კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფულის მახე ინკასატორებისთვის

25 იანვარი, 2008
გორის რამდენიმე სოფელი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას მოითხოვს.  ხალხი ამბობს, რომ იმ მრიცხველების მეშვეობით, რომელიც მათ ამჟამად აქვთ, დანახარჯის დაანგარიშება შეუძლებელია. ამ ფაქტით სარგებლობენ ინკასატორები და მოსახლეობას იმაზე მეტ თანხას ახდევინებენ, ვიდრე რეალურად აქვთ გადასახდელი.

,,ხალხო, ხომ ჭამა უკვე ყინვა, შევიტანოთ სახლებში”, - ასე იხუმრა სოფელ ქვახვრელში ყოფილმა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა იორამმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა მრიცხველები გარეთ გაიტანეს და ბოძებზე გამოკიდეს. დღესაც საცოდავი, საბჭოთა მრიცხველების დანახვაზე ხალხს ეს სიტყვები ახსენდება.

თუკი გარეთ დარჩენილ და დაუბინავებელ მოსავალს ყინვა მოუსწრებს, ის გამოუსადეგარი ხდება. დაახლოებით ამ კონტექსტში იხუმრა მრიცხველებზე  ბატონმა იორამმაც.

,,ყინვანაჭამი“ საბჭოთა მრიცხველებით დღეს ქართული სოფელი იყვლიფება, ყინვაში, თოვლში, ქარში  ბოძებზე გაკრული მრიცხველები მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. როგორ ეკონომიურადაც არ უნდა იხმაროს დენი, საბოლოო ჯამში კილოვატ საათზე მაინც 20 თეთრს იხდის.

თავის დროზე მრიცხველების გარეთ გატანამ ელენერგიის დატაცების ფაქტების შემცირება გამოიწვია, რადგან დენის ქურდს საშუალება აღარ ჰქონდა, მრიცხველის გვერდის ავლით ელექტროენერგია გამოეყენებინა. თუმცა დღეს ეს მეთოდი უკვე მოძველებულია.

გორის რაიონის სოფლების უფლისციხისა და ქვახვრელის მოსახლეობა ,,ადამიანის უფლებთა ცენტრს“ დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. დღეს სოფელში დენის გადასახადთან დაკავშირებით მიღებული სტანდარტები არ ჭრის. განურჩევლად ასაკისა და სქესისა, კვტ სთ-ზე თითოეული მოქალაქე  მინიმუმ 20 თეთრს იხდის.

,,კარგია, რომ 24 საათი დენი გვაქვს, მაგრამ თუ მთელი ჩემი ოჯახის შემოსავალი დენის გადასახადში წავა, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს?!. მთელი თვის განმავლობაში ვცდილობ, დენი ეკონომიურად მოვიხმარო.  შეიძლება მხოლოდ ტელევიზორი და ნათურა მქონდეს ჩართული, მაგრამ  თვის ბოლოს მოდის ინკასატორი და გვეუბნება, კვტ-ზე 20 თეთრი უნდა გადაიხადოო. მომდევნო თვეს ვცდილობ, კიდევ უფრო ნაკლები დენი დავხარჯო და ფულიც დავზოგო, მაგრამ ინკასატორი ახლა 26 თეთრს გვთხოვს. ვერ გავიგე ეს რა სისტემაა?“ -  კითხულობს ვარვარა ბერიკაშვილი.

სისტემა კი ასეთია:  სოფელი დაყოფილია უბნებად. თითოეულ უბანში დაახლოებით 45-60 ოჯახია გაერთიანებული. ამ გაერთიანებას ერთი კომუნალური მრიცხველი გააჩნია, თითოეულ ოჯახს კი შესაბამისად ბოძებზე გაკრული საბჭოთა მრიცხველი, რომელსაც არანარი დამცავი ყუთი არა აქვს.  გარდა ამისა, სოფელში დგას ერთი საერთო კომუნალური მრიცხველიც, რომელთანაც თავის მხრივ საუბნო კომუნალური მრიცხველებია მიერთებული.

,,ყოველი თვის 15 რიცხვში, ჩვენ ჯერ სასოფლო  კომუნალურ მრიცხველს ვნახულობთ, შემდეგ რვავე უბნის კომუნალურ მრიცხველებს. იქიდანაც ვიწერთ მონაცემებს, ვაჯამებთ და საერთო სასოფლო მრიცხველს ვადარებთ. შემდეგ თითოეულ ოჯახში მივდივართ, თითოეულ  ინდივიდუალურ მრიცხველს ვამოწმებთ, ვკრებთ და ჯამს შესაბამის საუბნო მრიცხველს ვადარებთ. ყოველთვის განსხვავებული მონაცემებია. საუბნო მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემი ყოველთვის მეტია იმ მომნაცემების ჯამზე, რომელიც ინდივიდუალურ მრიცხველებზეა დაფიქსირებული. საუბნო მრიცხველების ჯამი კი პირიქით ყოველთვის ნაკლებია სასოფლო მრიცხველზე დაფიქსირებულ მონაცემზე. დანაკლისის ამოვსება გვიწევს იმით, რომ იძულებულები ვხდებით,  მოსახლეობას გადასახადი გაზრდილი ტარიფით გადავახდევინოთ“, - ამბობს სოფლის ინკასატორი ომარ წერუაშვილი.

ელენერგიით მომარაგებელი კომპანიის ,,ენერგო-პროს“ გორის ფილიალში აცხადებენ, რომ  მათთვის მხოლოდ მხოლოდ სასოფლო მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემია საინტერესო. თუ როგორ გადანაწილდება ეს თანხა მოსახლეობაში ეს უკვე თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ,,ენერგო-პროში“  არც იმაზე არიან პასუხისმგებლები თუ რამდენს გადაახდევინებს ხალხს ინკასატორი.  არადა,  ეს უკონტროლო სიტუაცია ინკასატორებს თვითნებობის საშუალებასა აძლევს. ერთ-ერთ უბანზე აღმოჩნდა, რომ სოფელში მიმაგრებულმა ,,ენერგო-პროს“ ინჟინერმა თვითნებურად გამორთო დენი.

ინკასატორი დენის გამორთვის მიზეზად დავალიანებას ასახელებდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუკავშირდა ,,ენერგო-პროს“ მომსახურების ცენტრს და აღმოჩნდა, რომ სოფელს არანაირი დავალიანება არა აქვს. როგორც გაირკვა, ინკასატორმა და ,,ენერგო-პროს“ მომსახურების ერთ-ერთმა ინჟინერმა, ვინმე მერაბ ოქროშიაშვილმა დენი თვითნებურად გამორთეს, რათა მოსახლეობა იძულებული გამხდარიყო, ფული გადაეხადა, რეალურად კი 25-თეთრიანი ტარიფით აკრეფილი თანხა საჭიროზე მეტი იყო.  გაჩნდა ვერსია, რომ ზედმეტ თანხას ინკასატორი და უბანზე მიმაგრებული ინჟინერი ერთმანეთში იყოფდნენ.

მოსახლეობა ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ითხოვს. ახალი მრიცხველის დაყენებას კი დაახლოებით 300 ლარი სჭირდება. ,,ენერგო-პროს“ მომსახურების ცენტრში გვითხრეს, რომ ინდივიდუალური მრიცხველის დასაყენებლად მრიცხველი, თავისი ყუთით, საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინო. ასევე უნდა გაამზადო სახლის პროექტი (რაც 50 ლარი ღირს),  უნდა იყიდო სპეციალური კაბელი და რაც მთავარია, უნდა დაიქირავო ხელოსანი, ეს კი ძვირი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, მცირეშემოსავლიან ოჯახებს ურჩევნიათ, ისევ ზედმეტი 25-30 ლარი გადაიხადონ, მითუმეტეს არავინაა დარწმუნებული, რომ თუნდაც ბინის პროექტის აღება  სოფელში უპრობლემოდ მოხერხდება.

საბა წიწიკაშვილი გორი

ახალი ამბები