კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დარღვევები აღმოაჩინა „კოალიციამ დემოკრატიისათვის“ და რა ვერ დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

10 იანვარი, 2008

 
 ლაშა ჩხარტიშვილი
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო დათვლა ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა ვნებათა ღელვამ პიკს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციები 6 იანვარს ქართველ ხალხს დილიდანვე ულოცავდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამას ზოგიერთი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდებოდა.

საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს „კოალიცია დემოკრატიისათვის“. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც კოალიციაში შედიან, ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის პარლამენტის და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვეს. კოალიციის წევრთა თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი არსებობდა: ტელევიზიებმა მათ არ მისცეს კითხვის დასმის შესაძლებლობა. მათი აზრით, საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. კოალიციას ასეთი დასკვნების გამოტანას მათ მიერ წარმოებული დაკვირვება აძლევს. მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავდათ საკუთარი დამკვირვებლები. ინფორმაცია ამომრჩევლებისგან ცხელ ხაზზეც შედიოდა. „კოალიციამ დემოკრატიისათვის“ არჩევნების გაყალბების უამრავი ფაქტი დააფიქსირა.
 
არჩევნების დილა

კოალიციის ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა  ცენტრის“ დამკვირვებლები საქართველოს 7 რეგიონს მოიცავდნენ: სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და პანკისის ხეობა. ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, არჩევნების დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპოზიციურად იყო განწყობილი. ეს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე იგრძნობოდა. ამიტომაც ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომელთა მიხედვითაც მმართველი პარტია ლიდერობს, უჩა ნანუაშვილის თქმით, ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება.

„კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, კობა ბოჭორიშვილის თქმით, პირველი ზარები  საარჩევნო უბანზე პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით შემოვიდა. როგორც წესი, კომისიის თავმჯდომარე ამ ფაქტს ასე ხსნიდა: „პოლიციის თანამშრომლები ვიდეოთვალის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ“. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კოორდინატორი არჩევნების დღეს, სოსო პაპუაშვილი საუბრობს ცენტრის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე.
„არჩევნების პროცესი დილიდანვე ექსცესებით წარიმართა. კახეთის რეგიონის ზოგიერთ უბანზე უცნო პირები იმყოფებოდნენ. ისინი პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ  ამომრჩეველზე და კომისიის წევრებზე, მიუთითებდნენ, რომ ნომერი 5 შემოეხაზათ და კაბინებშიც მიყვებოდნენ. ამ პროცესში კომისიის თავმჯდომარე და მდივანიც მონაწილეობდნენ.

 
 სოსო პაპუაშვილი
იყო შემთხვევა თბილისში, როდესაც საარჩევნო უბნის გვერდით განთავსებული იყო ნაცმოძრაობის შტაბი. ხოლო კომისიის წევრები და დამკვირვებლები ნაციონალური მოძრაობიდან მათთან კონსულტაციას გადიოდნენ.

სიღნაღში კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები შეცვივდნენ უბნის ტერიტორიაზე და ოპოზიციის წარმომადგენლები აიძულეს უბანი დაეტოვებინათ. ზოგ დამკვირვებელს ყოველგვარი ახსნის გარეშე არ უშვებდნენ უბანზე.

დილით, ერთ-ერთი დამკვირვებლის ინფორმაციით, დიდი დიღმის ტერიტორიაზე 50-მდე სამარშრუტო ტაქსი იყო მობილიზებული. მძღოლებს 100 ლარიანი ანაზღაურება და საწვავი დაურიგდათ“.

არჩევნების დღეს „კარუსელი“ არ იყო? 
  
„კარუსელების“ თემა საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების დროს აქტუალურია. გამონაკლისი არც ბოლო არჩევნები ყოფილა.

წელს ამომრჩეველთა რაოდენობა თითო უბანზე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ხმის მიცემის მსურველს საარჩევნო უბნამდე მცირე მანძილის გავლა მოუწევდა. ასე რომ, ამ საქმეს ტრანსპორტით გადაყვანა სულაც არ სჭირდებოდა. თუმცა, ხელისუფლებამ წელსაც გამოიჩინა მზრუნველობა საკუთარ ამომრჩეველზე და მათ ტრანსპორტით მომსახურება შესთავაზა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, საქართველოს მოქალაქეების მიკროავტობუსებით გადაყვანას სულ სხვა მიზეზი აქვს.

„თანასწორობის ინსტიტუტი და სტუდია „რეპორტიორი“ ერთობლივად ვაწარმოებდით არჩევნების ვიდეომონიტორინგს და ძირითადად იმ დარღვევებს ვაფიქსირებდით, რომლებიც გარეთ ხდებოდა. ვაკე-საბურთალოს ფარგლებში ვპატრულირებდით. არ შეგვხვედრია ერთი უბანიც კი მიკროავტობუსების გარემოცვის გარეშე. მძღოლების განმარტებით, მიკროავტობუსები ამომრჩეველთა გადაყვანისთვის იყო განკუთვნილი. ეს სიმართლე რომ ყოფილიყო, მძღოლებს ჩვენთან შეხვედრისას ასეთი მწვავე რეაქცია არ ექნებოდათ. ისინი ან ძლიერ შეშფოთებას გამოხატავდნენ ან მანქანითვე გარბოდნენ. ეს ფირზეც არის დაფიქსირებული. ზოგი ამბობდა, პენსიონერები და შეუძლოდ მყოფები გადაგვყავსო, ზოგიც აღიარებდა, დაგვიქირავეს და რა ვქნათო“.

ლაშა ჩხარტიშვილი ისეთ მაგალითებზეც საუბრობს, როდესაც დევნილებს სამარშრუტო ტაქსებით მომსახურებას პოლიტიკური ნიშნით სთავაზობდნენ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერები იყვნენ.

„კარუსელების გარდა, სიებში არარსებული კორპუსები აღმოვაჩინეთ, როგორც საცხოვრებელი ადგილები“.

არჩევნების პროცესი უბანზე

ამ არჩევნების, ისევე, როგორც უკანასკნელი ორი არჩევნების „საამაყო“ ატრიბუტები  მარკირების სითხე და მარკირების შესამოწმებელი აპარატი იყო. თუმცა მათი გამართულობა-გაუმართაობის საკითხი წელსაც სადაო გახდა.

სოსო პაპუაშვილის ინფორმაციით, მარკირების აპარატი არ მუშაობდა ან მუშაობდა გაუმართავად.  „შეიძლება ითქვას, კახეთში შუადღის შემდეგ მარკირება საერთოდ არ კეთდებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი უბანზე დამადასტურებელი საბუთის გარეშე მოდიოდა“.

თუმცა კოალიცია დემოკრატიის დამკვირვებელთა ინფორმაციით, ეს არ არის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები

სოსო პაპუაშვილი: „რეგიონებში ხმების დათვლის დროს უბანზე ხშირად შუქი ქრებოდა. ამ დროს გაურკვეველი პირები ყალბ ბიულეტენებს ყრიდნენ იმ მაგიდაზე, სადაც დათვლა მიმდინარეობდა“.

როგორც კობა ბოჭორიშვილი ამბობს, მთელი ფოთის მასშტაბით ელექტროენერგია გამორთული იყო, მისი აზრით, ამას ვიდეოთვალის გამორთვისთვის  აკეთებდნენ. „ფოთში ყველა რეგისტრატორის უკან ნაცმოძრაობის წევრი იდგა, ის ყველას აფიქსირებდა, ვინც არჩევნებზე მოდიოდა. იყო შემთხვევები, როდესაც უბნის რეგისტრაციის მონაცემები არ ემთხვეოდა ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაგრამ თავმჯდომარე ხმის მიცემის უფლებას მაინც აძლევდა“.

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრ გიორგი ხარაბაძეს დაფიქსირებული აქვს, თუ როგორ შემოვიდა 47-ე საშუალო სკოლაში სამხედროების 1000-მდე ბიულეტენი და როგორ აურიეს ისინი იმ უბნის ამომრჩეველთა ბიულეტენებში. „სამხედროების დისლოკაციის ადგილებში საარჩევნო პროცესის დროს ყუთები იხსნებოდა და ის ბიულეტენები, რომლებშიც 5 შემოხაზული არ იყო იხეოდა და თავიდან ივსებოდა. შემდეგ ეს სამხედროები სხვა საარჩევნო უბნებზეც მიჰყავდათ“.

და მაინც, რატომ ვერ დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეს დარღვევები საკუთარ მოხსენებებში. არასამთავრობო ორგანიზაციის „კანონი ხალხისათვის“ ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ამას მარტივი ახსნა მოეძებნება: „საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ იციან საქართველოში არჩევნების გაყალბების მეთოდები. ამიტომაც მათი დამკვირვებლების საქმიანობა იყო ნაკლებად ეფექტური.“

კოალიცია დემოკრატიისათვის საჩივრების სასამართლოში შეტანას აპირებს. რამდენიმე საჩივარი უკვე შეტანილია.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები