კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეს ხომ კოსოვოა... აქ შეიძლება ყოველ წუთს ომი დაიწყოს.

16 იანვარი, 2008

სპეციალური რეპორტაჟი

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე  კოსოვო ის რეგიონია, რომელზეც მსოფლიოში ყველა პოლიტიზირებული თუ არაპოლიტიზირებული ადამიანი ლაპარაკობს. არც ქართველები არიან ამ მხრივ  გამონაკლისები.  ხშირად გაიგონებთ  ამ რეგიონის სავარაუდო დამოუკიდებლობაზე სჯა-ბაასს.

ამ განსაკუთრებული ინტერესის მიზეზი მარტივია: ე.წ. სამხრეთ ოსეთისა (ცხინვალის რეგიონი)  და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები უკვე ღიად აცხადებენ, რომ თუ კოსოვო დამოუკიდებელი გახდება, მაშინ მათაც სრული უფლება აქვთ მსგავსი სტატუსი მიიღონ. მათ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს რუსეთი და კარგა ხანია მთელ ევროპას ამ ულტიმატუმს უყენებს.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ქართველს, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მაცხოვრებელს აინტერესებს, რატომ შეიძლება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება პრეცენდენტი გახდეს სხვა გაყინული კონფლიქტებისათვის.  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჰოლანდიურმა ორგანიზაცია IKVPAX CHRISTI სერბეთსა და კოსოვოში ქართველი და ოსი წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია მიგვიწვია. მე იქ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ წარმოვადგენდი, რომელმაც როგორც შერეული ოჯახის (ქართულ-ოსური)  შვილი, ჩემზე შეაჩერა არჩევანი.
 
ბელგრადში ჩასვლისთანავე წინანდელი შიში, რაც ყოველთვის თან ახლავს კონფლიქტურ რეგიონში ჩასვლას, გაქრა. სერბეთი ჩვეულებრივი აღმოსავლურ-ევროპული ქვეყანაა. ისიც სოციალისტური იმპერიის ნანგრევებს შორის მოყოლილი ერთ-ერთი რესპუბლიკაა, რომელსაც „ძლიერნი ამა მსოფლიოსანი“ საკუთარი გავლენის სფეროების გადასანაწილებლად იყენებენ. თუმცა აქ ამ თამაშის მონაწილეები შეცვლილი როლებით გამოდიან.  ის ვინც საქართველოს მტერია, სერბებისთვის მოკავშირე და მეგობარია და პირიქით.

ბელგრადი... ტიპიური აღმოსავლეთ ევროპული დედაქალაქი. თუმცა, სამწუხაროდ, ის იუგოსლავიის სოციალისტური იმპერიის დაშლის შემდეგ არც განვითარებულა. იქ ამისათვის არ სცალიათ. დილაობით ხალხი სამსახურებში მიიჩქარის; დასაქმება იქაც დიდი პრობლემაა. მიუხედავად მოჩვენებითი სიმშვიდისა, მაინც იგრძნობა ომის შიში. განსაკუთრებით მაშინ შემიპყრო შიშმა, როცა სასტუმროდან გამოსულმა ორასიოდე მეტრში, NATO-ს ჯარების მიერ დაბომბილი შენობები ვნახე. 1999 წელს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სამი თვის განმავლობაში ბომბავდა ბელგრადს, რის შედეგადაც სავარაუდოდ 2000 ადამიანი დაიღუპა. NATO-ს ერთადერთი მიზანი სერბების შეჩერება იყო, რომლებიც ალბანელების მიმართ გენოციდს ახორციელებდნენ.

შედეგად კონფლიქტი გაიყინა. თუმცა, ამ სისხლიან დაპირისპირებას ათასობით ალბანელი და სერბი შეეწირა; რამდენიმე ათასი ადამიანი კვლავაც დაკარგულად ითვლება. როგორც კოსოვოში, ასევე სერბეთში უამრავი იძულებით გადაადგილებული პირია. მათი საცხოვრებელი პირობები არაფრით განსხვავდება საქართველოს დევნილების მდგომარეობისაგან. იუგოსლავიის სოციალისტური იმპერიის დომინანტი ქვეყანა დღესდღეობით ბევრი პრობლემის წინაშე დგას.
 
16 დეკემბერს დელეგაცია კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გაემგზავრა. გზა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი იყო. ბელგრადიდან კოსოვო ექვსი საათის სავალზეა. ახლად მოსული თოვლი კიდევ უფრო გვირთულებს გზას.  მგზავრობის დროს ველოდი NATO-ს ჯარისკაცების გამოჩენას, რომლებიც პირქუში გამომეტყველებით ჩამოგვსვავდნენ მიკროავტობუსიდან და დაკითხვაზე წაგვიყვანდენ.  სინამდვილეში ასე არ მოხდა და სამხედრო პირები მხოლოდ სერბია-კოსოვოს საზღვარზე გამოჩნდნენ. თუმცა, არც იქ გავუჩხრეკივართ ვინმეს და არც დაკითხვაზე წავუყვანივართ. მხოლოდ პასპორტები შეგვიმოწმეს, კოსოვოში შესვლის ნებართვის ფურცელი მოგვცეს და ჩვენც გზა განვაგრძეთ.

საზღვარზე ერთ უცნაურობას მაინც წავაწყდით. იქ მანქანებს ნომრებს უცვლიდნენ. სერბეთში მიმავალი ხალხი კოსოვოს ნომრებს სერბულით ცვლიდა და პირიქით.

განვითარების დონით კოსოვო სერბეთზე უფრო ჩამორჩენილია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან წლების მანძილზე ის მხოლოდ პროვინცია იყო და განვითარების საშუალება ნაკლებად ჰქონდა. პრიშტინა ახლა იწყებს აღმშენებლობას. ომის დროს თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქი ახალი მშენებლობების პროცესშია. მხოლოდ ცენტრია ძველი სახით შენარჩუნებული, მაგრამ ისიც არ გამოირჩევა დიდი სილამაზით. არ არსებობს კულტურული ძეგლები ან სხვა ღირშესანიშნაობები. პრიშტინელები მხოლოდ ეუთოს, NATO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ახლად აშენებულ ევროპული სტანდარტის შენობებს დაგათვალიერებინებენ.

სიმშვიდე კოსოვოში მოჩვენებითია. ხანდახან საახალწლო შუშხუნებისა და ფეირვერკების ხმა ისმის, მაგრამ მაინც გეშინია, ეს ხომ კოსოვოა...აქ შეიძლება ყოველ წუთს ომი დაიწყოს.

კოსოვოელი ალბანელები სერბეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ხორვატიამ, მონტენეგრომ და მაკედონიამ მიიღეს დამოუკიდებლობა, რა დააშავა კოსოვომ?! სერბების არგუმენტს თუ გავითვალისწინებთ, სოციალისტური იმპერიის ფარგლებში კოსოვო პროვინცია იყო და არა რესპუბლიკა.

ალბანელები მუსულმანები არიან, სერბები ქრისტიანები. აქედან გამომდინარე, კონფლიქტს ცოტა რელიგიური დაპირისპირების ელფერიც დაჰკრავს, რაც თავისთავად ყველაზე არასასურველი ფაქტორია.

კოსოვოში თითქმის აღარ ცხოვრობენ სერბები, შესაბამისად, მართლმადიდებლური ეკლესიები  აღარ ფუნქციონირებს და მხოლოდ მეჩეთებია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალბანელები დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან.
პრიშტინაში ერთადერთი ეკლესიაა, რომლის მშენებლობა ომამდე დაიწყეს, მაგრამ ახლა შეჩერებულია. ერთ-ერთი სერბი გოგონას ნათქვამს თუ დავუჯერებთ, ეს მშენებარე ტაძარი საზოგადოებრივ ტუალეტადააა გადაქცეული (?!) ამას კატეგორიულად უარყოფენ ალბანელები. მათი მტკიცებით, ტაძარს საგანგებოდ იცავენ სამხედრო პირები და წარმოუდგენელია ვინმემ იქ შესვლა ასეთი მკრეხელური მიზნით მოახერხოს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით ტაძრის მონახულება და ამ ეჭვების გაქარწყლება.

ჩვენი დელეგაცია პრიშტინაში ალბანელთა სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებებს შეხვდა. იყვნენ რადიკალურად განწყობილი პატრიოტი ახალგაზრდები და მშვიდი პოლიტიკოსებიც, რომლებიც არასოდეს იმაზე მეტს არ ამბობენ, რაც უნდა თქვან. მიუხედავად ამისა, ყველას ერთი მიზანი აქვს-იცხოვრონ დამოუკიდებელ კოსოვოში.

კოსოვოში სერბები მხოლოდ ანკლავებში ცხოვრობენ. ეს მცირე დასახლებებია, სადაც სასიცოცხლო პულსი თითქმის არ ფეთქავს. ომის დროს ეს სოფლები დაიბომბა და სახლები მიწასთან გასწორდა. შემდეგ UNMIK-მა, გაეროს მისიამ კოსოვოში, ხელახლა აუშენა სერბებს სახლები. თუმცა ანკლავებში თითო-ოროლა სერბი თუ დაბრუნდა და ისინიც მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

გრაჩანიცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანკლავია. აქ სერბებს შედარებით მეტი ფინანსური მხარდაჭერა აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ამ სოფელში მართლამდიდებლური ტაძარია, მაგრამ საოცარი ისაა, რომ მის გალავანს მავთულხლართი აქვს შემოვლებული და გარედან, განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო ბაზა ჰგონია ადამიანს.

აქაური სოფლები ჩვენებურ პროვინციულ ქალაქს უფრო გავს. სახლები კეთილმოწყობილია, არის გასართობი ცენტრები და კაფე-ბარები, სადაც ახალგაზრდებს და არამარტო მათ, შეუძლიათ ცოტა ხნით დაივიწყონ, რომ ცოტა ხანში მშობლიური სახლის მიტოვება მოუწევთ.

მეორე სერბული ანკლავი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, ბაბლიაკია. გაეროს მისიამ აქ სერბებისათვის 40 სახლი ააშენა მაგრამ მხოლოდ 20 სერბი დაბრუნდა საცხოვრებლად. ისინიც ჩემოდნებზე სხედან და კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტას ელიან. მათი ბავშვები სკოლაშიც ვერ დადიან იმიტომ, რომ სერბი მასწავლებლები არ ჰყავთ. სკოლაც ახალი აშენებულია, მაგრამ მხოლოდ ალბანელი ბავშვებისათვის. NATO-ს სამხედრო უნიფორმიანი ჯარისკაცები მთელ სოფელში დაგვდევენ. ვალდებულები არიან ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნონ, თუმცა საფრთხე ჩვენი იქ ყოფნის დროს არსაიდან ჩანს.

შპრცე, კოსოვოს მთის საკურორტო სოფელია და პრიშტინადან ერთი საათის სავალზეა. ესეც სერბული ანკლავია -ალბანური დასახლებებით გარშემორტყმული. სამხრეთიდან კი მაკედონია ესაზღვრება. არც აქაური სერბები აპირებენ აქ დარჩენას, თუ კოსოვო დამოუკიდებელი გახდება. საქართველოს მთიანი ზონის მაცხოვრებლებს ეს სოფელი რომ ენახათ, ალბათ, საკუთარ ყოფაზე კიდევ უფრო მეტად დამწუხრდებოდნენ. აქ ყველა სახლი კეთილმოწყობილია, გზები ახალ-დაგებული. ერთი სიტყვით, ასეთი პირობები ჩვენ დიდ ქალაქებშიც კი არ გვაქვს. 

რაც შეეხება თავად კოსოვოს დამოუკიდებლობას, ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთან შეხვედრამ დელეგაციის თითოეული წევრი დაგვარწმუნა, რომ კოსოვო 2008 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებლობას მიიღებს. თუმცა ეს არ იქნება კლასიკური დამოუკიდებელი ქვეყანა.

მასზე ზედამხედველობას საერთაშორისო ორგანიზაციები იკისრებენ. მათ შორის წამყვანი როლი ევროკავშირს უკავია და მისი დედაქალაქი ბრიუსელი იქნება და არა პრიშტინა. ამასვე გვიმტკიცებდა კოსოვოს მომავალი პრემიერ-მინსიტრის მრჩეველიც. ცოტა უცნაურად ჟღერს მსგავსი სტატუსის შეთავაზება პატრიოტული სულისკვეთებით აღტკინებული ალბანური ახალგაზრდული ორგანიზაცია „თვითგამორკვევის“ წევრებისათვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - კოსოვო სრულ დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს; სამაგიეროდ, ის სერბეთის ნაწილი აღარ იქნება. ევროკავშირს ახალი წევრი „ქვეყანა“ ეყოლება, მაგრამ ევროპის კონტინენტზე კოსოვო არ იქნება ახალი სახელმწიფო.

მიუხედავად უკვე გადაწყვეტილი მომავლისა, სერბები დათმობას არ აპირებენ. კოსოვოს ჩრდილოეთით, სერბეთის საზღვართან მდებარეობს ქალაქი მიტროვიცა. ის ორადაა გაყოფილი იმ ლეგენდარული ხიდით, რომელზე გავლა ქალაქის მოსახლეობას თავისუფლად არ შეუძლია. მიზეზი კი ისაა, რომ ხიდის სამხრეთით ალბანელები ცხოვრობენ და ჩრდილოეთით კი სერბები. მათ ერთმანეთის ხილვა სასტიკად არ სიამოვნებთ და ბოლო დროს ბევრი სისხლიანი შეტაკებაც კი მოხდა ხიდზე, რომელსაც საგანგებოდ იცავენ. ამ ადგილს ვიდეო ან ფოტო კამერითაც კი ვერ გადაიღებ; მხოლოდ ჩუმად მანქანის სავარძელში თუ ჩაძვრები და ისე გააჩხაკუნებ აპარატს.

ქართულ-ოსურმა დელეგაციამ მიტროვიცის ორივე მხარის მონახულება მოახერხა. აქაური სერბები ძალიან რადიკალურად არიან განწყობილნი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალაქიც კოსოვოს ნაწილია, თუმცა სერბეთის საზღვართან მდებარეობს და სერბებით არის დასახლებული, კოსოვოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში, უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამიტომ ისინი თავის მხრივ აპირებენ საპასუხო დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამას კი ახალი ომი მოყჰვება. კოსოვოში საგანგებო მისიით მივლენილი საერთაშორისო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ მსგავს სიტუაციაში მიტროვიცაში ნატოს ჯარების იმხელა კონტიგენტს ჩააყენებენ, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ხელის განძრევასაც ვერ მოახერხებენ.

კოსოვოს გამოვემშვიდობეთ და სიბრალულის გრძნობა არ მშორდება. იმ სერბების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ ანკლავებში არიან თავიანთ სახლებში შეყუჟული და შიშით ელიან როდის მოუწევთ ისევ აყრა და გაურკვეველი მიმართულებით დროებითი საცხოვრებლების საძებნელად ხეტიალი. მათ კი, ვინც ბალკანეთის ნახევარკუნძულის განაწილებით არის დაკავებული, ნაკლებად ადარდებს იმ ახალგაზრდა სერბი გოგონას ბედი, რომელსაც ქართული სახელი „მაია“ ჰქვია და ერთ-ერთ სერბულ ანკლავში შუქჩამქრალ სახლში ცხოვრობს. ინსტიტუტში 45 კილომეტრის იქით დადის, რადგან სამ კილომეტრში მდებარე პრიშტინის უნივერსიტეტში მისი ადგილი არ არის - ის  ხომ სერბია.

ნინო ტლაშაძე, სპეციალურად კოსოვოდან

ახალი ამბები