტის წინააღმდეგ არის ე.წ. შეთქმულების თეორია, რომ თითქოს ყველანი შეთქმულები ვართ, რომ ყველა რაღაც საშინელებას ვგეგმავთ. აქ, სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან ამ კითხვაზე პასუხი. სამეგრელომ ყველაზე მძიმედ იწვნია საკუთარ თავზე, ყველაზე მძიმედ მიიღო ის დარტყმა, რომელიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მასწავლებელმა ამავე დემაგოგიით და ამავე იდეოლოგიით 90-იანი წლების დასაწყისში მთელს საქართველოში განავითარა“.

15.30. ზუგდიდი

ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციის ლიდერები ქალაქში ავტომანქანების საყვირით შემოდიან, მთავარ ხეივანს გარს უვლიან და ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გვირგვინი მიაქვთ... კონსტანტინე გამსახურდია ზუგდიდელებს ლევან გაჩეჩილეძეს წარუდგენს. „ღირსეული წარსული, აწმყო, კაცი, რომელმაც იცის საკუთარი ხალხის სიყვარული, ბრძოლა, რომელიც არის სიტყვის კაცი...“

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერი ფარული მოსმენების თემას კვლავ უბრუნდება. „ორივე მხარის საყურადღებოდ ვამბობ! ჩვენთვის ასეთი მეთოდები სრულიად მიუღებელია და არც არასოდეს იქნება მისაღები. ვინაიდან ასეთი მეთოდებით ბრძოლა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. იგი მოიტანს მხოლოდ გახრწნას, უფრო მეტს, ვიდრე ეს შევარდნაძემ და მისმა შვილივით გაზრდილმა სააკაშვილმა მოიტანა“.

ლევან გაჩეჩილაძე, საპრეზიდენტო კანდიდატი: „თბილისში ამბობენ: როცა კარგად მიგიღებს ზუგდიდი, არჩევნების ბედი გადაწყვეტილიაო. ჩვენი დაშინება შეუძლებელია. ჩვენ 5 იანვარს გავიმარჯვებთ და პირველი ამას მე მოგილოცავთ... შეუძლებელია ისმინო განურჩევლად ყველა ადამიანის ტელეფონი, ყველაფრის ფარული ჩანაწერები აკეთო, ყველაფერს დაარქვა გადატრიალება. გადატრიალება რასაც ჰქვია, ამას მიხეილ სააკაშვილი აპირებს... არ გამოუვა, 5 იანვარი მისი რეჟიმის დასასრული იქნება. უფალმა მოგვანიჭა #1 და მე ვიქნები თქვენი პირველი ჯარისკაცი ერთიან საქართველოში“.

16.45

მანიფესტაცია, ძალადობისა და გაყალბების წინააღმდეგ ზუგდიდის სტადიონიდან იწყება და ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სრულდება... ათასობით ადამიანი პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამს.

17.00

ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მანიფესტანტებს შორის ახალგაზრდა ყმაწვილი ჩნდება, ლევან გაჩეჩილაძის მიმართულებით კვერცხის გასროლას ლამობს, მაგრამ მის პირსახეს ზუგდიდელი ქალბატონის მუშტი ხვდება, პროვოკატორს გამომეტყველება ეცვლება და სახეზე ჭარხლისფერი ედება... „ბრძოლაში“ უკვე მამაკაცები ერთვებიან და იგი ქუჩის მეორე მხარეს გადაჰყავთ... „სახალხო ბანკის“ ოფისთან გამბედავ ყმაწვილს ნაცმოძრაობის აქტივისტები ზურგს უმაგრებენ... რამდენიმე წამის შემდეგ ცემა-ტყეპა ხურდება... 28 ოქტომბრის მიტინგის დარბევის მონაწილე ნაცმოძრაობის აქტივისტები მუშტებსაც აქტიურად იქნევენ... პარლამენტარების, ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძის დამრტყმელი ძალა_გოგა ღურწკაია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა... მთავარ პროვოკატორში კი ზუგდიდელებმა დაჩი აბსანძე ამოიცნეს - ნაცმოძრაობის ახალი სახე.

17.30

კონსტანტინე გამსახურდიას გარდა ოპოზიციური ძალები ზუგდიდს ტოვებენ. იგი „თავისუფლების“ ზუგდიდის ოფისში მიდის... კოკო გამსახურდიას საკუთარი ავტომანქანის საქარე მინაზე სააკაშვილის 5 ნომრიანი წითელი პლაკატი ხვდება... მას ქუჩის საპირისპირო მხარეს განთავსებული მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბიდან აქტივისტები უახლოვდებიან და ვითარების დაძაბვას ცდილობენ... ნაცმოძრაობის ახალგაზრდა წევრებმა იერიშის მიტანა გამსახურდიას დაცვის წევრებზე სცადეს... 

ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში, კახა მიქაია მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მორიგ პროვოკაციად აფასებს. „ჯერ მიტინგმა, შემდეგ კი მანიფესტაციამ ნაცმოძრაობა როგორც ყოველთვის, მდგომარეობიდან გამოიყვანა. თითქმის განმეორდა 28 ოქტომბერი... მიუხედავად ზეწოლისა, მთლიანად სამეგრელოში ძლიერი მიტინგები შედგა. ნაცმოძრაობა პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს და უსუსურ მკლავებზე ხშირად იხედება. მუშტების ქნევა კი ვინმეს წინააღმდეგ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. მათ უბრალოდ საკადრისი მიიღეს... ჩვენზე ხელის აღმართვა მათ არ გამოუვათ“.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ახალი ამბები