კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ავრცელებს პროკურატურა ასე ხშირად ფარულ ჩანაწერებს

29 დეკემბერი, 2007
„საქართველოში კომპრომატების ომი დაიწყო“, - ეს განცხადება პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურამ მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი კოდუას საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ამ ჩანაწერს ბადრი პატარკაციშვილის შტაბის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი და ვიდეოკადრებიც მოყვა. ამ უკანასკნელში კარგად ჩანს, როგორ ჩხრეკენ ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრები ლონდონში შეხვედრაზე ჩასულ ირაკლი კოდუას.

პატარკაციშვილის აღნიშნული ფრაზა მედიამ ხელახლა აიტაცა, თუმცა „კომპრომატების ომი“ საქართველოში უკვე დიდი ხნის დაწყებულია.

ფარული ჩანაწერებით „საუბარი“ საქართველოს მთავრობას დიდი ხანია გამოცდილი აქვს. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრებისას, მისი ბრალეულობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი სწორედ ფარული სატელეფონო ჩანაწერი იყო, რომელშიც ის კოდორში გამაგრებული აჯანყებულების მეთაურს ემზარ კვიციანს ესაუბრებოდა.

გარდა ამისა არსებობს უამრავი სხვა ფარული ჩანაწერიც. ამ ჩანაწერების „გმირები“ იყვნენ :

მე-7 საპყრობილეს პატიმრები (საქართველოს ტელევიზიით პროკურატურამ ამის გაშვება საპატიმროში ბუნტის სასტიკად ჩახშობის შემდეგ გადაწყვიტა);

შალვა რამიშვილი, როდესაც ის ქრთამს ნაციონალური მოძრაობის წევრისგან კობა ბექაურისგან იღებდა იმ პირობით, რომ არ გაუშვებდა მისი საქმიანობის უკანონობის ამსახველ  ჟურნალისტურ გამოძიებას. ჩანაწერი ისევ ბრალეულობის ერთადერთი მტკიცება აღმოჩნდა.

რამდენიმე ჩინოვნიკი, რომელთა დაკავებაც ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით მოხდა. ვიდეოფირზე ასახული იყო, თუ როგორ იღებდნენ ქრთამს სხვადასხვა უწყების თანამშრომლები.

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფარული ჩანაწერების სერია 7 ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა. პროკურატურის კამერების სამიზნე ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ -  ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი, კოკო გამსახურდია.

პროკურატურის ობიექტივში ოპოზიციონერები პირველად არ მოხვედრილან. კიდევ ერთი გახმაურებული ჩანაწერის „გმირი“ ყოფილი „კონსერვატორი“ კობა დავითაშვილი გახლდათ.
და ეს არ არის სრული სია ყველა იმ  ფარული ჩანაწერისა, რომელიც ჩვენ  ტელევიზიების საშუალებით ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ვიხილეთ. რატომ უწევს პროკურატურას ასე ხშირად სიმართლის დამტკიცება უხარისხო ჩანაწერების მეშვეობით? ეს ეროვნული ინტერესია თუ   მიზანმიმართული სტრატეგია, რეპუტაცია შეულახოს ყველა იმ ადამიანს, ვისი ქმედებები თუ პოზიცია მთავრობისთვის მიუღებელია?

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ხელისუფლებას ასეთი ჩანაწერების გაშვება მის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში სჭირდება. ხშირად კონკრეტულ ადამიანზე კი არ ნადირობენ უბრალოდ სტრატეგიის გასამართლებლად სჭირდებათ.

„სასამართლომდე საქმე მისული არ არის, როდესაც პოლიტიკური მოვლენების პარალელურად მაკომპრომეტირებელ ჩანაწერებს უშვებენ. ოქრუაშვილი რომ შევარდა საროსკიპოში და შიშველი ქალები გადაიღო კამერით, ეს ხომ პირად ცხოვრებაში ჩარევაც იყო. თან ეს კადრები სასამართლოს ნებართვის გარეშე გააკეთა. ის კამპანიის პროპაგანდის ფარგლებში მოქმედებდა. იმ მეძავების ბოღმა ნამდვილად არ ჰქონდა. ეს, ძირითადად, პიროვნების ან იდეის რეფორმის გაპიარებისთვის კეთდება“.

როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, მსგავსი გამოცდილება დასავლეთშიც არსებობს. იქ სასამართლოს ნებართვის გაცემის პროცესი რთულია. ზოგ შემთხვევაში აძლევენ ამის ნებართვას, ზოგ შემთხვევაში კი არა. ჩვენთან ფარულ ჩანაწერზე ნებართვას მოსამართლე ყველა შემთხვევაში აძლევს. უბრალოდ მას პროკურორის თხოვნაზე უარის თქმა არ შეუძლია.

„რადგანაც ჩვენთან სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობს და ის პროკურატურის დანამატია, ხშირად ნებართვები გაიცემა ჩანაწერის გაშვების შემდეგ, თუმცა, წინა რიცხვით რეგისტრირდება. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა.
რამდენიმე წლის წინ მიიღეს ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ პიროვნებას პირადად ეხება საქმე, მას შეუძლია გააკეთოს ფარული ჩანაწერი და  ის სასამართლოში გამოიყენოს“.

ადვოკატის აზრით, ფარული ჩანაწერების გამოყენება საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება. ამის პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც კი არის, მაგრამ ასე მასობრივად მხოლოდ საქართველოში გამოიყენებენ.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ფარული ჩანაწერების გაშვება  გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოების წევრებზე, პოლიტიკურ კლიმატზე და პარტიებზე. „ეს არის პოლიტიკური რეპრესიების, ზეწოლის თავისებური ფორმა. ტერორის განცდა ჩნდება. ამის დაშვება არ შეიძლება.ამ საკითხის პოლიტიკური მხარე არა მარტო ის არის, რა შემთხვევაში აქვს პროკურატურას მოსმენის უფლება, არამედ ისიც, რამდენად ახმაურებენ, რამდენად უკეთებენ აფიშირებას მათი მუშაობის ამ მეთოდს“.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები