12:51, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სიღნაღი მეწყერს მიაქვს, მოსახლეობა შველას ითხოვს

29.12.2007
სიღნაღს სტიქია უტევს. მეწყერმა ქალაქში შესასვლელი მთავარი გზის ნაწილი წაიღო და 40-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებმა მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყეს. გეოლოგების თქმით, სიღნაღის ტერიტორიაზე არსებული უკიდურესად რთული საინჟინრო-გეოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია დეტალური კვლევების ჩატარება და მეწყერსაშიში ღონისძიებების შემუშავება, რაც საკმაო დროს მოითხოვს. ამასობაში კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა, მეწყერი კიდევ უფრო გააქტიურდეს და საფრთხე მთელ ქალაქს შეექმნას.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2007 წელს, ქალაქ სიღნაღის ინფრასტრუქტურას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სინამდვილეში, სიღნაღში მხოლოდ რამდენიმე და ძირითადად ის უბნები გალამაზდა, სადაც უცხოელები დადიან. პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქის რეაბილიტაციისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. არაოფიციალურად ეს თანხა გაცილებით მეტია და სანდო წყაროების თქმით, მისი დიდი ნაწილი რეაბილიტაციას არ მოხმარებია. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად მათი არაერთი თხოვნისა, რეაბილიტაცის პროცესში არავის გახსენებია, რომ უპირველესყოვლისა ყურადღება მეწყერსაშიში ტერიტორიისთვის უნდა მიექციათ.

„ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს, რომ მიწა დაბლა იწევდა და იქნებ ზემდგომებს ამ საკითხზე დალაპარაკებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. რაიონის გამგეობაშიც იცოდნენ ყველაფერი და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც, რადგან რეგიონის გუბერნატორი გია ნაცვლიშვილი ან მისი წარმომადგენელი მაინც, თითქმის ყოველ ორ დღეში ერთხელ სიღნაღში იყვნენ. ერთი სიტყვით, ყურადღება არავინ მოგვაქცია, მათ მარტო ქალაქის ფასადების, შენობების სახურავების შეკეთება და გალამაზება აინტერესებდათ. ამიტომაც აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში“, - აცხადებს სიღნაღის მკვიდრი გულნარა ჯოხაძე.

რამდენიმე დღის წინანდელი მონაცემებით, ქალაქ სიღნაღში მდებარე 40-მდე საცხოვრებელი სახლი მეწყერმა უკვე დააზიანა. ჩანგრეულია სოფელ ჩალაუბნის მხრიდან ქალაქ სიღნაღში შესასვლელი მთავარი გზის ნაწილი, ნუკრიანის მონაკვეთზე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გეოლოგები სიღნაღში მხოლოდ გასულ კვირას ჩავიდნენ. სპეციალისტებმა მეწყერით დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და გზების მდგომარეობა შეაფასეს.

გეოლოგები ძველმეწყრული ცენტრების გააქტიურებას არ გამორიცხავენ, რამაც შესაძლოა ასზე მეტ საცხოვრებელ სახლს დანგრევის საფრთხე შეუქმნას.

„საქართველოში ყველაფერი „ონლაინ რეჟიმში“ კეთდება. მთავრობისათვის მთავარი იყო სწრაფი შენება და შემდეგ საზეიმოდ პრეზენტაციების გამართვა. ხელისუფლებამ კმაყოფილება იმით მიიღო, რომ ქალაქი ათჯერ მაინც გახსნა და ხალხი დაარწმუნა, რომ „სიღნაღი მსოფლიოს გულია“, არადა, გეოლოგიური შესწავლის გარეშე ნებისმიერი მშენებლობისათვის დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი“, - განაცხადეს გეოლოგებმა სიღნაღში ყოფნისას ჩვენთან პირად საუბარში.

ოფიციალურად კი, როგორც გარემოსა და ბუნებრივის რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსმა მიხეილ ავალიანმა აღნიშნა, სიღნაღის ცენტრალურ რესტავრირებულ ნაწილში საშიში გეოლოგიური პროცესები არ ფიქსირდება. „ძველმეწყრულ სხეულში ლოკალური უბნების გააქტიურება მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში შეინიშნება“, - განმარტა ავალიანმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ექსპერტ-გეოლოგები, სიღნაღის პარალელურად, აჭარასა და ლეჩხუმში არსებულ ვითარებასაც შეისწავლიან. „მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვის მიზნით“, - აღნიშნეს სამინისტროში.
სიღნაღის მოსახლეობა შველას ითხოვს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC