კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდის შესასვლელში საჩვენებელი სახლები გაჩნდა

21 იანვარი, 2008
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე ზუგდიდის შემოსასვლელის, დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილში განთავსებული სახლების ფასადების შეკეთებისა და შეღებვისათვის ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 560 000 ლარი გამოყო. 10 დეკემბრიდან დღემდე აღმაშენებლის გამზირზე 155-მდე საცხოვრებელი სახლი გარემონტდა. ზუგდიდელებს მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებათ - რატომ მაინც და მაინც ეს სახლები გაარემონტეს?ხალხის აზრით, ეს, ის საჩვენებელი სახლებია, რომელიც ქალაქში შემოსულ სტუმარს ზუგდიდელების კეთილდღეობაზე უნებურად აფიქრებინებს.
 
ქალაქის შესასვლელში, აღმაშენებლის გამზირზე ძირძველი ზუგდიდელების საცხოვრებელი სახლები დგას. მათი უმრავლესობა ორსართულიანი, ქვითა და აგურით ნაშენი ნაგებობაა. აქ ისეთი სახლებიც დგას, რომელმაც ჟამთასვლას გაუძლო და ძველი იერსახე შეინარჩუნა. იორდანე ქირიას სახლი მე-19 საუკუნის მიწურულს, 1880 წელს არის აგებული. პაპა, იორდანე ქირია ცნობილი გილდიის ვაჭარი იყო, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს თურქეთსა და ირანთან ამყარებდა. 1924 წელს კომუნისტებმა ქირიებს ეს სახლი ჩამოართვეს და შტაბად აქციეს. სახლს მაშინ ფასადი ჩამოუნგრიეს, აივნად გადააკეთეს და ტრიბუნად გამოიყენეს.
 
ქირიების სახლში დღეს მხოლოდ 77 წლის მოხუცი ქალბატონი, მერი ქირია ცხოვრობს. აღმაშენებლის #65-ში მდებარე სახლი ამჟამად ყველაზე მოკრძალებულად გამოიყურება. ჩამორღვეულ აივანზე ჩამომჯდარი მოხუცი სახლის შეკეთებას ელოდება.

შპს „მშენსერვისის“ წარმომადგენლები სხვების მსგავსად მერი ქირიას თანაც მივიდნენ. მას აუხსნეს, რომ პრეზიდენტის პროგრამის თანახმად მისი სახლი უნდა გარემონტდეს. შესასრულებელი სამუშაოები აღწერეს და დიასახლისს პირობაც მისცეს, რომ უახლოეს დღეებში რემონტი დაიწყებოდა. რამდენიმე დღეში ქირიებთან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთა მეორე ჯგუფი მივიდა. მეორეს მესამე მოჰყვა. მუშები მოიყვანეს და ფიცრები დააწყვეს...  

მერი ქირია: „როდესაც ხის ფიცრები მოიტანეს, ვუთხარი, რომ ეს მასალა ამ საქმისათვის არ გამოდგებოდა. ამ სახლს ჯერ გამაგრება სჭირდება, საყრდენი ბოძები უნდა შეიცვალოს, მერე კი იატაკი აიყაროს... მოვითხოვე ახსნა და მითხრეს, რომ ჩემი სახლის რემონტისათვის 2500 ლარი იყო გამოყოფილი. მეზობლები ძალინ მიყვარს, მაგრამ ნაკლებად სარემონტო სახლებისათვის თუ 4500 ლარი გამოიყო, ჩემმა რა დააშავა?!“

ქირიებთან, თბილისში რეგისტრირებული შპს „მშენსერვისის“  წარმომადგენლები მეოთხედაც მივიდნენ, როგორც ქალბატონი მერი ამბობს ექვსი მამაკაცი იყო. მან კიდევ ერთხელ განუმარტა მშენებლებს, რომ სახლზე ახალი ფიცრების გაკვრას და შეღებვას აზრი არ ჰქონდა, თუ სახლს მყარი საძირკველი არ ექნებოდა, იგი დაიშლებოდა.

 მერი ქირია: „მაშინ, როცა ერთ-ერთი მშენებელი ჩემი სახლის რემონტთან დაკავშირებულ საკითხებს თბილისთან ათანხმებდა, აივნის ერთ ნაწილში, სადაც ხის დამპალი ფიცარი იყო, ფეხი დაადგა და თან ჩაჰყვა. მანამდე სულ ვაფრთხილებდი, რომ აივნის იმ მხარეს დგომა საშიში იყო... ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ჩავვარდი... იმ მამაკაცმა დაბეჟილობები მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთმა კი სულ დედაზე მაგინა...“

მოხუცი ქალი დღეს იმაზეც წუხს, რომ მშენებლებმა ცილი დასწამეს. მაშინ, როდესაც ისინი ქირიებთან მეექვსედ გამოჩნდნენ, განაცხადეს, რომ ქალბატონის მოთხოვნას, სახლი მუხით შეუკეთონ, ვერ დააკმაყოფილებენ. მერი ქირია ამბობს: „მეხუთე მოსვლაზე მითხრეს, რომ თითქოს წაბლის ფიცრები მოვითხოვე. მეექვსედ, როდესაც სამუშაოთა შემსრულებელი, ელგუჯა თოდუა მოვიდა, მითხრა მუხა მოგითხოვიაო. არც ერთი და არც მეორე არ მომითხოვია, ცილს რაღას მწამებ-თქო. მთელი ცხოვრება ლოცვაში გავატარე და სიცოცხლეში პირველად სიბერეში დავიწყევლე, ვინც ცილი დამწამა, იმას მალე საყვარელი ადამიანისათვის მუხის ან წაბლის კუბო საძებარი გაუხდეს-თქო. ასეთი ცოდვაც ჩამადენინეს. სირცხვილია მოხუცს ასე მოექცე...“

მას შემდეგ, რაც მშენებლებმა სახლის დიასახლისი ვერ დაითანხმეს, მის ვაჟთან, იორდანესთან მოლაპარაკება გადაწყვიტეს. იგი თბილისში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი ამ ფაქტმაც გააღიზიანა: „მე მათ, ალბათ, შეურაცხადად ან სკლეროზიანად გამომაცხადეს... კარგად ვაზროვნებ და გონებაც კარგად მიჭრის. ჩემმა შვილმაც იცის, როგორი დედაც ჰყავს. ოჯახის უფროსი მე ვარ და გადაწყვეტილებასაც მე ვიღებ. რასაც პრეზიდენტი მჩუქნის, მადლობელი ვარ, მაგრამ შელამაზებული ფასადით ძირგამომპალ სახლში დარჩენილ სიცოცხლეს ვერ გავატარებ!“

იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება, ზუგდიდის რაონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურში მერი ქირიას ვაჟთან შეხვედრა მართლაც გადაუწყვეტიათ. თურმე,  პრეტენზიულ დედასთან მოლაპარაკება ახლა იორდანემ უნდა აწარმოოს. ემზარ ერანგია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: „მერი ქირიას სახლი, როგორც სხვა დანარჩენი, აუცილებლად გარემონტდება. ძველი სახლია, ამიტომაც, მის აღდგენას დრო სჭირდება. ის სამშენებლო მასალა, რასაც ქალბატონი ითხოვს, საქართველოში უკვე აღარ იშოვება. ე.წ. „ლისტვინიცა“ რუსეთში ხარობს და ჩვენს ქვეყანაში აღარ შემოაქვთ... კვლავ შევხვდებით მას და იმედი გვაქვს, რომ შევთანხმდებით“.

დღემდე უცნობია, თუ ვის ეკუთვნის ინიციატივა საცხოვრებელი სახლების შეკეთებასთან დაკავშირებით. ყოველშემთხვევაში, ოფიციალურ პირთა კომენტარები არადამაჯერებლად ჟღერს, ვერსიებიც სხვადასხვაგვარია. ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ცხადაია ამბობს, რომ ამ საქმეს კერძო ინიციატორი არ ჰყავს და მოთხოვნა ხალხისაგან მოდის. „მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს განცხადებით. ხან გზაა შესაკეთებელი, ხან ელექტრობოძები და განათება... ეს ყველაფერი ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად კეთდება... თუმცა, არ მახსოვს, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, თუ მუნიციპალიტეტის გამგეობას“. მოსახლეობაში გავრცელებული ვერსიით კი, პროგრამის ინიციატორი  თავად მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც სურს  ქალაქის მთავარ მოედნამდე შემოსულ სტუმარს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ზუგდიდელების მატერიალური მდგომარეობა შესამჩნევად გაიზარდა და რომ აქ ყველა შეძლებულად ცხოვრობს...

რომან გაბისონია, კონსერვატიული პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე: „სააკაშვილმა ნახევარმილიონზე მეტი დახარჯა ამ სახლების შეღებვაში მაშინ, როცა შესაძლებელი იყო იგი სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამების გადაწყვეტას მოხმარებოდა. ის თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხებოდა, მხოლოდ 8 ჰექტარზე დაიხარჯა -მთავარი მოედნიდან დადიანისეულ სასახლემდე. ხალხი ხედავს, თუ რამდენჯერ დაიგო და აიყარა ამ ზოლზე ბეტონის ფილები, რამდენჯერ დაიგო ასფალტი და რამდენი შადრევანი გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილის ზუგდიდურ ჩვენებებთან ერთად დღეიდან ქალაქს საჩვენებელი სახლებიც შეემატა“.

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი.

ახალი ამბები