კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვირაბი შენდება, სახლები კი - ინგრევა

22 იანვარი, 2008

"აქედან ქათმები გამოვიყვანე და შიგ მე შევედი საცხოვრებლად. ჯერ მანქანაში ვიწექი, გავიყინე, აღარ შემეძლო და გადმოვედი აგერ საქათმეში..." - ასე იწყებს საუბარს პენსიონერი რეზო ბაგრატიონი. ბაგრატიონის სახლი, მისი მეზობლის სახლის მსგავსად, იმდენად ავარიულია, რომ შიგ გაჩერება შეუძლებელია. რეზო ბაგრატიონის ხუთსულიანი ოჯახის სხვა წევრები დროებით ახლობლებთან ცხოვრობენ.

დაბზარული ნიადაგისა და ავარიული სახლების გამო ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ სახალვაშოში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მოსახლეობის თქმით, ნიადაგის დაწევა და სახლების დაბზარვა-დანგრევა სწორედ გვირაბის მშენებლობას მოჰყვა. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას დღემდე ამაოდ ითხოვს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, ნიადაგი დაბზარულია. დაბზარულია სოფლის შიდა გზაც, რომლითაც რამდენიმე სოფლის ათეულობით ოჯახი სარგებლობს. შეშინებული მოსახლეობა გეოლოგების მხრიდან ამ ადგილების შესწავლას მოითხოვს, დაზარალებულები კი - ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.

მურმან ბაგრატიონის თორმეტ სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაენგრა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრებმა, როგორც სხვებმა, თავი მეზობლებსა და ნათესავებს შეაფარეს.

"4-5 წლის წინ გვირაბის გასაყვანად აფეთქებები რომ დაიწყეს, სახლებს პირველი ბზარები მაშინ გაუჩნდა. ბოლო დროს, გვირაბში მუშაობა შეჩერებული იყო, ახლა ისევ განაახლეს. აფეთქებების შედეგად მიწა კვლავ დაიწია. როცა ტრასა გაიყვანეს, ნიადაგი ჩაიწია. მას შემდეგ ვდავობთ, დახმარებას ვითხოვთ. ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. აბაშიძის დროს იქვე მცხოვრებ ასლან ბეჟანიძის ოჯახს კომპენსაცია მისცეს. ბეჟანიძეებმა ბინა იყიდეს და გადავიდნენ საცხოვრებლად. მაშინ ჩვენ გვითხრეს, კომპენსაცია არ გეკუთვნით, ნიადაგს გავამაგრებთო. თუმცა, აი, შედეგიც. ერთი სახლი, ფაქტობრივად, დაინგრა, ორი კი -ინგრევა", - ამბობს დაზარალებული ჯემალ ბაგრატიონი.

როგორც თვით მოსახლეობა აღნიშნავს, მათთან ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძეც მისულა, თუმცა შეთავაზებით კმაყოფილნი არ არიან: "გვითხრეს, მიწის ნაკვეთსა და ხუთი ათას ლარს მოგცემთო, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან ჩვენი პრობლემა ხელოვნურადაა გამოწვეული... თავის დროზე კი, როცა დახმარებას ვითხოვდით, გამდიდრება გინდათო, გვეუბნებოდნენ. გამგეობიდან ინჟინრებიც გამოაგზავნეს, გადაიღეს სახლების ფოტოები, რა მდგომარეობაშიც იყო".

68 წლის რეზო ბაგრატიონს გვირაბის მშენებლობამდე რაიმე მეწყრული მოვლენა აღნიშნულ ადგილებში არ ახსოვს: "სხვა გამოსავალი არ მაქვს, თუ მიწის სარგებლობის შესაძლებლობა გვექნება და გვასარგებლებენ, მე მაგალითად, ოთხოთახიან ბინაზე დავთანხმდები ჩემი ორსართულიანი სახლის სანაცვლოდ. დაანგრია მთავრობამ და თვითონვე გაგვიკეთონ!".

დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში სამი ათას კვ/მ-მდე მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. მათი შემოსავალი, ძირითადად, მანდარინია. თითოეული კომლი შვიდ-ცხრა ტონა ნაყოფს კრეფს. დაზარალებულები შესაბამის კომპენსაციას ითხოვენ: "ან სახლი აგვიშენონ ისეთი, როგორიც გვაქვს, ან სხვა საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილონ".

რეზო ბაგრატიონის ოჯახის წევრები სხვადასხვა ოჯახში არიან დაფანტულები: "მე აქ ვარ, ოჯახის სხვა წევრები - სხვაგან. ერთი - აქეთ, მეორე - იქეთ. თუ ჩვენს ლაპარაკს გაიგებს ვინმე, თუ შერჩენილი აქვთ ადამიანობა, კი უნდა დაგვეხმარონ, თან, დროულად".

"დახმარების იმედი გვაქვს. დაგვპირდნენ ყველანაირად დაგეხმარებითო და ველოდებით. ავეჯი მეზობლებთან მაქვს გადატანილი, მაგრამ მათაც არანაკლებ ეშინიათ. ნიადაგის ბზარები თანდათან მატულობს", - ამბობს დაზარალებული ლია ბერიძე.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მეორე ეტაპის მშენებლობის დამკვეთი, ოფიციალურად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტია. სამუშაოებს ამ ეტაპზე შპს "დტს" აწარმოებს.

როგორც ბათუმის საავტომობილო გზების დირექციაში განაცხადეს, დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციის გაცემა-არ გაცემასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის პირველი მაგისტრალი 2005 წლის 30 სექტემბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. გვირაბი 657 მეტრის სიგრძისაა და ოთხი კილომეტრიან გზას ამცირებს.

ხოლო რაც შეეხება გვირაბის პირველი მაგისტრალის მშენებლობის შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს, ისინი უკვე მესამე წელია უშედეგოდ ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას. "საქმეს თავდაპირველად აჭარის უმაღლესი სასამართლო განიხილავდა, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ და დაზარალებულთა საქმე ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა. დღესდღეობით, კი საქმის სასამართლო განხილვა შეჩერებულია, რადგან სასამართლომ ზიანის შესახებ ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა. ექსპერტიზის დასრულება კი რატომღაც ჭიანურდება", - განაცხადა დაზარალებულთა ადვოკატმა მალხაზ აბულაძემ.

მიმართავენ თუ არა სასამართლოს სოფელ სახალვაშოს მკვიდრები, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, რადგან ხელისუფლებიდან დახმარების იმედი კერ კიდევ აქვთ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები