კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარები ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობენ

22 იანვარი, 2008

 
 თამაზ ხიდეშელი

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასწარი ინფორმაციით, მაისში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო სია სერიოზულად გადახალისდება და უფრო პროფესიული იქნება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად კახეთის რეგიონიდან თუ 12 დეპუტატია წარმოდგენილი, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათგან მხოლოდ ერთი მოხვდეს.

პარლამენტის წევრებს, განსაკუთრებით კი მაჟორიტარებს ამომრჩეველი დიდი ხანია საყვედურობს. ძნელია გაიხსენო თუნდაც ერთი კონკრეტული შემთხვევა, როცა მაჟორიტარი რაიონში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემით დაინტერესდა და მის გადასაჭრელად საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენა.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები ორი წლის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდნენ საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნას. ამ გზით ისინი საინგილოში მცხოვრებ ნათესავებსა და ოჯახის წევრებს უკავშირდებოდნენ. ხიდი სპეცრაზმელებმა 2005 წლის 31 დეკემბერს ჩაკეტეს. მიუხედავად არაერთი წერილისა, დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლაერტ ზუბადალაშვილი ადგილობრივებს არ გამოხმაურებია. პარლამენტში მისულ ინგილოებს კი ზუბადალაშვილი დაემალა.

„მახსოვს, 2003 წელს, სანამ პარლამენტის წევრებს ავირჩევდით, კარდაკარ დადიოდნენ და გვთხოვდნენ, მათთვის ხმა მიგვეცა. გვპირდებოდნენ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც რაიონში ვიქნებით და თქვენს პრობლემებს მოვისმენთ, ყოველდღიურად კი ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენო. მას შემდეგ მხოლოდ მაშინ დავინახეთ დეპუტატი რაიონში, როცა მაღალ თანამდებობაზე ვინმე იყო დასანიშნი, ან პრეზიდენტის ჩამოსვლისას. ადგილზე მისი ბიუროც იშვიათად მუშაობს. მათ მიერ მოგვარებული პრობლემა ან შემუშავებული პროექტი არ გვინახავს“, - აღნიშნავს თელავის მკვიდრი თამარ ელიკაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული კოორდინატორის ნანა დევიძის განმარტებით, კანონის თანახმად, მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩეველს ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა მიაწოდოს ანგარიში გაწეულის საქმიანობის თაობაზე. „შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონის არცერთი მაჟორიტარი დეპუტატი ამომრჩევლისადმი ანგარიშვალდებული არ არის. წესით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია რა ინიციატივებით გამოვიდნენ პარლამენტში, რა კანონპროექტების მიღებას დაუჭირეს მხარი და რომლის მხარდაჭერაზე თქვეს უარი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ადამიანი, რომელიც მათ რაიონს წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში, რას საქმიანობს. ამის შესახებ კი ამომრჩეველს ინფორმაცია არ აქვს“, - აცხადებს ნანა დევიძე და დასძენს, რომ ეს ეხება კახეთის ყველა რაიონის მაჟორიტარს.

რაც შეეხება პარლამენტში პარტიული სიით, ანუ პროპორციული სისტემით გასულ დეპუტატებს, როგორც „იურისტთა განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი თინათინ ფხოველიშვილი ამბობს, ბევრ რაიონში ისინი მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ და ძირითადად ადგილობრივ დონეზე საკადრო პოლიტიკას განაგებენ. „შესაბამისად, მაჟორიტარების მსგავსად, საზოგადოებას მათთანც აქვს პრეტენზიები, რადგან სხვადასხვა თანამდებობებზე სწორედ მათი რეკომენდაციებით დანიშნული ჩინოვნიკები არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამის ნათელი მაგალითია ნუგზარ აბულაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და არაოფიციალურად ის რაიონის დე-ფაქტო მმართველია. მის სახელს უკავშირდება, უხეში დარღვევებით, სასოფლო - სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა, 2005 წელს სოფელ ანაგაში ჟურნალისტების დარბევა და ა.შ. მის წინააღმდეგ პროკურატურაში არაერთი საფუძვლიანი განცხადება დევს, მაგრამ აბულაშვილი დღესაც სააკაშვილთან მეგობრობის სახელით მანიპულირებს. ეს ხალხის უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს“,- მიიჩნევს თინათინ ფხოველიშვილი.

ამ დროისათვის, სულ, პარლამენტში, კახეთიდან, 8 მაჟორიტარი და 4 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატია. მაჟორიტარები არიან: ნიკოლოზ კვეზერელი - გურჯაანი. პარლამენტში იგი ფრაქცია „ჩვენი საქართველოს“ წევრია. არჩევნების შემდეგ კვეზერელს გურჯაანში, ამომრჩეველთან არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონია. უფრო მეტიც, ის რაიონში საერთოდ აღარ უნახავთ; თამაზ ხიდეშელი - თელავი. იგი 2003 წლის შემდეგ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის უცვლელი ხელმძღვანელია. ოთხი წლის მანძილზე ხიდეშელი თელავში საჯაროდ სულ სამჯერ გამოჩნდა. პირველად, როცა ის თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გოჩა მამაცაშვილს დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს ჩაუდგა სათავეში. მეორედ, როცა სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ბრალდებით მასთან დაახლოებული მეწარმე ლუკა რამაზაშვილი დააპატიმრეს და ბოლოს, 2007 წლის ზაფხულში, თელავში პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრობისას. მაშინ ხიდეშელმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს სააკაშვილი პრეზიდენტად 20 წლის ვადით აირჩიოს; ნანა პატარკაციშვილი - ყვარელი. არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს არც პატარკაციშვილი შეხვედრია. ოფიციალურად, ის მხოლოდ ერთხელ იყო ყვარელში, როცა მისი ძმის, ბადრი პატარკაციშვილის ფონდიდან გამოყოფილი თანხით რეაბილიტირებული გრემის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა; ლაშა ნაცვლიშვილი - ლაგოდეხი. პატარკაციშვილის მსგავსად, ნაცვლიშვილიც მხოლოდ ერთხელ იყო ლაგოდეხში და ადგილობრივი რადიოს ეთერით ამომრჩეველს მოკლე ანგარიში ჩააბარა; თენგიზ ოქროცვარიძე - საგარეჯო. დეპუტატად არჩევის შემდეგ საგარეჯოს მოსახლეობას ოქროცვარიძე აღარ უნახავს. თავად დეპუტატი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ რაიონის ხელმძღვანელობამ მას სამუშაოდ საჭირო, საოფისე ფართი არ გამოუყო; ლაერტ ზუბადალაშვილი - დედოფლისწყარო. ადგილობრივების ცნობით, არჩევნების შემდეგ ზუბადალაშვილი დედოფლისწყაროში მხოლოდ ერთხელ, ყოფილ პრემიერ - მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იყო; ნუგზარ შოშიაშვილი - სიღნაღი. შოშიაშვილის ნაცვლად, სიღნაღის რაიონში ხანდახან მისი ბიუროს წარმომადგენლები მუშაობენ; პავლე ცაძიკიძე - ახმეტა. ამომრჩევლის ინფორმაციით, ცაძიკიძე ახმეტას იშვიათად სტუმრობს და ისიც ძირითადად საკადრო საკითხებში ჩარევით არის დაკავებული.

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალების“ სიით გასული დეპუტატები არიან: იოსებ კარდენახიშვილი, გურამ კაკალაშვილი, ნუგზარ აბულაშვილი და მარიკა ვერულაშვილი. დეპუტატობასთან ერთად ვერულაშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერიცაა. ოთხწლიანი მოღვაწეობისას არცერთი მათგანი რაიმე ინიციატივით არ გამოსულა, თუმცა ჩვენთან სატელეფონო საუბარში პარლამენტარობაზე უარს არცერთი არ ამბობს.

სამაგიეროდ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალ საპარლამენტო სიაში იქნება ბევრი ცნობილი და ბევრი არაცნობადი სახე. ბურჯანაძის შეფასებით, ამჟამინდელ პარლამენტში, რეალურად საპარლამენტო კუთხით 20% მუშაობდა. „ჩვენ უნდა წავიდეთ პროფესიული პარლამენტისკენ“, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ პარლამენტში კონკრეტული საქმეებია საკეთებელი.

ბურჯანაძის ამ განცხადებიდან გამომდინარე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 12 კახელი დეპუტატიდან პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ ერთს, მარიკა ვერულაშვილს აქვს, ისიც იმიტომ, რომ ვერულაშვილი პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები