კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები მასიურად ყალბდება (ნაწილი I)

5 იანვარი, 2008
კოალიცია დემოკრატიისთვის სადამკვირვებლო შტაბის მონაცემები

08:10 – ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის დამკვირვებელთა კოორდინატორის” ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, სარფის #40 უბანზე კომისიის თავმჯდომარე არ აძლევდა ინტერვიუერებს უფლებას, რომ მათ ეგზითპოლების ჩასატარებლად უბნის გარეთ ემუშავათ.

08:20 – ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ნანა ჩაფიძის ინფორმაციით, ქუთაისის ოლქის #50 უბანზე იმყოფებოდა პოლიციისფორმიანი თანამშრომელი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება უბანზე სათვალთვალო კამერის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყო. დამკვირვებელთა მოთხოვნის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით 9 საათისთვის აღნიშნულ პოლიციელს უბნის შენობა დაატოვებინა.

08:30 – ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, კარდენახის #32 უბანზე ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ დამკვირვებელთა მიმართ. ზეწოლას ახორციელებს საუბნო კომისიის თავმჯდომარე შენგელი გულიაშვილი და კომისიის სხვა წევრები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ. დამკვირვებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები. წინააღმდეგობის მიუხედავად, გელა მთივლიშვილმა მოახერხა საჩივრის დაწერა და ჩანაწერთა წიგნში მისი რეგისტრირება;

08:30 – ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელის, ანა ლორიას ინფორმაციით #3 ოლქის #78 საარჩევნო უბანზე აღმოაჩინა შემდეგი დარღვევები: ადგილზე არ იყო ჩანაწერთა წიგნი, მოტანის შემდეგ საჩივრის წიგნში შენიშვნებისა და საჩივრების გვერდი იწყებოდა არა მე-10 არამედ მე-12 გვერდიდან; კონვერტებს ამომრჩევლებს აძლევდნენ თავიდანვე ბიულეტინებთან ერთად. კომისიის წევრების მიერ არ ხდება ბიულეტენების გადამოწმება. ამასთან, ხმის მიცემის კაბინები დაფარული იყო თხელი, გამჭვირვალე ფარდით, არ იყო გადახურული და უბანზე დამონტაჟებული იყო 2 კამერა: ერთი პირდაპირ მიმართული კაბინისკენ, ხოლო მეორე - საარჩევნო ყუთისკენ. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გაფორმდა საჩივარი ჩანაწერთა წიგნში მე-12 გვერდზე. საჩივარზე ხელმოწერა დააფიქსირა აგრეთვე საია-ს დამკვირვებელმა სოფიო ვარდიაშვილმა.

08:40 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, რომელიც მობილურად აწარმოებს დაკვირვებას კახეთის უბნებზე, გურჯაანის რამდენიმე უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. მთივლიშვილის განმარტებით, აღნიშნული პირები ზეწოლას ახდენდნენ საუბნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებზე: მთივლიშვილის განმარტებით, არაუფლებამოსილი პირები ნაციონალური მოძრაობის სახელით მოქმედებდნენ.

08:50 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით ავლაბარის ოლქის #6 საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. აღნიშნული პირები ახორციელებდნენ ზეწოლას როგორც კომისიის წევრებზე, ასევე ამომრჩევლებზე. არაუფლებამოსილი პირების ვინაობა ვერ დადგინდა, თუმცა მოგვიანებით მათ დატოვეს უბანი დამკვირვებლების მოთხოვნის და კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე.

10-30 – ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ მობილური დამკვირვებლის  ინფორმაციით, დიდი დიღომის ტერიტორიაზე 50 სამარშრუტო ტაქსია მობილიზებული.

10-30 ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ კოორდინატორის ინფორმაციით, ფოთის ოლქის #30 საარჩევნო უბანზე იძულებით გადაადგილებულ პირს (დევნილს) საოლქო კომისიის მითითებით, დევნილის მოწმობის გარეშე მისცეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება.

10-40 ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ კოორდინატორის ინფორმაციით, ხობში, #2 უბანზე ხორციელდება ზეწოლა ამ ორგანიზაციის დამკვირვებელზე.

10-45 ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ მობილური დამკვირვებლის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე (ისი პარისთან) სპეცრაზმელებით სავსე რამდენიმე  მიკროავტობუსია მობილიზებული.

11:00 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ნათია ქალიაშვილის ინფორმაციით, გორის ოლქის #24 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 2 პოლიციის თანამშრომელი. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პირები იცავდნენ საარჩევნო ყუთის სადამკვირვებლო კამერების უსაფრთხოებას. დამკვირვებლებსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის 1 საათიანი გარჩევის შემდეგ პოლიციელებმა დატოვეს საარჩევნო უბნის შენობა.

11:05 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს ოლქის იორმუღალოს საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარიე ნარი არახბედიანი და მისი მოადგილე რიზმან აბასოვი მიყვებიან ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში და პირდაპირ მიუთითებენ რომ შემოხაზონ #5. დამკვირვებლების მიერ შედგა საჩივარი. ანალოგიური ტიპის დარღვევები იქნა აღმოჩენილი ყვარელის ოლქის #12 უბანზე.

11:10 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, სამგორის ოლქის #39 საარჩევნო უბნის შენობაში კენჭისყრის ოთახის მომიჯნავე ოთახში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთანაც გამუდმებულ კონსულტაციებს გადიან კომისიის ნაცმოძრაობის წევრები და პარტიის დამკვირვებლები, რომლებიც იქ იმყოფებიან. დამკვირვებელთა მხრიდან მითითების საფუძველზე ხმაურიანი გარჩევა დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება (12:00). ეს ფაქტი ხელს უშლის ამომრჩეველთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეობას.

11:20 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში 4 იანვრის საღამოს განხორციელდა ამომრჩეველთა სიის მნიშვნელოვანი ცვლილება: 35142 ამომრჩევლის ნაცვლად, რომელიც რეგისტრირებული იყო 4 იანვარს, 5 იანვრის დილით სიებში აღმოჩნდა დაფიქსირებული 37018 ამომრჩეველი. ამათგან #2 საარჩევნო უბანზე – ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 234-ით, #3 უბანზე – 209 ამომრჩევლით, მე-19 უბანზე – 93-ით, მე-18 უბანზე – 106-ით, 26 –ე უბანზე 220-ით, 27-ე უბანზე 134-ით და ა.შ.

11:20 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, კახეთის სოფელ კაბალას #19 საარჩევნო უბანზე შექმნილია სრულიად ქაოტური მდგომარეობა. კერძოდ: დაფიქსირებულია ისეთი ფაქტები, როგორიცაა კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლებზე პირდაპირი მითითებები, რომ შემოხაზონ #5, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა და პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე ხმის მიცემა.

11:25 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ნონა სუვარიანის ინფორმაციით, გლდანის ოლქის #26 საარჩევნო უბანთან დგას 2 მიკროავტობუსი, რომელში მყოფი პირებიც პერიოდულად ხვდებიან უბანთან მისულ ამომრჩევლებს და მათზე ზეწოლას ახდენენ. ამომრჩევლები ამბობენ, რომ აღნიშნული პირები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.

12:00 - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები ზუგდიდის ოლქიდან იუწყებიან,  რომ ზოგ უბანში შეჩერებულია მარკირება – მათი ინფორმაციით,  მარკირების აპარატს დაუჯდა ელემენტები და სათადარიგო ელემენტი არ აქვთ. ამ პერიოდში მარკირების აპარატი არ მუშაობს და კენჭისყრის პროცედურა გრძელდება.

გაგრძელება

ახალი ამბები